"ეს არც მხოლოდ გაზეთია და არც მხოლოდ წიგნი - ეს მარადიული საჩუქარია!" - კვირის პალიტრა

"ეს არც მხოლოდ გაზეთია და არც მხოლოდ წიგნი - ეს მარადიული საჩუქარია!"

- ახლა რა დროს საქმე და გაზეთებია, ბაზარში უნდა მიდიოდე და საახალწლო სუფრას ამზადებდე, თანაც საჩუქრებს ყიდვა არ უნდა?! - გაგულისებულმა მიაძახა გაზეთების ჯიხურში მომუშავე მეუღლეს, თვითონ კი საახალწლოდ ბაზარში შესაძენი პროდუქტების სია ჯიბეში ჩაიკუჭა და დიდ ჩანთას დასწვდა. კარიც გაგულისებულმა გაიჯახუნა...

ნათელა დეიდა, უკვე რამდენიმე წელია გაზეთებს ყიდის. ახალი წლის წინ სამსახურში ტყუილად დადიხარ, მირჩევნია ბაზარში გამომყვეო, მთელი დილა ეჩხუბებოდა ქმარი.

- სამსახური სამსახურია, - უმეორებდა დაღლილი ქალი, - ასე ჩემს ნებაზე ვერ გავაცდენო, - პასუხობდა ცოლი.

- ვერ გააცდენ, თორემ შენც ახლა ისეთი ვაჭრობა გექნებაო! - არ წყნარდებოდა ნაწყენი კაცი.

საღამოს, როცა ნათელა დეიდა სამსახურიდან დაბრუნდა, გაოცებულმა აღმოაჩინა: მეუღლე სამზარეულოს მაგიდასთან ზის, წინ "წლის პალიტრის" ახალი ნომერი აქვს გადაშლილი და თავჩარგული კითხულობს.

- ეს რა არის! - ხმა აუწია თურმე ნათელა დეიდამ, - აკი ახლა გაზეთების დრო არ არისო!

- ეს გაზეთი არ არის, საჩუქარია, - ულვაშებში ეღიმება უკვე დამშვიდებულ ქმარს და სადღაც გვერდიდან "დიდი მხატვრების" სერიით გამოსული მონეს ალბომი ამოაქვს: - ესეც საჩუქარია!

როცა ამ ამბავს მიყვებოდა, სიცილს ვერ იკავებდა ნათელა დეიდა:

- მე რომ მეთქვა, არ დამიჯერებდა, მეტყოდა, იგონებო... თვითონ უნახავს: ერთი ამბავი ყოფილა ამ ალბომზე, სულ საჩუქრებად ყიდულობდნენ თურმე, ამაზე კარგი თოვლის ბაბუამ რა უნდა მოგვიტანოსო. ალბომის გამოჩენიდან მეორე დღეს აქა-იქღაა შემორჩენილი "მონე". წინა თვეებში გამოსულ "ვან გოგსა" და "გოგენსაც" ეძებენ. ახალი როდის გამოვაო. მე კი ვპასუხობ, "კლიმტი" ერთ თვეში გამოვა-მეთქი. "წლის პალიტრის" ყველა ნომერი ოთხ საათში გათავდა. 2010 წლის ორმხრივი კედლის კალენდარიც ძალიან მოეწონათ. ეს კი მეჩხუბებოდა, ახლა რა დროს გაზეთიაო! იცოცხლე, მერე ცხვირში ვადინე თავისი სიტყვები. მხრებს იწურავდა, მე რა ვიცოდიო... თუ არ იცოდი, გაზეთი როგორ იყიდე-მეთქი! ვნახე, ყველა ყიდულობდა და მეც ვიყიდეო.

რედაქციაში არაერთი ზარი შემოდის. "წლის პალიტრას" კითხულობენ, გათავდა და სად შეიძლება ვიშოვოთო...

"ბიბლუსის" მაღაზიებსა და გაზეთების ჯიხურებში "დიდი მხატვრების" გამოცემებს საჩუქრებადაც იძენენ და ოჯახში ბიბლიოთეკის შესავსებადაც.

როცა ამხელა ინტერესს ხედავ, თითქოს აღარ გემძიმება ხვედრი, რომ მაშინ, როცა მთელი ქვეყანა საახალწლო სამზადისშია, საგოზინაყე ნიგოზს ჭრის, საახალწლო ინდაურს ხარშავს, შენ სამსახურში ხარ და "კვირის პალიტრის" ახალ ნომერზე მუშაობ.

როცა ხალხს ასე სჭირდება შენი შრომის ნაყოფი, ნათელა დეიდას ქმრისა არ იყოს, ეს არც მხოლოდ გაზეთია და არც მხოლოდ წიგნი - ეს მარადიული საჩუქარია!