"იუსტიციის სახლი ფაქტობრივად, ხელახლაა გასამაგრებელი" - კვირის პალიტრა

"იუსტიციის სახლი ფაქტობრივად, ხელახლაა გასამაგრებელი"

"კაცთმოყვარე ადამიანი ხელს მოაწერდა ასეთ პროექტებს?"

3 დეკემბერს ძლიერმა ქარმა თბილისში იუსტიციის სახლის სახურავი დააზიანა. სტიქიამ ფურცლებივით ააფრიალა შესაფუთი მასალის ნაწილი. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელი დიზაინერის მასიმილიანო ფუკსას პროექტით აგებული შენობის გადახურვას მისივე თანამემამულე, მშენებელი მატია სტეფანელი ხელმძღვანელობდა. სტეფანელი თბილისში შენობის დაზიანებისთანავე ჩამოვიდა... ამ ეტაპზე სხვა დაზიანებები არ ჩანს, თუმცა ნაგებობის საფუძვლიანი შესწავლაა საჭირო. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, სტეფანელი ქართველ ექსპერტებს არ ენდობა და საქმეში უცხოელების ჩართვას ითხოვს.

ქართველი ექსპერტების აზრით, ორიგინალური პროექტის იუსტიციის სახლი, ისევე, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დროს აგებული ბევრი შენობა, ფაქტობრივად, ხელახლაა გასამაგრებელი. ინჟინერ-მშენებელმა კონსტრუქტორმა ჯონი გიგინეიშვილმა სწორედ უხარისხო დაპროექტების და მშენებლობის გამო აკრძალა იუსტიციის სახლის მიწისქვეშა ავტოსადგომის გამოყენება...

ჯონი გიგინეიშვილი: "მადლობა ღმერთს, რომ უფრო მძიმე შედეგი არ მივიღეთ. თავის დროზე მაინტერესებდა და გადახურვის პროცესს ვესწრებოდი. სახურავად გამოყენებულია მრავალშრიანი ფანერა, რომელსაც ზემოდან სამ-ოთხ ნაწილად აქვს გადაკრული ქსოვილი. საკმაოდ მზიდი და მისაღები კონსტრუქციაა. როგორც ჩანს, მონტაჟის დროს სწორად ვერ გათვალეს რაღაც. საფუძვლიანი შემოწმება აუცილებელია. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხვალ და ზეგ ეს შენობა უსაფრთხო იქნება. ძალიან რთული საინჟინრო ნაგებობაა, რომელსაც მუდმივი ყურადღება სჭირდება. ამ ეტაპზე გამოუსწორებელი შედეგი არ ჩანს... ჭერი იტალიელებმა შეფუთეს, მაგრამ არ სურთ, საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა. აუცილებლად უნდა დადგინდეს, ვისი ბრალია იუსტიციის სახლის დაზიანება".

უკვე რამდენიმე წელია, ქვეყანაში აღარ არსებობს მშენებლობის პროექტების სახელმწიფო ექსპერტიზის სამმართველო, რომელიც დეტალურად შეისწავლიდა პროექტების კონსტრუქციულ ნაწილს.  ეს სამსახური თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტს შეეწირა. ექსპერტები ინვესტორის შემოთავაზებული პროექტის წინააღმდეგი იყვნენ, რადგან გათვლილი არ იყო აეროპორტის ტერიტორიაზე ქარის სიჩქარე და სხვა უმნიშვნელოვანესი ფაქტორები. პროექტის ორჯერ დაწუნების შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ იოლი გამოსავალი მოძებნა - გააუქმა ექსპერტიზის სამმართველო. შემდეგ კი ყველას კარგად ახსოვს, რაც დაემართა აეროპორტს - შენობის სახურავი პირველივე ძლიერმა ქარმა ააფრიალა, ძლიერი წვიმის დროს კი წყალმა რამდენიმე ადგილზე იპოვა ხვრელი.

