ღამით საპირფარეშო - დღისით პროდუქტის ბაზრობა
26-05-2014
ღამით საპირფარეშო - დღისით პროდუქტის ბაზრობა
შარდისა და სუნელების სუნი ერთმანეთშია არეული

ჩვენს ეზოში დილიდან საღამომდე ბავშვები ჟრიამულობენ და ზოია დეიდას გაკეთებული უგემრიელესი საჭმლის სუნი ტრიალებს - ზუსტად ვიცი, იმ დღეს რა გაუკეთა სადილად ოჯახს. დილაობით ხშირად მხვდება ბაზრიდან მომავალი, პროდუქტებით დატვირთული წითელთმიანი აისორი ქალი.

ამას წინათ დილაუთენია ეზოდან ზოია დეიდას ქოთქოთი მომესმა, - დეზერტირების ბაზარში გამყიდველის ნაქებ სოფლის რძეში 5 ლარი გადავიხადე და ამჟავებული გამოდგაო. მერე - მე ამათ ვინ ვგონივარო და იმ რძის ბოთლიანად
ეზოდან გავიდა. ცოტა ხანში ხელცარიელი რომ მობრუნდა, მივხვდი, გამყიდველს რა დღეც დაადგებოდა. დეიდა ზოიამ კი მეზობლები მკაცრად გაგვაფრთხილა, ქუჩაში არაფერი იყიდოთო.  

სად და რა პირობებში იყიდება "პური ჩვენი არსობისა"?! ამის გასარკვევად მეორე დღესვე ყველა იმ ადგილის მონახულება გადავწყვიტე, სადაც საკვები პროდუქტის შესაძენად მოსახლეობა ხშირად
დადის. პირველად სადგურზე, ბავშვთა სამყაროს ტერიტორიაზე მივედი.

მცხუნვარე მზეში ქუჩაში გამოფენილი საკვები პროდუქტი და ანტისანიტარია... მოკლედ ასე შეიძლება შეფასდეს დეზერტირების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სიტუაცია. დაკლული სოფლის დედალი, ხორცი, პური და რძის ნაწარმი ერთად, ქუჩაში იყიდება(!). ბაზართან შედარებით ასეთ ადგილებში პროდუქტი გაცილებით იაფია და გარე მოვაჭრეებს მომხმარებელიც არ აკლიათ.
სასტუმრო "კოლხეთის" მიმდებარე ტერიტორია. გუბესთან სახელდახელოდ გაშლილ "დახლზე" გამწკრივებული ყველი. შუახნის ქალბატონი გამვლელებს სვანურ ყველს სთავაზობს, მისი მეზობელი - კახურ ჩურჩხელას.

- რა ღირს ყველი?
- შვიდი ლარი, სულგუნს ცხრა ლარად მოგცემ...

- სადაური ყველია?
- სვანური, ჩემს ოჯახში გაკეთებული...

- კარგად იყიდება?
- რა გითხრა, ერთი საათია, მოვედი და ჯერ ორი თავი სულგუნი გავყიდე...

- გარევაჭრობა რომ აკრძალულია, გეცოდინებათ, პატრული არ მოდის ხოლმე?
- მოდის და გვაწიოკებს. თუ ვერ მოვასწარით გაქცევა, გვართმევენ საქონელს და გვაჯარიმებენ. აქ ჯდომა კი არ მსიამოვნებს, შუადღისას ბაზარში ვაგრძელებ მუშაობას.

- დილიდან რატომ არ ყიდით ბაზარში?
- იქ დილით ვაჭრობა არ არის და რისთვის მივიდე? თან ადგილიც ძვირია.

- რამდენს იხდით?

- ერთ კვადრატულ მეტრში ხუთ ლარს.

- ამ ადგილას ყველის გაყიდვა, თქვენი აზრით, რამდენად დასაშვებია - პირდაპირ გუბესთან გაქვთ "დახლი".


