ფრთხილად! თბილისში "საშიში" ტაქსები დადიან - კვირის პალიტრა

ფრთხილად! თბილისში "საშიში" ტაქსები დადიან

"ყველამ თავისი შრომით უნდა შეინახოს ოჯახი, მაგრამ არა - ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად..."

გაზზე მომუშავე გაუმართავი ტაქსი ყოველთვის ვერ მიიყვანს მგზავრს უსაფრთხოდ

"ხშირად ავტომობილი შიგნით ისეთი ჭუჭყიანია, ჩაჯდომა არ მოგინდება"

ეს ფოტო რამდენიმე დღის წინ, სამსახურში მიმავალმა სამარშრუტო ტაქსიდან გადავიღე. მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე "მერსედესის" მარკის ტაქსი იწვოდა, გამწარებული და დაბნეული მძღოლი კი აქეთ-იქით დარბოდა. აშკარად ეტყობოდა, ცეცხლმაქრი არ ჰქონდა. სამარშრუტო ტაქსის მძღოლმა სვლა შეანელა და ცეცხლწაკიდებულ ავტომობილს გახედა. ერთმა მგზავრმა ჰკითხა, ცეცხლმაქრი არ გაქვს, რომ დავეხმაროთო?! რამდენიმეწამიანი დუმილის შემდეგ ჩვენმა მძღოლმა თავი გააქნია: - ალბათ, გაზზეა, არ აფეთქდეს... ჩაიბურტყუნა, მერე მოწყვეტით დაძრა "მარშრუტკა" და ბულაჩაურის ქუჩაზე გიჟივით შევარდა.

საფრთხე მართლაც დიდი იყო, რადგან თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, სადაც ყოველთვის ხალხმრავლობაა, ტაქსის აფეთქება რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს მაინც შეიწირავდა. საბედნიეროდ, ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა - მოგვიანებით გავიგე, რომ მძღოლმა ხანძრის ჩაქრობა კეთილი ადამიანების დახმარებით შეძლო...

ცოტა ხნის წინ ქუთაისში გამოძახებაზე გასულ ტაქსის ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის გამომწვევი სავარაუდო მიზეზი ამ შემთხვევაშიც ავტომობილის გაუმართავობა იყო... ცეცხლმოკიდებულ ტაქსებს რომ თავი დავანებოთ, ხშირად ავტოსაგზაო შემთხვევების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ გაუმართავი ავტომობილებია, რომ აღარაფერი ვთქვათ გამონაბოლქვზე, რომელიც დედაქალაქის ჰაერს აბინძურებს.

SOS – გადაღლილობა!

თბილისში ბევრი ტაქსი დადის, კლიენტი კი ცოტაა და მძღოლების უმეტესობა მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს, მერე კი გადაღლილები ავტოავარიებსაც ვეღარ ირიდებენ თავიდან. რას იზამ! ლუკმაპურის საშოვნელად რეგიონებიდან თბილისში ჩამოსულ ადამიანებს სხვა გზა არ აქვთ.

როგორც ექიმები განმარტავენ, ადამიანის შრომისუნარიანობა დღის განმავლობაში რვა საათით განისაზღვრება და ცხადია, ტაქსის მძღოლი, რომელიც დილიდან ხშირად მეორე დილამდე შეუსვენებლად მართავს ავტომობილს, ძალიან სახიფათოა. მგზავრი კი როგორ მიხვდება, ვინ გადაღლილია და ვინ - დასვენებული...

"ატვეჩაი" მე ვარ"

ამას წინათ ინტერვიუზე ტაქსით მომიხდა წასვლა. მძღოლის გვერდით მოვკალათდი და ღვედი გადავიჭირე, მაგრამ მჭიდი, რაშიც ღვედი უნდა მომეთავსებინა, ვერ ვიპოვე. სად დავამაგრო ღვედი-მეთქი, ტაქსის მძღოლს ვკითხე, მან კი: „- უსაფრთხო მგზავრობაზე "ატვეჩაი" მე ვარ, ეს კი ჯარიმა, რომ არ გამომიწერონ, უბრალოდ, გადაიდეო...  მაშინ კი მივედი დანიშნულების ადგილამდე მშვიდობით, მაგრამ ყოველთვის ხომ არ გაგიმართლებს!..

