თბილისი უჰაერობით იხრჩობა? - კვირის პალიტრა

თბილისი უჰაერობით იხრჩობა?

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება XXI საუკუნეში დიდ პრობლემად იქცა. პრობლემაა. მსოფლიოს დიდი ქალაქების უმეტესობა მრავალი წელია ამ სირთულის წინაშე დგას, თუმცა სახელმწიფოს კოორდინირებული მუშაობითა და სოლიდური თანხების მობილიზებით ბევრმა ქვეყანამ უფრო უსაფრთხო გახადა ქალაქებში ცხოვრება. ექსპერტები საგანგაშოდ მიიჩნევენ თბილისის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას. გარემოს დაცვის სააგენტოც არ უარყოფს, რომ დაბინძურების დონე აღემატება ზღვრულად დასაშვებ ნორმას. გაურკვეველია, სახელმწიფო მალავს ქალაქში შექმნილ მდგომარეობას თუ მოძველებული ტექნიკის გამო ვერ ახერხებს ზუსტი ანალიზის გაკეთებას. პრობლემა უხარისხო საწვავისა და მეორადი ავტომანქანების იმპორტით კიდევ უფრო მწვავდება. თავს იჩენს შიდა პრობლემებიც, როგორიც არის დაუსუფთავებელი ქუჩები და უკონტროლოდ მიმდინარე მშენებლობები.

თამარ მაღლაკელიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: - დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტოტრანსპორტი და უკონტროლო მშენებლობებია. პრობლემაა ისიც, რომ მერიის სამსახური ქუჩებს არ რწყავს. აგვისტოში გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტმა მტვრის კონცენტრაციის განსაზღვრის მიზნით 63 ანალიზი გააკეთა, აქედან 45 შემთხვევაში მტვერი მეტი იყო ნორმაზე. მტვრის მაქსიმალური კონცენტრაცია ზღვრულად დასაშვებ ნორმას 2,6-ჯერ აღემატებოდა, ნახშირჟანგის მაქსიმალური კონცენტრაცია კი მხოლოდ 2 შემთხვევაში აღემატებოდა ნორმას.

- ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალაქში საგანგაშო მდგომარეობაა?

- საგანგაშო მაშინ იქნება, თუ ზღვრულად დასაშვებზე 5-ჯერ მეტი დაბინძურება დაფიქსირდება. თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობა ნორმალური არ არის, მაგრამ საგანგაშო ჯერჯერობით არ არის.

- როგორც სამინისტროში მითხრეს,  თანამედროვედ აღჭურვილი მხოლოდ ერთი ავტომატური სადგური გაქვთ, დანარჩენი  მოძველებულია. რატომ გამორიცხავთ, რომ სხვა ნივთიერებებიც არ გამოიყოფა, რომლის გაზომვასაც ვერ ახერხებთ?

- გეთანხმებით. იმედია, შევცვლით ავტომატურ სადგურებს, რაც მოგვცემს საშუალებას, განვსაზღვროთ მეტი დამაბინძურებელი ინგრედიენტი და მივიღოთ დედაქალაქის ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების რეალური სურათი.

ინგა ღვინერია, ჯანდაცვის ექსპერტ-ტოქსიკოლოგი: -  დედაქალაქში ქრონიკულად დაბინძურებული ჰაერია. შედარებით სუფთა უბნებშიც კი არასახარბიელო მდგომარეობაა, რაც უშედეგოდ არ ჩაივლის.

- გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი ზღვრულად დასაშვებზე 2,6-ჯერ მეტ მაჩვენებელს საგანგაშოდ არ მიიჩნევს.

- თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ არ აღემატება ათჯერ და ოცჯერ დასაშვებ ზღვარს. ამბობენ, მაჩვენებლები საგანგაშო არ არისო, აბა, გაეცნონ სტატისტიკას, დაესწრონ ონკოლოგების კონფერენციებს და მერე თქვან, არის თუ არა თბილისში დაბინძურებული ჰაერი, ნახონ, როგორ გახშირდა ბავშვებში ალერგია და რესპირატორული დაავადებები. მავნე ნივთიერებების შესუნთქვას უეცარი ეფექტი არ ახლავს, მაგრამ განსაზღვრული ხნის შემდეგ სერიოზული პრობლემები იჩენს თავს. საშიშია ბავშვების მდგომარეობა, რომელთა ორგანიზმშიც ყველაზე მეტი რაოდენობით ხვდება მტვერი, რადგან მიწასთან ახლოს არიან. თბილისში ცხოვრება ასევე რთულია ქრონიკული ავადმყოფებისთვის.