საუბარს ჩურჩხელით მოვაჭრე ქალბატონი მაწყვეტინებს:
- პარკში უდევს ყველა თავი, როგორ უნდა დაბინძურდეს?!  ამას აქ თავისი კლიენტი ჰყავს. აგერ, აფთიაქში მუშაობს ქალი, სულ ამისგან ყიდულობს სულგუნს...

- თქვენი ჩურჩხელა რა ღირს?
- ერთი ლარი.

- ყურძნის წვენშია ამოვლებული?
- აბა, როგორ?! კახელებს ყურძენი მაინც გვაქვს. დილიდან აქ ვარ და ჯერ ერთი ჩურჩხელაც არ გამიყიდია...
სვანი და კახელი ქალბატონებისგან განსხვავებით, სავაჭრო ცენტრ "კიდობანთან", სადაც ჩამოსასხმელ ღვინოსა და არაყს ყიდიან, რამდენიმე ქალბატონს ალუჩა, კიტრი, პამიდორი, ყველი და დაკლული ქათამი პირდაპირ ასფალტზე უწყვია.

- ყველი არ გინდა, შვილო? - მეკითხება შავოსანი ქალბატონი.

- რა ღირს?
- ხუთი ლარი.

- ეს ქათამი?

- ესეც ხუთი ლარი. სამტრედიულია, იმისთანა ხორცი აქვს, არ დაგავიწყდება გემო...

- ასე რომ გაქვთ, არ გაფუჭდება?
- ცელოფანში რა გააფუჭებს ქათამს(?!), თან ჯერ ისე არ ცხელა. 

- მტვერი ხომ ედება ამ მანქანების გამონაბოლქვში, გეყიდებათ მაინც?

- ასე თუ ისე... ბაზრის ქირას რომ არ ვიხდით, ამიტომ ჩვენთან ყველაფერი უფრო იაფია. მაგალითად, მჭადის ფქვილს ლარ-ნახევრად ვყიდი, ბაზარში ორ ლარზე ნაკლები არ არის.

- პატრული არ გიშლით აქ დგომას?

- როგორ არა. რომ დავინახავთ, უკანმოუხედავად გავრბივართ. გუშინაც ათასი ლარის ჯარიმა გამოუწერიათ ამ ტერიტორიაზე. ისინიც თავიანთ საქმეს აკეთებენ, მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ...

"ბავშვთა სამყაროსთან", ღია ცის ქვეშ მდგარ ნაყინის დახლ-მაცივრებთან ახალგაზრდა ქალბატონს ყველი პლასტმასის ამოტრიალებულ ვედროზე უდევს და მიქებს, - ისეთია, ჭამით ვერ გაძღებიო. მეზობელ სასურსათო მაღაზიას კი პოლიეთილენის პარკში ჩაყრილი პური მიწაზე უდევს(!)...

ღამით საპირფარეშო - დღისით პროდუქტის ბაზრობა


თამარ მეფის გამზირისა და წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთაზე, თაღში, სადაც ყველანაირი პროდუქცია იყიდება, შარდისა და სუნელების სუნი ერთმანეთშია არეული. პროდუქტი აქაც სახელდახელოდ გაშლილ დახლებზეა გამოფენილი. მოვაჭრეები მეუბნებიან, - ღამით ეს ადგილი საპირფარეშოდაა ქცეულიო(!).
ერთ-ერთი გამყიდველი: - დილით 7 საათზე უნდა ნახოთ, აქ რა ხდება. დილით რომ მოვდივართ, შარდის გუბეებს ქლორით და სარეცხის საშუალებებით ვხეხავთ.

- და მერე, აქ როგორღა ყიდით პროდუქტებს?
- ნახევარი თბილისი მშიერია, ბუნკერებში იქექებიან და ისე გააქვთ თავი. ჩვენც აქ დგომაში არაფერს ვიხდით, თანაც არ გვაწვიმს და მზე არ გვადგება. მაგრამ  დაგვერივნენ გარე მოვაჭრეებს და დღე არ გავა, რომ პატრულმა არ ააწიოკოს გაუბედურებული ხალხი, ეს არის საქმე? გასაგებია, რომ არ არის ლამაზი აქ საჭმლის გაყიდვა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს?! თუ გარეთ ნაგავში ვაჭრობა შეიძლება, აქ "არკაში" რატომ არ შეიძლება ვიდგეთ?!

