ოთხი დედა, ოთხი მამა და ქრისტეღმერთი ფანჯარასთან... - კვირის პალიტრა

ოთხი დედა, ოთხი მამა და ქრისტეღმერთი ფანჯარასთან...

უფალი ხომ პირველად იქ შეიხედავს, სადაც ყველაზე მეტად სტკივათ და ელიან!..

ფანჯარასთან დგომა და მოლოდინი დედის გულმა იცის, რაც არის... მამის გულმაც იცის. ისე ხომ არც ერთი შვილი გაზრდილა, ერთხელ რომ არ დაეგვიანებინა შინ მისვლა...  ჰოდა, ასეთ დროს  დედები ფანჯრებთან იდგნენ და შვილების გზას გაჰყურებდნენ, მამები ოთახში, ან ეზოში სცემდნენ ბოლთას და ყელში მობჯენილ საყვედურს აოკებდნენ.

დრო კი მიდიოდა... მერე რა იყო და როგორ იყო, აბა, რა მოსაყოლია. ისედაც იცით: შვილები ბრუნდებოდნენ და ისევ მიდიოდნენ, მერე თავისი შვილები უჩნდებოდათ, ახლა მათზე ღელავდნენ... ისევ მიდიოდნენ, ბრუნდებოდნენ... მშობლები კი ელოდნენ...

მოხუცებულობის ჟამს თავშესაფარში რომ ატარებენ ცხოვრებას, ასეთები ბევრნი არ არიან, მაგრამ ხომ არიან! მოლოდინით დაღლილები, ფანჯრებს აკრულნი, შრომით დაშაშრულ ხელებს უღონოდ რომ ილაგებენ გაცრეცილ კალთებზე... ქრისტეშობას, სწორედ თორმეტ საათზე, როცა მართლმორწმუნე ერი ქრისტეს დაბადებას იზეიმებს, მათ ფანჯრებში, სადაც ცრემლივით იციაგებს ობლად დანთებული სანთელი, მაცხოვარი შებრძანდება. უფალი ხომ პირველად იქ შეიხედავს, სადაც ყველაზე მეტად სტკივათ და ელიან!

- სანთელს ჩვენც დავანთებთ ფანჯარასთან? - ეკითხება სნეული ზეინაბი მარინას, რომელსაც ეს-ესაა, აბაზანის ხეხვით დაწითლებული ხელები შეუმშრალებია.

- აბა, რა! აუცილებლად დავანთებთ, დედა!

სინამდვილეში ზეინაბი სულაც არ არის მარინას ბიოლოგიური დედა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს... უკვე ერთი წელია, ქალბატონი მარინა კაციტაძე რვა მოხუცებულს უვლის - ოთხი დედა ჰყავს და ოთხი მამა. ყველანი ერთ დიდ ოჯახად ცხოვრობენ. ეს დიდი ოჯახი კი სინათლითა და სითბოთია სავსე, თანაც გაბრიელ ბერის სახელობისა, ამიტომ ენა არ მიბრუნდება, თავშესაფარი დავარქვა.

ზეინაბი იხსენებს, როგორ ინერვიულა, როცა აქ მოიყვანეს, ბევრი ცრემლიც დაღვარა, მაგრამ ახლა ბედნიერია... აღარც კი ახსოვს, ბოლოს ასე როდის ეფერებოდნენ.

- მარინამ დედა რომ დამიძახა, ჯერ ყურს არ დავუჯერე, მერე ცრემლი წამსკდა!.. - მეუბნება ზეინაბი.

აქაურ მობინადრეებს ვაკვირდები. ერთი ღრმად მოხუცებული, კარგა ხანია ძველ დროში ცხოვრობს, - ყოველ დილით დგება, რომ სამინისტროში წავიდეს... "აგვიანდება", "ელოდებიან"... მეორე კარგა ხანია, საერთოდ ვერ დგება, სამაგიეროდ, თაფლივით ენა აქვს.

ერთი მობინადრის - მოხუცი მამაკაცისა არაფერი იცის მარინამ, ჯანდაცვის სამინისტროდან სთხოვეს მისი მიღება. ცხინვალელი დევნილია, ხმას არ იღებს, მხოლოდ ოთახიდან ოთახში დადის... ახლაც რამდენჯერმე შემოიხედა, სევდიანი თვალებით დაგვაკვირდა და გაბრუნდა...

- 17 წელი ვიმუშავე მასწავლებლად, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლიდი, - დიდი ხნის ამბავს იხსენებს ჩემი სათნო თანამოსაუბრე, - მკაცრი ვიყავი!.. მერე ავად გავხდი და... ახლა აქ ვარ! - თვალს მისწორებს და დასძენს, - ძალიან კარგი შვილი მყავს, უბრალოდ, ჩემი მოვლა არ შეუძლია...

ცოტა ხნის წინ ამ სახლს სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ, იმღერეს, იცეკვეს, ყველა გახალისდა. განსაკუთრებით კი მასწავლებელი, რომელსაც ბავშვებიც ენატრება, სკოლაც... სიზმარსაც კი ერთს ხედავს: საკონტროლოს რვეულებს ასწორებს და ასწორებს...

აქ ყველას სიამოვნებს ბავშვობისა და ახალგაზრდობის გახსენება. შობამდე სულ ცოტა დრო რჩება და ახსენდებათ სოფელი, ალილოზე კალათებით სიარული და საშობაო ღვეზელები.

- ახლაც დადიან ალილოზე, მაგრამ მაშინ სხვა იყო, - თვალებში ცრემლჩამდგარი მიამბობს ზეინაბი, - მთელი სოფელი დადიოდა! ყველა სახლიდან გამოჰქონდა ტკბილეული, კვერცხები, ჩურჩხელები... ახლა რამდენი სახლია დაცარიელებული... ჩემი სოფელი გორის რაიონშია. ომგამოვლილი - გატეხილი და სევდიანი იქნება...

სიტყვამ მოიტანა და, ჩვენი დროის ერის-კაცი - ედიშერ გარაყანიძე გვახსენდება, მით უმეტეს, რომ ის და მარინა კაციტაძე ერთ კლასში სწავლობდნენ. ფოლკლორისტი, შესანიშნავი მუსიკოსი ედიშერ გარაყანიძე, რომელმაც არაერთი სიმღერის ვარიანტი გამოსტაცა დავიწყებას, შობას მეგობრებთან ერთად დადიოდა სოფლებში და "ალილოს" მღეროდა. მაშინ ქართული სოფელი გაცილებით გულმავიწყი იყო. ლამის აღარაფერი ახსოვდა კომუნისტებისაგან აბუჩად აგდებული წინაპრებისა. ედიშერი კი უმღეროდა და ძველი ადათით აფხიზლებდა სოფელს - საქართველოს დასაყრდენს. არც ცარიელ სახლებს დატოვებდა უყურადღებოდ. იმათაც უმღერებდა "ალილოს", იმ დანგრეულ კედლებსაც გააგებინებდა, რომ ქრისტე იშვა, რომ სიკვდილზე სიცოცხლე აუცილებლად გაიმარჯვებს.

ჩემი თანამოსაუბრე ცრემლს ისევ ვერ იკავებს.

- მაშ, შობას პაპიჩემისეული სახლიც გაიგებს, არა?!

- გაიგებს, დედა, გაიგებს!

- და სანთლებს ჩვენც აუცილებლად დავანთებთ ფანჯარასთან, არა? - კიდევ ერთხელ, გულის დასამშვიდებლად ეკითხება.

- ჰო, დედა!

და ქრისტეღმერთი მგონი, უკვე ფანჯარასთან დგას...