"დღეს "ნასილშჩიკი" ვის რა შავ ქვად უნდა" - კვირის პალიტრა

"დღეს "ნასილშჩიკი" ვის რა შავ ქვად უნდა"

"ოჯახი რომ შემოგყურებს, რას არ გააკეთებ! "ტაჩკით"  დღეში 4 ტონაც გადამიტანია. ზურგით კიდევ ერთ ჯერზე 100 კილოც ამიწევია"

რაც ჩვენმა დიდმოხელეებმა საკუთარ თავს ისეთი პრემიები გამოუწერეს, რამდენიმე ასეული ხელმოკლე ოჯახის შენახვას რომ ეყოფოდა, მომინდა გამეგო, თავს რითი ინახავენ საზოგადოების ყველაზე დაბალი "თანამდებობების" პირები, თუნდაც მტვირთავები, ადამიანები, რომელთაც დღეში რამდენიმე ტონა ტვირთი გადააქვთ, რომ მიღებული გროშებით ოჯახები არჩინონ. "ნასილშჩიკების" მოსაძებნად შორს წასვლა არ დამჭირვებია - რკინიგზის სადგურზე მათ ყველგან წააწყდებით.

თბილისელ ქურთებს მტვირთავობას  უკვე დიდი ხანია სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულები ჩაენაცვლნენ. ახლა მათ შორის მრავლად შეხვდებით ყოფილ პედაგოგებს და ინჟინრებს... მართალია, ამ უკანასკნელებმა საუბარზე უარი განმიცხადეს, - რა გვეინტერვიუება, პურის ფული ვერ გვიშოვია, აი, ტვირთი თუ გაქვს, გადაგიტანთო... მაგრამ მოსაუბრე მაინც გამოჩნდა, - სტაჟიანი "ნასილშჩიკი" ჯემალი...  ურიკაზე წამომჯდარი სევდიანად რომ გასცქეროდა ცარიელ სადგურს - ჩემი რა მიდის, კლიენტი მაინც არ ჩანს და დაგელაპარაკებიო... მერე ხელისგული გაშალა და 4 ლარი მიჩვენა:

- დილის 6 საათიდან, ოზურგეთის მატარებელს რომ დავხვდი, ამ 11 საათამდე მარტო ესა მაქვს ნაშოვნი და რა გუნებაზე უნდა ვიყო, ამას არ სჯობია, მკვდარი ვიყო?!

- შენ ეს მითხარი, ამ 5 საათში ტვირთი არავის ჰქონდა გადასატანი?

- აბა, ტვირთი საიდან უნდა იყოს, როცა მატარებლები აღარ დადიან! 3-4 მატარებელი ჩამოდის  და ისიც ნახევრად ცარიელი. ვინც ჩამოდის, ყველა ბორბლებიან ჩანთებს თავად მოაგორებს, "ნასილშჩიკი" ვის რა შავ ქვად უნდა.

- რა გამოდის, სამუშაო ბორბლებიანმა ჩანთებმა გაგიჩერათ, თუ ცარიელმა რკინიგზამ?

- მუშაობა იმან გაგვიჩერა, რომ ჯიგარი რკინიგზა გააფუჭეს. ადრე მატარებლებით და ხალხით იყო სადგური სავსე, ახლა დღე ისე გავა, მატარებელი არ გამოჩნდება. აბა, ვაგონში შედი, რა ჭუჭყი და სუნია. თანაც მატარებელი ისე დაღოღავს, ხალხს ურჩევნია, "მარშრუტკით" იაროს. აფსუს, რა რკინიგზა გაფუჭდა. აბა, იაპონია ნახე, რკინიგზა რა უმაღლეს დონეზე აქვთ შენახული?!

- ეგ იცი?

- რატომ არ უნდა ვიცოდე, "ნასილშჩიკი" რომ ვარ?

- თვეში საშუალო შემოსავალი რამდენი გაქვს?

- ეგრე, 300 ლარი.

- ამ ფასად დღეში რამდენი ტვირთი გადაგაქვთ?

-  "ტაჩკით" დღეში 4 ტონაც გადამიტანია. ზურგით კიდევ ერთ ჯერზე 100 კილოს აწევაც შემიძლია.

- მუშაობა არ არისო და 4 ტონა ტვირთს საიდან აგროვებ?!

- ორ დღეში ერთხელ ერევნის მატარებელი მოდის. სომხები ყველაფერს თბილისიდან ეზიდებიან.  ბაზრიდან ერევნის მატარებლამდე ერთი ტონის მიტანა 10 ლარი ჯდება. ყველაზე ძნელი "ტაჩკის" ლიანდაგებზე გადატარებაა. მერე ტომრებს ვაგონში ვეზიდები. ტონა ეგრე, 15-20 ტომარაა. ტონიანი "ტაჩკა" 3-4 გადაგვაქვს. მეტი არც შეგვხვდება და გადატანაც ძნელია, - ჯანი არ არის.

- ამხელა ტვირთს გადატანის შემდეგ ფეხზე როგორ დგახართ?

- არ უნდა დავიღუნო, თორემ თუ  დავიღუნები, ვეღარც გავიშლები... მერე ტკივილმა რომ გაიაროს, "ტაჩკაზე" ვწვები. ზოგჯერ ვიძინებ ხოლმე. საღამოს ცოლი იოდის "კლეტკებს" დამადებს და სულ ეგ არის. აღარც ჭამა მინდა და აღარც არაფერი.

- ალბათ მძაფრი კონკურენცია გაქვთ.

- ბაზრის მტვირთავები გვაწვებიან - თქვენი ტერიტორია სადგურია, იქ იმუშავეთ, ჩვენ სამუშაოს არ დაგითმობთო! ხანდახან მაგარი ჩხუბიც ხდება.

- "კლეტკები" უშველის, კაცი დღეში 4 ტონა ტვირთს რომ გადაიტანს და მერე სცემენ?!

- გვშველის - არ გვშველის, უნდა ვიმუშაოთ. ოჯახი რომ შემოგყურებს, რას არ გააკეთებ!.. მითხრა ჯემალმა და ხელი ჩაიქნია... მერე თავისი 4 ლარი ჯიბეში ჩაიყარა, ურიკას ხელი დაავლო და გამოუმშვიდობებლად დამცილდა. მიდიოდა და მიხრიგინობდა. მეც შევყურებდი და ვფიქრობდი, რომ ისიც ისეთივე ადამიანია, როგორიც ყოველი ჩვენგანი, მაგრამ ყველაფერი ადამიანური აკლია, ისე როგორც ძალიან ბევრს ჩვენს ქვეყანაში.