"ნახეთ, რა მდგომარეობაა, მთელი თბილისი საცობშია გაჭედილი" - კვირის პალიტრა

"ნახეთ, რა მდგომარეობაა, მთელი თბილისი საცობშია გაჭედილი"

"წარსულში 26 მაისის სახელობის მოედანი, ჯერ "სითი პარკის", შემდეგ კი სასტუმროს "სტაიანკად" იქცა. შედეგად, დავკარგეთ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიული კვანძი"

სამწუხაროდ, ბოლო წლების დაკვირვების შედეგად იმედი დავკარგე, რომ ოდესმე თბილისში ავტოსატრანსპორტო მოძრაობა მოწესრიგდება. ჩვენს ქალაქში მძღოლიც და ფეხით მოსიარულეც უწესოდ მოძრაობს. მოქალაქეები გადადიან ყველგან, სადაც მოესურვებათ. ჩვენ ხომ ქართველები ვართ, მაშასადამე, ყველაზე მაგრებიც, ესე იგი, გადავასწრებთ!.. სამწუხაროდ, ასე მოფიქრალი ზოგჯერ ფიქრის დასრულებასაც ვერ ასწრებს... ჩვენ ვართ თვითმკვლელი ერი, არაფრად გვიღირს არც ჩვენი და არც სხვისი სიცოცხლე, სულერთია, საჭესთან ვსხედვართ თუ ფეხით ვკვეთთ გზას შუქნიშნის, "ზებრის", მიწისქვეშა გადასასვლელის ან ხიდის გვერდის ავლით.

კატასტროფული სიტუაციაა ავტობუსის გაჩერებებზე, სადაც შუქნიშანი არ დგას. ასეა, მაგალითად, პეკინის ქუჩაზე, სასტუმრო "ჰოლიდეი ინთან" (ყოფილ "აჭარასთან"), სადაც ოდითგანვე იყო ავტობუსის გაჩერებაც და შუქნიშანიც, რომელიც თავის დროზე სასტუმროს რეკონსტრუქციასა და რემონტს შეეწირა. მაშინ ამბობდნენ, რომ ასე მოქალაქეები დაცული იქნებოდნენ - სამშენებლო მასალები თავში არ დაეცემოდათ. სამწუხაროდ, აგურით სიკვდილს გადარჩენილ თბილისელებს ახლა ავტოკატასტროფაში მოხვედრის საფრთხე დაემუქრათ. ამ ადგილზე მომხდარი ავტოავარიების სტატისტიკა სიმშვიდეს უნდა უკარგავდეს შესაბამის სამსახურებს.

რობერტ იანტბელიძე, ავტოექსპერტი:

- თბილისში ასობით შუქნიშანი უფუნქციოდ დგას და მოძრაობის მოწესრიგების ნაცვლად მოძრაობის წესებს არღვევს. ამის მიზეზი არის ის, რომ შუქნიშნები და მოძრაობის მარეგულირებელი ნიშნები განთავსებულია არა საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, არამედ მერიის კეთილმოწყობის სამსახურის გადაწყვეტილებით, რომელიც სატრანსპორტო ნაკადისა და ფეხით მოსიარულეთა რაოდენობის გაუთვალისწინებლად, სარივით არჭობს შუქნიშნებს იქ, სადაც სულაც არ არის საჭირო, იქ კი, სადაც აუცილებელია, ქვეითად მოსიარულეთათვის გადასასვლელები არ არის. მაგალითად, კაზინო "აჭარასა" და დანიურ სახლს შორის, გადაკვეთაზე, დახაზულია "ზებრა" და როდესაც ფეხით გადადიხარ, ამ დროს სააკაძის მოედნიდან მომავალ ტრანსპორტს უნდა მოერიდო, რადგან მისი გზაც არის, მაგრამ ის "ზებრას" არ ცნობს, ან არ ჩერდება, რადგან უკან სხვა მანქანები მოადგებიან და საცობი შეიქმნება. ნახეთ, რა ხდება, მთელ თბილისში კატასტროფული სიტუაციაა წარმოუდგენელი საცობების გამო. მძღოლები საათობით დგანან გადაჭედილ გზებზე...

პიკის საათებში ხომ, საერთოდ... უმძიმესი მდგომარეობაა სასტუმრო "ჰოლიდეი ინის" პეკინის ქუჩის მხარესაც, სადაც დატოვეს ავტობუსის გაჩერება, მაგრამ გააუქმეს შუქნიშანი და სასტუმროს წინ მდებარე, წარსულში 26 მაისის სახელობის მოედანი, რომელიც თურმე მაღალსართულიანი შენობის ასაშენებლად გაიყიდა, ჯერ "სითი პარკის", შემდეგ კი სასტუმროს "სტაიანკად" იქცა. შედეგად, დავკარგეთ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო არტერიული კვანძი, რომელიც ეფექტურად არეგულირებდა მოძრაობის წესებს. მაგალითად, გმირთა მოედნიდან დოლიძის ქუჩაზე ასასვლელად არ გვჭირდებოდა "ზესტაფონში" ჩასვლა, ანუ შორს წასვლა და წრის შემოვლა. ვფიქრობ, სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, ვისიც უნდა იყოს ეგ მოედანი, მას უნდა დაუბრუნდეს ძველი ფუნქცია, რომლის წართმევის გამოც მთელი საბურთალო პარალიზებულია. ამასთან, უნდა აღდგეს შუქნიშანი სასტუმროსთან, რომ მოქალაქეებს თავისუფლად შეეძლოთ გადასვლა.

მერიის კეთილმოწყობის სამსახური უკვეთს რაც შეიძლება მეტ საგზაო ნიშანს და შუქნიშანს, რათა უფრო მეტი ფული "გააკეთოს", მაგრამ არ ანაღვლებს, როგორ უნდა დაიდგას ისინი. ავარიები მხოლოდ სტატისტიკაა, ცარიელი ციფრი, სამწუხაროდ, საპატრულო პოლიცია მხოლოდ დასახიჩრებულებსა და გარდაცვლილებს ითვლის და არავინ იკვლევს, არის თუ არა ავარიების მიზეზი საგზაო ნიშნებისა თუ შუქნიშნების არარსებობა ან არასწორი განლაგება.

თბილისში შუქნიშნები ყველგან ერთი ციკლით არის დაპროგრამებული, რომელიც ზოგან ამართლებს, ზოგან - არა. ხალხი კი გზებზე ალალბედზე გადადის.