- დიდი ხანია აქ დგახართ?
- მეორე წელია, - მიპასუხა გამყიდველმა და მერე პოლიეთილენის პარკში ჩაწყობილ 10 თავ სულგუნზე, რომელიც გვერდით ედო, მითხრა, - შეკვეთაა, რესტორნის მომმარაგებელმა უნდა წაიღოსო(!).   
გარე მოვაჭრეები ახალაშენებული დეზერტირების ბაზრის წინ, პარკინგისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზეც მოკალათებულან. როგორც ჩანს, ნაგავი, აქაც ჩვეულებრივი ამბავია. ერთ-ერთ გამყიდველს ხახვის "დახლი" პირდაპირ ნაგვის გროვაში გაუმართავს.

"მზე რომ აცხუნებს, ყველი ჩრდილში გადამაქვს ხოლმე"


მარჯანიშვილის ქუჩაზე, მეტროს გვერდით, გარე მოვაჭრეებს გვერდს  ვერ აუვლით. როგორც ყველგან, აქაც პროდუქტს პირდაპირ ასფალტიდან გთავაზობენ. ერთ-ერთი გარე მოვაჭრე, ჭაღარა მამაკაცი მეუბნება, - ყველი გორის რაიონიდან მომაქვს და მომხმარებელი არ მაკლია, დღეს, მაგალითად, 6 კილო გავყიდეო.

- ქუჩაში ყიდით, ავტომობილები მოძრაობენ, მტვერი არ ედება ყველს?
- ცელოფანში მაქვს ყველა თავი, მტვერი როგორ უნდა დაედოს?

- მზე რომ აცხუნებს?

- მზე რომ აცხუნებს, ჩრდილში გადამაქვს ხოლმე.

შორიახლო რამდენიმე ქალბატონი მწვანილს, რძის პროდუქტებს და ქალის წინდებს ყიდის.

- ვიცი, ბევრს არ მოსწონს ქუჩაში რომ ვვაჭრობთ, მაგრამ ისიც იციან, ჩვენთან ყველაფერი იაფია. რამე რომ არ გაგვიფუჭდეს, ფასსაც ვაკლებთ ხოლმე. მყიდველებიც კმაყოფილები არიან. ერთხელ ერთმა ქალმა ჩამიარა და ზიზღით გადმომხედა, თან ჩაილაპარაკა - რა არაესთეტიკურია აქაურობაო. ვინც  არსებობისთვის იბრძვის, სულ არ აინტერესებს შენი ესთეტიკა.

"საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის" დირექტორი მადონა კოიძე სიტუაციას საგანგაშოს უწოდებს:

