გამოსავალი საგზაო კოშმარიდან - მოანგრიეთ ტროტუარი პანდუსზე!..
28-04-2014
გამოსავალი საგზაო კოშმარიდან - მოანგრიეთ ტროტუარი პანდუსზე!..
თითქმის ერთი წელია, საცობების გამო თბილისში, გმირთა მოედანზე გავლა ჯოჯოხეთში მოგზაურობას დაემსგავსა. ასეთ შედეგს ექსპერტები ჯერ კიდევ "კვირის პალიტრის" 2012 წლის 26 მარტის ნომერში ვარაუდობდნენ. ისინი მიიჩნევდნენ, რომ გმირთა მოედნის ერთზოლიანი პანდუსები არათუ მოძრაობას ვერ განტვირთავდა, დედაქალაქში ყველაზე ცხელ ავტოსატრანსპორტო წერტილადაც კი იქცეოდა. თუმცა, რაღა წერტილი! წამში გასავლელი გზის გავლას ნახევარ საათზე მეტხანს ანდომებ, მეტიც გამოსავალსაც ვერ პოულობ, არ იცი, სხვა დროს როგორ გაიარო ვაგზლის მოედნისა და გმირთა მოედნის დამაკავშირებელი
გზა ისე, რომ კვლავ ჯოჯოხეთში არ მოხვდე.

თავის დროზე გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია მხოლოდ იდეის საფუძველზე დაიწყო და მშენებლობის სქემის შედგენამდე საექსპერტო სამუშაოები არც ჩატარებულა. საბოლოო გადაწყვეტილება კი მიიღო არა
დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, არამედ ჩინოსანთა ან მათზე სხვადასხვა მიზეზით დამოკიდებულ სპეციალისტთა პატარა ჯგუფმა. პროექტსაც გზადაგზა ადგენდნენ და ექსპერტიზასაც მშენებლობის პროცესში ატარებდნენ. ამიტომაც ვერ გათვალეს, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა თამარ მეფის გამზირისა და გმირთა მოედნის შემაერთებელ მონაკვეთზე და ერთზოლიანი პანდუსებით კიდევ უფრო დაამძიმეს მდგომარეობა. მათი ვიწროგამტარიანობა პრობლემებს ქმნის კოსტავას ქუჩიდან ვარაზისხევისკენ მიმავალ მონაკვეთზეც, სადაც ხშირად ფერხდება მოძრაობა. დამკვეთ-მშენებლები გვიან მიხვდნენ შეცდომას და ვერის დაღმართისა და თამარ მეფის გამზირის შემაერთებელი, ასევე, გმირთა მოედნისა და სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსები ორი სამანქანო ზოლისთვის ააშენეს, რამაც პრობლემებს მაინც ვერაფერი უშველა...

თავის დროზე ("კვირის პალიტრის" ფურცლებზე) ექსპერტები გამოსავლად ერთზოლიანი პანდუსების ტროტუარების ხარჯზე გაფართოებას მიიჩნევდნენ. განიერი საფეხმავლო ადგილის მოშლით შესაძლებელი იქნება, ორმა მანქანამ გვერდი თავისუფლად აუაროს ერთმანეთს, რაც საცობებს თუ არ გააქრობს, შეამცირებს მაინც და საგზაო კოშმარიც დასრულდება. პანდუსების მონგრევის იდეა ახლახან ისევ გახმიანდა ჟურნალ "ავტობილდში".  
ექსპერტი რობერტ იანტბელიძე მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ასეთ სისულელეს -  ერთზოლიან პანდუსებს - არსად აკეთებენ:

- მანქანა მეორე სართულზე ადის და გათვალისწინებული არ არის, მოულოდნელად გაფუჭების შემთხვევაში გვერდზე როგორ უნდა გადააყენო, რომ მოძრაობა არ შეაფერხო. შეიძლება მეორე სართულზე სათადარიგო სამოძრაო ზოლი არ დაუტოვო ტრანსპორტს?

ეს სისულელე იმის შედეგია, რომ ასეთ საკითხებს წყვეტენ მერიის კეთილმოწყობისა და სატრანსპორტო სამსახურების უფროსები, ანუ ის ადამიანები, ვისაც, ალბათ, ტექნიკური უნივერსიტეტიც კი არ აქვთ დამთავრებული და ნახაზის შედგენაც არ იციან.