გია გაჩეჩილაძე, პარლამენტის წევრი: როგორ ამბობენ, დაახლოებით 300 ათასი ავტომანქანა დადის თბილისში. უმრავლესობა მოძველებულია და გამონაბოლქვის დამცავი კატალიზატორები გამოცლილი აქვს. უგულავას ხელშეწყობით თბილისის მერიამ მწვანე ნარგავებიც გაანადგურა, რაც ყველაზე მეტად იცავდა ქალაქს დაბინძურებისგან. საგანგაშოა საწვავის ხარისხი, რომელიც ეთილიზებულია და აზერბაიჯანიდან შემოდის. სწორედ ამის გამო შეუძლებელია თბილისის ატმოსფეროში ტოქსიკური ნივთიერება, კერძოდ, ტყვია არ იყოს დიდი რაოდენობით. ამას დაუმატეთ ბევრი სხვა მავნე ნივთიერებაც...

- გარემოს დაცვის სააგენტო საგანგაშოდ არ მიიჩნევს მტვრის კონცენტრაციის დასაშვებ ზღვარზე 2,6-ჯერ მეტ მაჩვენებელს. ასევე სხვა ნივთიერებებს, რომლებიც დასაშვებ ზღვარს აღემატება.

- თავად ტერმინი "ზღვრულად დასაშვები" გვეუბნება, რომ ამის ზევით დაბინძურება მავნეა ჯანმრთელობისთვის. მნიშვნელობა აღარ აქვს, რამდენია ზღვრულს ზევით გადაჭარბება...

- აკეთებს თუ არა რამეს სახელმწიფო ამ პრობლემის მოსაგვარებლად და რატომ არ ითხოვთ კოორდინირებულ მუშაობას ჯანდაცვის სამინისტროსთან?

- კოორდინირებული მუშაობა რომ იყოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, შედეგი რა იქნება? ტრანსპორტის რაოდენობა შემცირდება თუ საწვავის ხარისხი გაიზრდება? საკითხი ასე არ უნდა დავსვათ. კომპლექსური მუშაობაა საჭირო და მთავრობის უმაღლეს სხდომაზე უნდა განიხილონ ეს საკითხი. ამ საქმეში ყველა სახელმწიფო სტრუქტურა უნდა ჩაერთოს.

ნოე მეგრელიშვილი, ატმოსფერული ჰაერის დაცვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი: - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით 2013 წლის აპრილში შეიქმნა უწყებათშორისი კომისია. უკვე არსებობს პროგრამა ამ პრობლემასთან საბრძოლველად, რომელიც მოიცავს ავტოტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების აღდგენას. საჭიროა ავტოპარკის განახლებაც და ახალი ავტომობილების იმპორტის წახალისება. ძველი მანქანების იმპორტი ერთ-ერთი მიზეზია ატმოსფერული დაბინძურებისა. აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს საწვავის ხარისხიც. როგორც კვლევები ადასტურებს, რაც შემოდის, ბევრ მავნე ნივთიერებას შეიცავს.

- რა ბედი ელის იმ ავტომანქანებს, რომლებიც ტექდათვალიერების შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს ვერ უპასუხებენ?

- ტექდათვალიერების აღდგენის ინიციატორი ეკონომიკის სამინისტრო იყო. როგორც ევროდირექტივაშია მითითებული, საჭიროა ასაკის მიხედვით ავტომანქანების დახარისხება. ეს საკითხი რთულად მოსაგვარებელია და დაფიქრება სჭირდება.

- თქვენ ახსენეთ იმპორტის წახალისება, რა იგულისხმეთ, რის გაკეთებას გეგმავს სახელმწიფო?

- უნდა შემცირდეს საბაჟო გადასახადი, რაც ავტომანქანის იმპორტიორს საშუალებას მისცემს, უფრო ახალი და სუფთა ავტომანქანები შემოიყვანოს.

უტა ბიწაძე