- ერთადერთი მაკონტროლებელი სტრუქტურა, რომელსაც ევალება სურსათის ეროვნული კონტროლი სახელმწიფოში, "სურსათის ეროვნული სააგენტოა", მაგრამ ეს უწყება გარევაჭრობას არ ზედამხედველობს, რადგან გარევაჭრობა კანონდარღვევაა, რომელიც უნდა იყოს აღკვეთილი. მასზე დაწესებულია საჯარიმო სანქციები. მართალია, საპატრულო პოლიცია პერიოდულად ებრძვის გარევაჭრობას, თუმცა მათი გატარებული ღონისძიებები საკმარისი არ არის. "საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ" ლაბორატორიული კვლევისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოს სხვადასხვა ბაზრობაზე ამჯერად ყველის ნიმუშები შეიძინა, შედეგებს მოსახლეობას რამდენიმე დღეში გავაცნობთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
(სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).
kakha
15 ივნისი 2014 10:24
დანგრეული სკვერები, გაპარტახებული ბაღები და დამტვრეული სკამები, ან საერთოდ გამქრალი, შუა რუთაველზე ბოსტნეულით და მსესუმზირით მოვაჭრე ხალხი, თრა ტბილისელი, უკულტურობა და სოფლით გაჭედილი ქალაქი, რომელიც ვეღარ სუნთქავს..............ეს არის დღევანდელი ქალაქის სურათი.........................ნარმანია გიშველით
x
01 ივნისი 2014 16:15
ყველაფერთან ერთად აფერისტი გამყიდველები . გატყუებენ წონაში 300 გრამს მინიმუმ . ვიდრე ჩემი სასწორით არ დავიწყე აწონვა ერთი კილო მეგონა ძალიან ცოტა . :)
საოცარი სისწრაფით და ჯონგლიორობით გიცვლიან შენს მიერ არჩეულ საღ პროდუქტს და პარკში გიწყობენ დამპალს . ჩემი ხელით ავარჩიე კარგი პომიდორი და სახლში რომ პარკი გავხსენი შემრჩა შავი სიდამპლისგან .
და კიდევ ერთი ძალიან ხშირად შემჩნეული თაღლითობა . გედავებიან რომ მიეცი ნაკლები ღირებულების კუპიურა და შესაბამისად ხურდას გაძლევენ ნაკლებს. მაგ. მიეცი ათ ლარიანი და იყიდე 3 ლარის პრუდუქტი . მიტრიალდება , მოტრიალდება და გიბრუნებს უკან ხურდას 2 ლარს და გიმტკიცებს რონ ხუთ ლარიანი მიეცი და იწყებს წივილი კივილს და მოჰყავს მოწმედ გვერდით მდგომი ასევე აფერისტი გამყიდველები და იქ მერე რაც ხდება თქვენი ფანტაზიიით წარმოიდგინეთ, ასეთი შემთხვევეი ძალიან ხშირია და ეს შემთხვევითი არაა, ეს მათი მოგების კიდევ ერთი ბინძური ხერხია.
ისე აღსანიშნავია რომ ბაზრობის პროდუქტების გამყიდველები, სადაც იყიდება შაქარი, ფქვილი და ასე შემდეგ გაცილებით უფრო პატიოსნად ვაჭრობენ და ცდილობენ მუდმივი კლიენტები ყავდეთ , ვიდრე ბაზრის გამყიდველი . მოკლედ მანდ არ ღირს არაფრის ყიდვა . ის სიბინძურე რას ქუჩის პირასაა არაფერია იმასთან შედარებით რაც შენობების სიღრმეშია, იქ სადაც საწყობებია . ვერ წარმოიდგენთ იქ რა სიტუაციაა , აი თუნდაც გზის პირას განლაგებული სახაჭაპურეების უკან რა ხდება რომ ნახოთ, საცხობში აღარ იყიდით საერთოდ არაფერს . ისე ჯობია სუპერმარკეტში იყიდო , თუმცა იქაც ვადა , პროდუქცია , რაოდენობა ყველაფერი უნდა აკონტოლო .
tamaz
28 მაისი 2014 17:30
ჯერ ერთი, მანდ სულაც არაა პროდუქტი იაფი, ფასი ვითომ ნაკლებია, მარა გატყუებენ წონაში, ზომაში და ა.შ. მეორეც, იაფიც რომ იყოს, ეგ ნაგავი სახლშში როგორ უნდა მიიტანო ადამიანმა? კატროფილი ან ჭარხალი იყიდო, კიდევ დასაშვებია, უნდა გაფცქვნა, გარეცხო, მოხარშო. ჭადის ფქვილს, ყველს, ხორცს, მთელი დღე მზეზე რომ დევს და მტვერი ედება, რა შემაჭმევს? ჯანმრთელობას გაუფრთხილდით ხალხო, ნუ დაზოგავთ ორ კაპიკს, თორემ მერე ასმაგის გადახდა მოგიწევთ მკურნალობისას.

რედაქტორის რჩევით