უკანასკნელი მეფაეტონეები - კვირის პალიტრა

უკანასკნელი მეფაეტონეები

სიკვდილს ფაეტონთან გადაღებულმა ფოტომ გადაარჩინა!..

XlX საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისშიც ცხენის სამგზავრო ტრანსპორტის მრავალი სახეობა არსებობდა. ზოგადად ყველას ეტლი ერქვა, თუმცა მათ შორის დიდი სხვაობა იყო დანიშნულების, ტევადობის და ცხენების რაოდენობის მიხედვით. დახვეწილობით ფაეტონი გამოირჩეოდა. შემორჩენილია ცნობილი მეეტლეების, ანუ მეფაეტონეების სახელებიც. კარგი მეტყველება, მოხდენილი სიტყვა-პასუხი, გამართული ეტლი - ხელს უწყობდა მეეტლის სახელის მოხვეჭას.

გავიხსენოთ ლეგენდარული ბაღჩო და გიორგი ქურდიანი -  უკანასკნელი თბილისელი მეფაეტონეები.

მწერალი ნოდარ ებრალიძე იხსენებს იმ პერიოდს და იმ დროის მეეტლეებს: "ფაეტონი, მიუხედავად მისი დიდი პოპულარობისა, არც ისე იაფი სიამოვნება გახლდათ. პირადად მე თბილისში ფაეტონში არც ვმჯდარვარ. ჩვენი უბანი, "იარმურკა" (კოლმეურნეობის, ამჟამად ორბელიანის მოედანი), დიდი სატრამვაო კვანძი იყო: აქედან გადიოდა მარშრუტები ვაკეში, სადგურზე, "დინამოს"“სტადიონზე, დიდუბეში, ნაძალადევში, ავლაბარში, ორთაჭალაში, სოლოლაკსა და მთაწმინდაზე, გაღმა-ჩუღურეთში და კუკიაზე.

წასვლა ქვეითადაც არ გვეძრახებოდა. ომის დროს სანაპიროზე ტრანსპორტის არარსებობის გამო, "დროშკების" მოდერნიზებული სახეობა "ლინეიკები" და რამდენადმე უფრო ძვირი ტრანსპორტი - ფაეტონი დადიოდა (მარშრუტი მთავრდებოდა "შავ ბაზართან", სადაც ახლა სპორტის სასახლეა)... ჩემი ნაცნობი კუკიელი ბიჭი ძველ მეეტლეს, ბაღჩოს ეხმარებოდა. ბაღჩოს ომის კვალობაზე კარგად მოვლილი ცხენები ჰყავდა. გოლიათი ვაჟკაცი იყო (ცირკში ფრანგული ჭიდაობის იმდროინდელ მონაწილეთაგან ერთი-ორი მძიმეწონიანი ათლეტი თუ შეედრებოდა)... გაბედული ბიჭები უკან ეკიდებოდნენ მორონინე ეკიპაჟს. გამოცდილი მეეტლეები წინდაწინ ხვდებოდნენ, რომელი ბიჭი გაბედავდა ფაეტონზე შემოხტომას და შოლტის ტარის დაქნევით ტუქსავდნენ, უკანაც მოუშხუილებდნენ ხოლმე. თასმა ზუსტად იქ მოადენდა სხაპანს, სადაც დაუპატიჟებელი მგზავრის თავ-კისერი ან მხრები უნდა დახვედროდა..."

ცხენმა გადაგვარჩინა

გიორგი (ჟორა) ქურდიანის ვაჟი ასე იხსენებს მამამისს: "მამამ 50-იან წლებში ერთი გენერლისგან საოცარი ცხენი იყიდა - მუსიკის ხმაზე ცეკვავდა. თელავში ამერიკულ ჯიპში უცვლიდნენ, მაგრამ უარი თქვა... ერთ დღეს გომბორის გზით თბილისში მოვდიოდით. ყველას ჩაგვეძინა. ერთ საშიშ ადგილზე ეტლმა კუდი მოიქნია და ხრამში უნდა გადაჩეხილიყო. ამ ცხენმა, რომელიც თოკით იყო მობმული და ეტლს მოჰყვებოდა, თოკით დაიჭირა ეტლი. ჭიხვინი ატეხა და გადაგვარჩინა.

1960 წელს თბილისში აიკრძალა საცხენოსნო ტრანსპორტი, მამაჩემი იძულებული გახდა, რესტორან "არაგვის" მოწვევა მიეღო და იქ არღანზე დაეკრა.

