უბიუჯეტობა დიდ ქალაქში - კვირის პალიტრა

უბიუჯეტობა დიდ ქალაქში

თქვენ გეძლევათ სიტყვა!

"რაც დღეს ქუჩებში ხდება, სხვა არაფერია, თუ არა საბოტაჟი მერიის მხრიდან"

"მოიკლონ ხელფასები, სახელფასო დანამატები, პრემიები და თუ ასე უნდათ, ხალხს საკუთარი ჯიბიდან დაეხმარონ. ბიუჯეტის ხარჯზე ყველა ქველმოქმედია!"

ორი თვეა, რაც თბილისი ბიუჯეტის გარეშე ცხოვრობს. საკრებულო ქალაქის "ნაციონალურ" მთავრობას ბიუჯეტის ხარჯების გაწერას უწუნებს და უარს ამბობს, ადგილობრივი არჩევნების წინ თითქმის 800 მილიონი ლარი პოლიტიკურ ოპონენტებს ჩაუგდოს ხელში. საკრებულომ პირობა მისცა თბილისელებს, რომ ბიუჯეტის არქონის მიუხედავად, მათ პრობლემა არ შეექმნებოდათ, რადგან მერიას საჭირო ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან დაახლოებით 60 მილიონი ლარის გამოყენების უფლება აქვს და თუ მერია აუცილებელ სამუშაოებს არ ჩაატარებს, ეს საბოტაჟის მცდელობა იქნებაო.  დაეტყო თუ არა ქალაქს ბიუჯეტისთვის ბრძოლა? ამ საკითხზე  თბილისელებს გავესაუბრეთ.

ლია მამასახლისი, პედაგოგი: "ველოდით, რომ ამის გამო შეიძლებოდა მერიის მიერ თბილისელებისთვის კომუნალური ვაუჩერებით გათვალისწინებული თანხა აღარ დარიცხულიყო, თუმცა ქვითარში, რომელიც თებერვალში მივიღეთ, საშეღავათო თანხა კვლავ გათვალისწინებულია. ახლობლებისგან მესმის, რომ შეფერხდა მერიის მიერ ჯანმრთელობის პროგრამების დაფინანსება და ამის მიზეზი თბილისის ბიუჯეტის ჩავარდნაა. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა ეწირებოდეს პოლიტიკურ ძალთა ბრძოლას ქალაქის ხელისუფლებისთვის".

ვახტანგ გაბუნია, მარკეტოლოგი: "სწორად იქცევა საკრებულო, როცა უარს ამბობს, თბილისის ბიუჯეტი მერიას ჩაუგდოს ხელში. ვინ მოგვცემს პირობას, რომ "ნაცმოძრაობის" წევრებით დაკომპლექტებული მთავრობა  ხალხის ფულს ისევ პარტიული ინტერესებისთვის არ გამოიყენებს? სწორედ ამას ედავება დღეს სასამართლო უფლებაშეჩერებულ მერს, გიგი უგულავას, რომელმაც თბილისის ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარი "ნაცმოძრაობას" მოახმარა. მერიას დაუჩემებია: თბილისის ბიუჯეტის ჩავარდნით ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანა შეფერხდაო. დავიჯერო, თბილისელებს ახლა ყველაზე მეტად 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა-არშემოყვანა აწუხებთ? Mმესმის, რომ ეს ავტობუსები შეზღუდული შესაძლებლობების პირებისთვის იქნება გათვალისწინებული, მაგრამ მერიამ თავის დროზე ე.წ. ყვითელი ავტობუსების შესყიდვით ფული არ იშოვა?! ნახეთ, რა ხდება ქალაქის ქუჩებში. მოწყალების სათხოვნელად გამოსული ადამიანების რაოდენობა თვალში საცემად გაიზარდა. ისეთები მათხოვრობენ, ერთი შეხედვით ვერც კი იფიქრებ, რომ ამისთვის არიან გამოსული ქუჩაში. სუფთად ჩაცმული მოხუცი ზის სკამზე, გგონია, რომ ისვენებს, სინამდვილეში კი გამვლელებს ჩუმად ხურდა ფულს სთხოვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ახალ ავტობუსებზე მეტად ჩვენს ქალაქს სოციალური დახმარების გაზრდა სჭირდება".