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე ავტომობილების ტექნიკური დათვალიერების აუცილებლობაზე საუბრობს.

- არ შეიძლება ტექნიკურად გაუმართავი ავტომობილებით მოძრაობა, მით უფრო - მისი კომერციული მიზნით გამოყენება. სამწუხაროდ, პოლიტიკური ვითარება ამ პრობლემის მოგვარებასაც ხელს უშლის. სად ავტომობილების ტექნიკური გამართულობა და სად პოლიტიკური კონიუნქტურაო, იტყვით, მაგრამ დამიჯერეთ, ნამდვილად ასეა.

2002 წელს საკრებულოში, რომლის თავმჯდომარეც მიხეილ სააკაშვილი გახლდათ, ახალი შემადგენლობა მოვიდა. მან ტაქსები ყველანაირი რეგულაციისგან გაათავისუფლა, მათ შორის - ტექნიკური დათვალიერებისგან, მოსაკრებლისგან, ელემენტარული ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების ქონის ვალდებულებისგან და ა.შ. მაშინ სააკაშვილმა ამ ქმედებით რამდენიმე ათასი ტაქსის მძღოლი და მათ ზურგს უკან მდგარი ამომრჩევლების გული მოინადირა. ახლაც ერიდებიან ტაქსისტებისთვის გარკვეული უსაფრთხოების ნორმების დადგენას. რამის აკრძალვას არ ვგულისხმობ, საუბარია სახელმწიფოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ისეთ პოლიტიკაზე, რომლის წყალობით დაცული იქნება ტაქსისტიც, რომელიც ოჯახს არჩენს და მგზავრიც, რომელიც ამ ტაქსიში ჯდება.

ტაქსისტობა მართლაც უმძიმესი პროფესიაა. არიან ადამიანები, რომელთათვისაც ტაქსისტობის დაწყება 10 ლარი ღირს, ანუ იმდენი, რამდენსაც მანათობელ ფირნიშში, ანუ ე.წ. "გრებეშოკში" იხდიან. მსუბუქი ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება ("ტეხასმოტრი") შეჩერებულია. არავინ იცის, შეუძლია თუ არა ტაქსისტს პირველადი დახმარების აღმოჩენა, ან აქვს თუ არა ცეცხლმაქრი. გარდა ამისა, ტაქსის მძღოლს ადამიანებთან ურთიერთობაც უნდა შეეძლოს. სამწუხაროდ, ხშირად ავტომობილი შიგნით ისეთი ჭუჭყიანია, ჩაჯდომა არ მოგინდება. სალონში არც სუნი უნდა იდგეს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ბენზინისა და გაზის სუნი არ უნდა იგრძნობოდეს.

ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ ბოლო დროს ავტომობილებში გაზის ბალონებს კუსტარულად ამონტაჟებენ. რატომღაც მიაჩნიათ, რომ გაზის აპარატურის შემოწმება გაჭირვებული მძღოლისთვის ფულის გადაყრაა, არადა, გაზის აპარატურას თავისი მოხმარების წესი, ვარგისიანობის ვადა და მონტაჟის მკაცრად განსაზღვრული პირობები აქვს. გაზზე მომუშავე გაუმართავი ტაქსი ყოველთვის ვერ მიიყვანს მგზავრს უსაფრთხოდ, ამიტომ ამ საქმეში სახელმწიფოს ჩარევა აუცილებელია. დაცული უნდა იყოს გაზის აპარატურის დამონტაჟების წესები. იმის თქმა, რომ ტაქსისტი ცოდოა, სოციალურად დაუცველია და ა.შ. - თავის მოტყუებაა.

ახლაც, ადგილობრივი არჩევნების წინ, თითქმის ყველა ერიდება ამ თემაზე საუბარს, ეშინიათ, ამომრჩეველი არ გაანაწყენონ.

...რა თქმა უნდა, ყველამ თავისი შრომით უნდა შეინახოს ოჯახი, მაგრამ არა - ჩვენი და ჩვენი ოჯახის წევრების სიცოცხლის ფასად...

თორნიკე ყაჯრიშვილი