"ამ საქმეს იძიებენ, მაგრამ ჩვენ რა? მერიაში ისევ მაფია პარპაშებს" - კვირის პალიტრა

"ამ საქმეს იძიებენ, მაგრამ ჩვენ რა? მერიაში ისევ მაფია პარპაშებს"

"ისეთი ფასადი სჭირდებოდათ, რომელიც მხოლოდ ტურისტს დატოვებდა კმაყოფილს..."

"შეწუხებული ტურისტები ხშირად მობინადრეთა ტუალეტებში ითხოვენ შესვლას"

"დაჭერით დამემუქრნენ. ეს მიშას დროს ხდებოდა და თავს ზემოთ ძალა არ იყო"

აბანოთუბანში, ბოტანიკურის ქუჩის #36-ში მცხოვრები მოქალაქეები შიშობენ, რომ ძლიერი ქარი მალე მათი სახლის სახურავს ავლაბარში წააფრიალებს, ფარღალალა კედლებს ლეღვთახევში გადაყრის და თუ დამრეც იატაკზე ფეხის მოკიდება ვერ მოახერხეს, ხევში ადამიანებსაც გაიყოლებს. ამ სახლში წვიმა ფანჯრის ღრიჭოებში ასხამს და კედლებს ალპობს. სახლის ფასადზეც უკვე აცვენილა საღებავი და გამობერილა კედელი.

როგორც მობინადრეები ამბობენ, მდგომარეობა ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტის დასრულების შემდეგ დამძიმდა. ლევან გაბრიელიანის სახლის ჭერზე ჯერაც ჩანს რეაბილიტაციისას მიყენებული ზარალის კვალი.

ლევან გაბრიელიანი: "ვისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? ეტყობა, ისეთი ფასადი სჭირდებოდათ, რომელიც მხოლოდ ტურისტს დატოვებდა კმაყოფილს... სახლს გადახადეს ძველი სახურავი, რომელიც წყალს არ აპარებდა, მასალა სადღაც გააქანეს და მუშებიც სამი კვირით გაქრნენ. ამასობაში წვიმამ ყველაფერი დაალპო. როდესაც მოვიკითხეთ, სახლს რატომ არ ხურავდნენ, გვიპასუხეს, ჯერ ახალი მასალა არ გვაქვსო.

აბა, ძველს რატომ ხსნიდით-მეთქი? მადლობელი იყავით, რომ სახლს გიკეთებთო, გვპასუხობდნენ ცინიკურად. ლაპარაკი ზედმეტია სამშენებლო სტანდარტსა და ადამიანების უსაფრთხოებაზე. ლეღვთახევის მხარეს ფანჯრები იმდენად დაბლაა და იატაკიც ისეა დაქანებული, თუ რაფას მიეყუდე, ხევში გადაეშვები.

ასე რატომ დააგეთ იატაკი-მეთქი? თუ სახლში წყალი შემოვა, დაბლა რომ არ ჩავიდეს, ოთახში არ დადგეს და ხევისკენ გადაიღვაროსო. ჭკუათამყოფელი გიპასუხებს ამას?"

თამარ ლომიძე: "ყველა შემოგვნატრის, რა საოცარ ადგილზე ცხოვრობთ, რა ლამაზი ხედები გაქვთო. არადა, ისინი ვერ ამჩნევენ უზარმაზარ ღრიჭოებს კედლებში, ფანჯრებში, მორყეულ და თავიდან დასაგებ იატაკს, ჭერს, რომელიც უკვე იბზარება. ქარი გვიბერავს ყველა მხრიდან და გათბობას რომ ვრთავთ, სითბო ქუჩაში გადის. აღარაფერს ვამბობ, სადარბაზოს კიბეზე, რომელიც ისე აამაღლეს, რომ თუ წელში არ მოიხარე, ჭერს მიასკდები და შინ თავგაჩეხილი ახვალ".

ძველი იარაღის ცნობილ რესტავრატორს თეიმურაზ ჯალაღონიას ფანჯრებიდან და კედლებიდან შემოვარდნილი ქარისგან თავდასაცავად მთელ სიგრძეზე სქელი ფარდაგები აუფარებია, მაგრამ იატაკს ვერაფერს უხერხებს, ფიცრებს შორის გაჩენილ ღრიჭოებში თითი ეტევა. "უგულავა და მისი ხალხი ასეთ რემონტს გააკეთებდნენ საკუთარ სახლებში?" - მეკითხება თეიმურაზ ჯალაღონია.

თეიმურაზჯალაღონია: "უნდა მოიწვიონ უცხოელი ექსპერტები და ანახონ, როგორ შეიძლება ფეხებზე დაიკიდო ადამიანების უსაფრთხოება და გადახურვისას ეკონომიის მიზნით ათის ნაცვლად ხუთი საყრდენი კოჭი დაუყენო სახურავს. მათი "ნოვატორული ხელოსნობა" მარტივად, უვიცობით აიხსნება. მოიტანეს სველი მასალები. უკვე დაგებული გამოშრა და შევიწროვდა. შედეგად მივიღეთ ფარღალალა კედლები, ღრიჭოებიანი ფანჯრები და პირდაღებული იატაკი".

ლევან გაბრიელიანი: "სახლის და ქუჩის რეაბილიტაციაზე უზარმაზარი თანხა მოტეხეს. ამ საქმეს იძიებენ, მაგრამ ჩვენ რა? მერიაში ისევ მაფია პარპაშებს".

ფიზულა ისპაჰანლი #36-ის წინ, პატარა ლამაზ სახლში ცხოვრობს. ის აქ დაიბადა, როგორც მისი პაპა, რომელიც საქართველოს დამსახურებული არტისტი იყო. წინათ სახლი ძველი, მაგრამ უფრო დიდი იყო, ორსართულიანი, რეაბილიტაციის შემდეგ კი გამოუცხადეს, მხოლოდ ერთ სართულს დასჯერდიო.

ფიზულა ისპაჰანლი: "ორსართულიანი სახლი მეკუთვნოდა, მაგრამ გადამაგდეს, ისევე, როგორც მომატყუეს, რომ სახლის შიდა რემონტსაც გამიკეთებდნენ. ხელშეკრულება არ გამიფორმეს. რა, სიტყვაზე არ გვენდობიო? როდესაც პროტესტი განვაცხადე, მერიის ხალხი დაჭერით დამემუქრა. ეს მიშას დროს ხდებოდა და თავს ზემოთ ძალა არ იყო, გავჩუმდი".

ქუჩაზე, სადაც ყოველდღე 500-ზე ნაკლები ტურისტი არ ამოდის, ერთი ბიო-ტუალეტიც არ დგას. შეწუხებული ტურისტები ხშირად მობინადრეთა ტუალეტებში ითხოვენ შესვლას.

ხის კიბის მორყეულ საფეხურებსა და მოაჯირს ქუჩაში გამოვყავარ, სადაც ალაგ-ალაგ ქვაფენილი ჩაზნექილა ან ამოყრილა. არადა, ეს გზა ორჯერ დააგეს, შარშან(!).