ალეკო უკლება, იურისტი: "ბიუჯეტის სამი თვის განმავლობაში ზედიზედ სამჯერ ჩავარდნის შემთხვევაში, კანონის თანახმად, საკრებულო დაიშლება და ფედერალური მმართველობა დამყარდება. ყველაფერი სწორედ ამისთვის ხდება. ასე იქნება მანამ, სანამ ჩვენი საჯარო მოხელეების სახელმწიფო ინტერესები მათ ჯიბეზე გადის. ნახეთ, რა ხდება ქალაქში, ღამე არ გავა, ვინმე არ მოკლან ან არ დააყაჩაღონ. იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობაზე იზრუნოს, ძალაუფლების გადანაწილებისთვის იბრძვიან, რაც არასტაბილურობის განცდას ქმნის და დამნაშავეებს აქეზებს. შესაძლოა, თბილისის ბიუჯეტის გარეშე დატოვება პირდაპირ არ უკავშირდება კრიმინალის ზრდას, მაგრამ ირიბად ნამდვილად მოქმედებს. ამას ადასტურებს თუნდაც ის, რომ აქამდე თბილისის პარკებსა და სკვერებში მერიის უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომელი მორიგეობდა, დღეს კი ერთსაც ვერ ნახავთ".

ია მაღრაძე, თარჯიმანი: "ხალხს სამართლიანობის აღდგენა სურს. როგორმე გავძლებთ უფასო სასადილოებისა და სატრანსპორტო შეღავათების გარეშე, თუ გვექნება იმედი, რომ მერიის ყველა მაღალჩინოსანი პასუხს აგებს ჩადენილი დანაშაულისათვის. სოციალური თემებით სპეკულაციას უნდა მოეშვას მერიაც და საკრებულოც. მMოიკლონ ხელფასები, სახელფასო დანამატები, პრემიები და თუ ასე უნდათ, ხალხს საკუთარი ჯიბიდან დაეხმარონ. ბიუჯეტის ხარჯზე ყველა ქველმოქმედია"!

ელენე კანდელაკი, დიასახლისი: "ის, რაც დღეს თბილისში ხდება, საბოტაჟია მერიის მხრიდან. ქუჩები ნაგვით არის სავსე.  გაიხსენეთ, დღის განმავლობაში რამდენჯერ ჩამოივლიდა ხოლმე ნაგვის მანქანა, მეეზოვეები დილიდან საღამომდე ასუფთავებდნენ ქუჩებს,  დასუფთავების სამსახური წყლით რეცხავდა ქუჩებსა და ტროტუარებს, ახლა კი ყველგან ნაგავი ყრია, ურნები ნარჩენებს ვეღარ იტევს.

როცა დასუფთავების სამსახურში მსახიობები და მომღერლები ჰყავდათ გაფორმებული და მათ ბიუჯეტის ხარჯზე უხდიდნენ ხელფასს, მაშინ ჰყოფნიდათ ფული  და ახლა აღარ ჰყოფნით?

აშკარაა, რომ ჯიბრში უდგას მერია ხელისუფლებას, რომ ხალხის ყოფა გაუარესდეს და უკმაყოფილება გაიზარდოს".

ნანა გიორგობიანი, გამყიდველი: "მიწისქვეშა გადასასვლელებს საერთოდ აღარ ასუფთავებენ. ასეთი ბინძური თბილისის ქუჩები ბოლო 10 წელია, აღარ მინახავს. და კიდევ - ქუჩაში ფრთხილად უნდა იარო, რომ ახდილ საკანალიზაციო ჭაში არ ჩავარდე.  მაგრამ ხალხს იმდენი ცუდი ახსოვს წინა ხელისუფლებისგან, ნაგავმა რომც დაგვახრჩოს, ენა არავის მოუბრუნდება, მათი დაბრუნება ინატროს".

მაკა ყამარაული