ერთ საღამოს ეზოში ერთ ნაქეიფარს უთქვამს, - აი, შენ ხუთი თუმანი, ხეზე ადი და დაუკარიო. მამაჩემს არღანი ჩამოუღია მხრიდან - შვილო, ეს არღანი 5.000 მანეთი ღირს, ადი, დაუკარი და შენი იყოს, შენი პატრონი დედაცო...“სტუმარი მიმხვდარა, რომ ჩაიჭრა, მოუბოდიშებია და მკერდზე უკოცნია...

1941 წელს მამა კინოსტუდიაში მიუწვევიათ ("ქეთო და კოტეს" იღებდნენ). მას შემდეგ ქართულ ფილმებში 80-იან წლებამდე, სადაც კი ფაეტონი იყო საჭირო, ყველგან მამა და მისი ფაეტონია გადაღებული. ჩვენი ბოლო ფაეტონი კინოსტუდიამ იყიდა. მერე კინორეჟისორ თემურ ბაბლუანთან ინახებოდა.

მამაჩემის პაპა იაგორაც ცნობილი მეეტლე იყო... მამა თბილისში ყველას უყვარდა. ლეგენდარულ მსახიობებს - გიორგი შავგულიძეს, ვასო გოძიაშვილს, აკაკი ხორავას ხშირად უქეიფიათ ჩვენს ოჯახში.

1983 წელს გარდაიცვალა"...

"ამათ "გუდოკზე" ვერ ვიმუშავებ"

აი, რას იხსენებს ბაღჩოს შვილი: "მამა 16 წლის იყო, ფაეტონი და 2 ცხენი რომ იყიდა. გალაკტიონ ტაბიძე და კოტე მარჯანიშვილი მისი მუდმივი კლიენტები იყვნენ. ჰყავდა მოჯამაგირე, რომელიც თავლაში ცხენებს უვლიდა. მამა დილით ფაეტონს რომ წაიყვანდა, შინ შუადღისას მოვიდოდა, ისადილებდა. მოჯამაგირე ცხენებს შეუცვლიდა და საღამომდე მუშაობდა. ძალიან ხშირად, საღამოობით, ფაეტონში მეგობრებს ჩაისვამდა და საქეიფოდ გასწევდა. მოსული ვაჟკაცი იყო, ყველა ერიდებოდა მასთან ჩხუბს. ყველაზე მეტად ღვინო, დუდუკი, ქალები და... ცხენები უყვარდა.

1960 წლის 15 მაისს მის ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი ამბავი მოხდა: სასიხარულო - შვილიშვილი ზურაბი შეეძინა და სამწუხარო - თბილისში  ცხენებით მოძრაობა აკრძალეს. მას კი უცხენოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინა. 16 წლიდან 60 წლამდე ამ საქმეს ემსახურებოდა.

სოფელში წავიდა. ცოლისძმამ მეტეხის აგურის ქარხანაში მოაწყო. მაშინ სამუშაოს დაწყებას ქარხნის საყვირი იუწყებოდა. ორი დღის შემდეგ ბაღჩომ თქვა, - ამათ "გუდოკზე" ვერ ვიმუშავებო, ააწყო "ლინეიკა" და მგზავრების გადაყვანა დაიწყო.

მამა 1973 წელს გარდაიცვალა".

ომის ისტორია

სამამულო ომში, ქერჩთან, უამრავი ქართველი დაიღუპა. ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ, დაჭრილ-დახოცილ ქართველებს რამდენიმე გერმანელი ჯარისკაცი ათვალიერებდა. გივი მამასახლისმა კონტუზია მიიღო, იცოდა, ვეღარ შეძლებდა გაქცევას და სიკვდილის მოლოდინში გაირინდა, მერე როგორღაც უბიდან სამ პატარა ქალიშვილთან ერთად თავის ფაეტონზე გადაღებული ფოტო ამოიღო და გულზე მიიკრა. ახლა სიკვდილიც შეიძლებაო, გაიფიქრა, რომ თავზე გერმანელი  დაადგა. ჯარისკაცმა ფოტო გამოჰგლიჯა, კარგა ხანს დასჩერებოდა, შემდეგ დიდხანს აფათურა ხელი ჯიბეში და ფოტო ამოაცურა - სურათზე ფაეტონთან სამ გოგონასთან ერთად იდგა. ცოტა ხანს უყურა ორივე ფოტოს, მერე დაჭრილს დასწვდა, ზურგზე მოიგდო და მახლობლად ნახევრად დანგრეულ საბძელში თივაზე მიასვენა, ჩანთიდან შოკოლადის ფილა და პური ამოიღო, გვერდზე დაუდო და წავიდა...

კობა ბრეგვაძე