მტკვარს ნაპირს აცლიან?! - კვირის პალიტრა

მტკვარს ნაპირს აცლიან?!

"ვიღაცები ფულს აკეთებენ და ჩვენ ვზარალდებით"

"ღმერთმა არ ქნას და წყალი რომ ადიდდეს, ამ აყალო მიწას სულ თან წაიღებს და მოსახლეობას შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს..."

დარიალის ხეობაში მომხდარმა ტრაგედიამ კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ბუნების სიმკაცრეზე... 2011 წელს, რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილ ღვარცოფს - ექვსი, ხოლო 2012 წელს თბილისში (ორთაჭალაში) ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა... ექსპერტთა ნაწილი სამივე შემთხვევას ბუნების სასჯელს უწოდებს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ ყველაფერს ადამიანებმა შეუწყვეს ხელი... როგორც ერთი კახელი გლეხი იტყოდა: "ბუნების გამკაცრებას ჩვენ, ორფეხა ცხოველები ვუწყობთ ხელს!"... რაღა შორს წავიდეთ, აქვე, ჩვენ ცხვირწინ მიმდინარეობს სამუშაოები, რომლებმაც შესაძლოა, თბილისს საფრთხე შეუქმნას... ხრეშგამოცლილი მტკვრის მარჯვენა სანაპირო და გადატეხილი ხეები... ეს ფოტომასალა რამდენიმე დღის წინ "თბილისი მოლის" მიმდებარედ გადავიღეთ. იქ მაშინ მივედით, როდესაც გაჭრილი ორმოდან ტრაქტორით ქვიან მასას, ხრეშს იღებდნენ. როგორც ერთ-ერთმა მუშამ გვითხრა, მოპოვებულ სასარგებლო წიაღისეულს სარეალიზაციოდ ამზადებდნენ.

- ხრეშს ვიღებთ და ვყიდით. მერე ამ ორმოს მიწით ვავსებთ.

- რომელი კომპანია აწარმოებს სამუშაოებს?

- შენ გაინტერესებს? მითხარი ნომერი და დაგიკავშირდებიან... (თუმცა არავის დაურეკავს).

როგორც გავარკვიეთ, ამ ტერიტორიაზე სამუშაოებს კომპანია "ფორ გრუპი" აწარმოებს. იქ მცხოვრებთა თქმით, ყოველდღიურად ამ ადგილიდან მიწით დატვირთული რამდენიმე სატვირთო მანქანა გადის...

გ.ღ. ერთ-ერთი მცხოვრები: "ამას წინათ ვიყავი ჩასული და ვნახე, მტკვარს სანაპიროზე ქვიანი მასა გამოცლილი აქვს, მის ადგილას კი აყალო მიწას ყრიან... ღმერთმა არ ქნას და წყალი რომ ადიდდეს, ამ აყალო მიწას სულ თან წაიღებს და მოსახლეობას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს..."

საუბარში ხანდაზმული მამაკაცი ერთვება: - ვიღაცები ფულს აკეთებენ და ჩვენ ვზარალდებით... როგორ შეიძლება, მტკვარს სანაპირო გამოაცალო? ღმერთმა არ ქნას, რამე მოხდეს. ამათ თუ ასე გააგრძელეს, იქნება წყალი ზემოთაც ამოვიდეს....

დასაშვებია თუ არა ამ ტერიტორიაზე ამგვარი სამუშაოების წარმოება? გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აქ წიაღისეულის მოპოვების ლიცენზია ეკონომიკის სამინისტრომ 2010 წელს გასცა.

რამდენიმე დღის წინ უწყების ცხელ ხაზზე შესული ინფორმაციის შემდეგ ამ ტერიტორიაზე გაზომვითი სამუშაოები ჩატარდა, რის შემდეგაც გაირკვა, რომ კომპანია, სალიცენზიო კონტურის ფარგლებს გარეთაც აწარმოებდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებას.

ნელი კორკოტაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მთავარი სახელმწიფო ინსპექტორი: - დეპარტამენტში მიმდინარეობს ამ საკითხის შესწავლა. მალე გვეცოდინება, კონკრეტულად რა ფართობზე ტარდებოდა უკანონო სამუშაოები და რა რაოდენობის წიაღისეულია მოპოვებული. თუ გამოვლინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტი, შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ და მიყენებულ ზარალს დავიანგარიშებთ. თუ თანხა გადააჭარბებს 1 500 ლარს, აღიძვრება სისხლის სამართლის  საქმე.

- ფაქტობრივად, მდინარეს სანაპირო ეცლება. ხედავთ თუ არა ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს?

- როდესაც ლიცენზიას გასცემენ, იმ ტერიტორიაზე უნდა შედგეს გეო-საინფორმაციო პაკეტები, რომლებშიც გათვალისწინებულია გეო-ეკოლოგიური  გართულების თავიდან აცილების ღონისძიებები. ამ დასკვნის საფუძველზე უნდა გაიცეს სწორედ ლიცენზია, რათა  თავიდან ავიცილოთ ნაპირის გარეცხვის საფრთხე და წყალმა მიწა არ მიიტაცოს. ეს არის კომპლექსური შესწავლის საგანი და ჩვენ ამას ყველაფერს  ვსწავლობთ.

რას დაადგენს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - უქმნის თუ არა სამუშაოები საფრთხეს ამ ტერიტორიას და რა რეაგირებას მოახდენს სახელმწიფო უწყება, ამას "კვირის პალიტრის" უახლოეს ნომრებში გაცნობებთ.

იხილეთ სიუჟეტი www.palitratv.ge-ზე

თორნიკე ყაჯრიშვილი