როგორ დაასაჭურისეს თბილისის საკრებულო - კვირის პალიტრა

როგორ დაასაჭურისეს თბილისის საკრებულო

პარლამენტი თბილისის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. ამ ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის მერს თანამდებობის პირების დასანიშნად საკრებულოს თანხმობა დასჭირდება. ლაპარაკია ვიცე-მერების, საქალაქო სამსახურების უფროსების, გამგებლების, ადმინისტრაციის უფროსის მოხსნა-დანიშვნაზე, რაც დღეს  მერის პრეროგატივაა. არადა, 2004 წლამდე ყველა ეს უფლება საკრებულოს ჰქონდა, რომელიც ნელ-ნელა ჩამოართვეს და ქალაქის თავიც თბილისის ერთპიროვენული და ხელშეუხებელი მმართველი გახდა.

ჯაბა სამუშია, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე: - არსებული კანონმდებლობით, ყველა თანამდებობის პირს ქალაქის მთავრობაში მერი ამტკიცებს. კანონში ცვლილებების შეტანა 2004 წლიდან დაიწყო და 2008 წლამდე ყველაფერი გააკეთეს საკრებულოს უფლებების გასანახევრებლად. ეს იყო "ნაცმოძრაობის" შიგნით მიმდინარე პოლიტიკური დაპირისპირების კლასიკური ნიმუში. არსებობდა ორი პოლიტიკური პოლუსი - სააკაშვილი და უგულავა. სააკაშვილს ეშინოდა, რომ უგულავას არ დაეწყო დამოუკიდებელი თამაში და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის არ გადაედგა ნაბიჯი პრეზიდენტობისკენ. ამიტომ, უგულავას დავესესხები და - სააკაშვილს მისთვის კოჭი უნდა გაეგორებინა.

სწორედ ამიტომ შექმნეს თბილისის შესახებ დამახინჯებული კანონი, რომლის მსგავსიც მსოფლიოში ძნელად თუ მოიძებნება, სამაგიეროდ, მერს აძლევს ქალაქზე ბატონობის სრულ მონოპოლიას. ამ კანონის თანახმად, საკრებულოს ფუნქციებში შედის მხოლოდ შიდა საკითხების გადაწყვეტა: დებულების დამტკიცება, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა, დებულებებში ცვლილებების შეტანა; ერთადერთი სერიოზული ფუნქცია, რაც საკრებულოს შერჩა, თბილისის ბიუჯეტის მიღებაა, მაგრამ ესეც მერის წარდგინებით ხდება. და ეს მაშინ, როცა მერი ერთპიროვნულად ნიშნავს და ათავისუფლებს ყველა თანამდებობის პირს ქალაქის მმართველობის სრულ სახელისუფლებო ვერტიკალზე. მათ შორის მერის პირველ მოადგილეებს, ადმინისტრაციის უფროსს, საქალაქო სამსახურების უფროსებს, თბილისის რაიონის გამგებლებს და სხვ. ამ კანონში მარტოდენ დამლაგებლებსა და დარაჯებზე არ წერია არაფერი. თბილისის საკრებულოსა და მერიას შორის თანამშრომლობაზე კანონში წერია, რომ ამის გაკეთება საკრებულოს მხოლოდ მერის წარდგინებით შეუძლია. ანუ მერის გარეშე საკრებულო ერთ დოკუმენტსაც ვერ მიიღებს. ამ ცვლილებებით, ფაქტობრივად, დაასაჭურისეს საკრებულო. ორი კვირის წინ თბილისის მერი მოვიწვიეთ საკრებულოს სხდომაზე და არ მოვიდა.

3 წელი და 6 თვეა, რაც ეს საკრებულო მუშაობს და გიგი უგულავა მხოლოდ ერთხელ იყო. არსებული კანონით საკრებულოს მერის იმპიჩმენტის უფლება არ აქვს. სხვათა შორის, მერის იმპიჩმენტი არც პარლამეტში წარდგენილ კანონპროექტის რედაქციაშია გათვალისწინებული. ეს ის ერთადერთი საკითხია, რაშიც ამ კანონპროექტის ავტორებს, ირაკლი ტრიპოლსკისა და გია ჟორჟოლიანს არ ვეთანხმები და მიმაჩნია, რომ თბილისის კანონმდებლობა მერის იმპიჩმენტს უნდა ითვალისწინებდეს! როცა ქვეყნის კონსტიტუცია ითვალისწინებს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, როცა გათვალსწინებულია მინისტრებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხი და ქალაქის მერი სრული ხელშეუხებლობით სარგებლობს, ეს სრული აბსურდია. მეტსაც გეტყვით, შესაძლოა შეიქმნას კურიოზული ვითარება.

მოგეხსენებათ, ბატონი უგულავას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სასამართლოს მისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით დროებით პატიმრობა რომ მიესაჯა, საპატიმროშიც კი შეეძლო, შეენარჩუნებინა ქალაქის მერის თანამდებობა. კანონში მერის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, დღეს თბილისის ბიუჯეტიდან ამდენი თანხაარ იქნებოდა მოპარული. ბევრი კრიმინალური სქემა იშიფრება, კონკრეტული ფაქტები არსებობს თბილისის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯებთან დაკავშირებით და პროკურატურა უნდა დაინტერესდეს. ექსკლუზიურად მინდა გითხრათ, რომ ამჟამად თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისია შესულია მერიის რამდენიმე სამსახურში და მათ მუშაობას სწავლობს. უახლოეს მომავალში შესაბამისი დასკვნების გამოქვეყნების შემდეგ დადგება არა მხოლოდ მერის, არამედ მერიის სხვადასხვა თანამდებობის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.

იხილეთ გადაცემა "ემას შოუ"