მანიპულირებენ ვიზუალური ეფექტებით - თითქოს რაც მეტ პანდუსს და გვირაბს დახატავენ ან ახსენებენ, მით მეტად დაახვევენ თავბრუს ხალხს. სად არის გათვლა - რა დატვირთვას და რამდენი ხნით გაუძლებდა ეს ერთზოლიანი გვირაბები და პანდუსები?

საქართველოს საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტ შალვა ოგბაიძის აზრით, უპრიანი იქნება ტროტუარების მოხსნა:

- ვერ ვხვდები, რა ფუნქცია აქვს ამ საფეხმავლო ბილიკებს. არ ვიცი, თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ქვეითი ფეხით როგორ უნდა გადავიდეს (ან რა საჭიროა, რომ გადავიდეს) ვარაზისხევისკენ მაშინ, როცა არსებობს მიწისქვეშა გადასასვლელი. არ სჯობდა, მერიას ეს გადასასვლელი კეთილმოეწყო და არ გაეკეთებინა ავტოსატრანსპორტო გზის გამმიჯვნელი მოაჯირი, რომელსაც არავინ იყენებს და მანქანების ორ რიგად გატარებასაც უშლის ხელს?!

კოტე მჭედლიშვილი, საგზაო ექსპერტი: - უკვე დავსვით საკითხი, რომ მოინგრეს ეს მოაჯირები და გზა ცოტათი მაინც გაფართოვდეს.  
ექსპერტების კრიტიკას ნაწილობრივ ეთანხმება და დაშვებულ შეცდომებს აღიარებს თბილისის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი აკაკი ჯოხაძე, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს პრობლემა სწრაფად ვერ მოგვარდება და ერთი ხელის მოსმით, ანუ მოაჯირების მონგრევით კოშმარს ვერ დავასრულებთ.

- ნამდვილად ჯობდა ორზოლიანი ესტაკადა, მაგრამ თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედანზე შემოსასვლელად გზა არ დარჩებოდა. ეს ესტაკადა 15 სანტიმეტრითაც განიერი რომ იყოს, თამარ მეფის გამზირიდან მომავალი ავტომობილი გმირთა მოედანზე ვერ შევა. გეთანხმებით, რომ შესაძლებელი იყო საფეხმავლო ბილიკის ნაცვლად გზა გაფართოებულიყო, მაგრამ სამშენებლო ნორმების შესაბამისად აუცილებელი იყო ესტაკადაზე ტროტუარის გაკეთება, - განაცხადა აკაკი ჯოხაძემ.

ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს დატოვებს თბილისის მერია მძღოლებს ამ კოშმარში. აქ გავლა უკვე არა მხოლოდ პიკის საათებში, არამედ მთელი დღის განმავლობაში ჭირს. ახალ გზაზე უამრავი მანქანა ადის.

რადგან მოძრაობის გაგრძელების საშუალება მხოლოდ თითო ავტომობილს აქვს, ხშირად იქმნება გრძელი საცობი. პატარა ავტომობილები ხანდახან ორ რიგად ასვლასაც ახერხებენ, მაგრამ გზის სივიწროვის გამო მძღოლები იშვიათად რისკავენ. ღმერთმა ნუ ქნას, რომ რომელიმე მწკრივში სწორედ ამ დროს გაფუჭდეს ავტომობილი - ავტომობილის გადაყვანას ამწე დასჭირდება, მანამდე კი, სანამ სამაშველო ოპერაცია დასრულდება, გმირთა მოედანსა და თამარ მეფის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე რა ამბავი დატრიალდება, წარმოიდგინოს თვითონ მკითხველმა... 
jano
13 სექტემბერი 2014 12:23
სასწრაფოდ დაიწყოს ტექდათვალიერება ამით ეშველება ქალაქს
ნია
24 ივლისი 2014 11:37
მართალია ბ-ნი შალვა, მოეწყოთ გადასასვლელი და გაეკეთებინათ ეგ ესტაკადა ნორმალურად. ამ გადასასვლელის პირობებშიც კი, მე არ მინახავს მანდ ვინმე ფეხით მიდიოდეს - თვითმკვლელობის ტოლფასია მანდ ასვლა!
soso
28 აპრილი 2014 20:16
ტროტუარის მონგრევის ხარჯზე პანდუსის გაგანიერება გამოსავალი არაა, რადგან როდესაც თამარ მეფის გამზირიდან მანქანები ორ რიგად ავლენ პანდუსზე ლაგუნას მხრიდან და ასევე გმირთა მოედნიდან ამოსულ მანქანებს საერთოდ არ დარჩებათ გასასვლელი

რედაქტორის რჩევით