ომარ ქუცნაშვილი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი: - ექსპერტიზის სამმართველო ხელს უშლიდა "ნაციონალურ მოძრაობას" მზაკვრული გეგმების განხორციელებაში. ამიტომაც იყო გასაიდუმლოებული პრეზიდენტის სასახლის და პარლამენტის მშენებლობა. თითოეულის აშენებაზე განუზომლად დიდი თანხა დაიხარჯა. პარლამენტის შენობაში 1 კვმ-ის ფასი 22 000 ლარს აღემატება, არადა, ძალიან იაფი მასალაა გამოყენებული. ეს შენობები განუზომელი კორუფციის, უცოდინარობისა და უტიფრობის შედეგია. ისინი ამუშავებდნენ სქემებს, როგორ "მოტეხილიყო" მეტი ფული ისე, რომ ვერავის ეკონტროლებინა. აეროპორტის პროექტში ადგილობრივი კლიმატური და სეისმოლოგიური თავისებურებები გათვალისწინებული არ იყო. კაცთმოყვარე ადამიანი ხელს მოაწერდა ასეთ პროექტებს? ლაპარაკია შენობებზე, სადაც ადამიანები ცხოვრობენ ან მუშაობენ, მათი უსაფრთხოება ხომ უნდა იყოს დაცული?! ჯერ კიდევ ნოღაიდელის დროს მიღებულ განკარგულებაშია ნათქვამი, სამშენებლო პროექტები შეიძლება შესრულდეს უცხო ქვეყნების (ჩამოთვლილია მრავალი ათეული ქვეყანა) ნორმებისა და წესების დაცვითო. მაჩვენეთ საქართველოში ექსპერტები, ამდენი ქვეყნის ნორმები და წესები რომ იციან! ეს იყო განკარგულება, რომლის წყალობით ინვესტორს პრობლემა არ უნდა შეჰქმნოდა... ერთადერთი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო არსებობს და თურმე იქ უნდა გაკეთდეს ყველაფერი! ეკონომიკის სამინისტროსაც ჰყავს ექსპერტები, რომელთაც, შესაძლოა, უგზავნიდნენ პროექტებს, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ისინი შეძლებდნენ წინააღმდეგობის გაწევას?

იუსტიციის სახლის სახურავის ჩამონგრევა ყოველგვარი  კონსტრუქციული გაანგარიშებისა და დასაბუთების, ექსპერტიზის გარეშე დაწყებული მშენებლობის შედეგია. მათი ნაშენები შემოვლითი გზა, რკინიგზა, საავტომობილო გზა - ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ყველგან უცოდინარობის და უტიფრობის ნაღმებია დადებული და იცით, რატომ? ნებისმიერ სამშენებლო ობიექტზე, რომლის გახსნაც მიშას კონკრეტული თარიღისთვის ეჩქარებოდა, მშენებლებს დაადგებოდა თავზე რომელიმე რაიონის პროკურორი, თუ 7 დღეში არ დაამთავრებ ბეტონის სამუშაოს, მოსამართლეს მოვიყვან და აქვე გაგასამართლებო. ამ დროს, ბეტონის გამაგრებას მინიმუმ ოთხი კვირა მაინც სჭირდება. ასე მუშაობდა "ნაცების" დამანგრეველი კრიმინალური ბანდა. მათი წესი იყო გაფუჭება, ფულის კეთება, დაშინება... უარესს გეტყვით: არავინ იცის, იუსტიციის სახლის პროექტს სეისმომედეგობაზე ჩაუტარდა თუ არა ექსპერტიზა... "ნაციონალების" დროს ხომ იცით, როგორც ხდებოდა - იწყებდნენ მშენებლობას და შემდეგ მუშაობის პროცესში ადგენდნენ, რომ თურმე ასე კი არა, ისე უნდა გაეკეთებინათ, მერე ისე გაკეთება კიდევ უამრავ ფულს ითხოვდა, რაც მათი "ატკატების" რაოდენობას ამცირებდა, ეს კი არ სურდათ და... ბოლო წლებში აშენებულ ნებისმიერ ნაგებობას უნდა ჩაუტარდეს ექსპერტიზა, თორემ არ არსებობს სამსახური, რომელიც მოსალოდნელ შედეგებზე პასუხს გაგცემთ. გამოკვლევა სჭირდება საცხოვრებელ კორპუსებსაც.