"სითი პარკი", შესაძლოა, საჯარიმოზე "შეაგდონ"?! - კვირის პალიტრა

"სითი პარკი", შესაძლოა, საჯარიმოზე "შეაგდონ"?!

როდის გაცხადდება "სითი პარკის" ე. წ. კომერციული საიდუმლო

"სითი პარკი" თანამშრომლებს ხელშეკრულებით ავალდებულებდა დღეში

21 მძღოლის დაჯარიმებას და 8 მანქანის ევაკუირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ"

"კომპანია "სითი პარკს", შესაძლოა, ფინანსური პრობლემები შეექმნას, თუკი ყველა დაზარალებული საჯარიმო სადგომზე ავტომობილების უკანონოდ გადაყვანის გამო ზიანის ანაზღაურებას მოსთხოვს", - მიაჩნია ადვოკატ როინ მიგრიაულს, რომელმაც საკუთრების უფლების დარღვევისთვის "სითი პარკს" სასამართლოში უჩივლა და პირველ ინსტანციაში საქმე მოიგო. მიგრიაულმა ვაჟა-ფშაველას გამზირზე ავტომობილი ოფიციალურად დახაზული სადგომის მიღმა გააჩერა, მაგრამ მანქანა მოძრაობას არ აფერხებდა და არც საავარიო სიტუაციას ან საცობს ქმნიდა.

"სითი პარკმა" ავტომობილი საჯარიმო ავტოსადგომზე გადაიყვანა და მძღოლს ათლარიან ჯარიმასთან ერთად მანქანის დასაბრუნებლად 60 ლარის გადახდაც მოუხდა. სასამართლომ კომპანიას ავტომობილის უკანონოდ გადაყვანის გამო ზიანის ანაზღაურება დააკისრა, თუმცა, "სითი პარკმა" თავი დამნაშავედ არ ცნო და სააპელაციო სასამართლოში იჩივლა. მიგრიაულს იმედი აქვს, რომ ამ შემთხვევაშიც გაიმარჯვებს და მისი საქმე სხვა დაზარალებულ მძღოლებსაც გაუხსნის ხელ-ფეხს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ თუ ავტომობილი არ აფერხებს მოძრაობას, არ ქმნის საცობს და საავარიო სიტუაციას, მძღოლს მხოლოდ არასწორი გაჩერებისთვის უნდა გამოეწეროს ჯარიმა და გააფრთხილონ, რომ მანქანა ადგილიდან გაიყვანოს. მეტიც, როინ მიგრიაულის თქმით, საკანონმდებლო რეგულაციების მიხედვით, "სითი პარკს" ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლება არა აქვს.

როინ მიგრიაული: - "სითი პარკი" არის შპს, კერძო სამართლის სუბიექტი, რომელსაც რამდენიმე საჯარიმო სანქციის დელეგირების უფლება მიანიჭა მერიამ, მაგრამ კანონით მას არა აქვს უფლება, შეეხოს ვინმეს კერძო საკუთრებას და სადმე გადაიყვანოს. ეს არის სახელმწიფო სტრუქტურის საქმე. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლში წერია, რომ საჯარიმო სადგომზე გადაყვანას ექვემდებარება მიტოვებული ავტოსატრანსპორტო საშუალება. თუკი ავტომობილიდან რამდენიმე წუთით გადახვედი, სამოქალაქო სამართლის მიხედვით, ეს არ ნიშნავს მიტოვებას და არავის აქვს უფლება, უაპელაციოდ მოჰკიდოს შენს საკუთრებას ხელი და სადღაც წაიღოს. ეს არის სამართლებრივი განუკითხაობა და ქაოსი. ამიტომაც აუცილებელია, კანონში დაზუსტდეს "სითი პარკის" და მძღოლის ურთიერთობის წესი და ზუსტად განისაზღვროს ტერმინები. დარწმუნებული ვარ, დღემდე უამრავი ადამიანი მოიგებდა სარჩელს, რომ არ უმძიმდეთ სასამართლოში ბაჟის და ადვოკატის ხარჯების გადახდა. ცალკე თემაა ისიც, თუ როგორ აზიანებენ ავტომობილებს საჯარიმოზე გადაყვანის დროს. ამაზეც პასუხი უნდა მოვთხოვოთ "სითი პარკს". სამოქალაქო საზოგადოება უნდა გააქტიურდეს და თავისი უფლებების დაცვა ისწავლოს...

როინ მიგრიაული და ზვიად ტომარაძე  წარმოადგენენ მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს, რომელიც "სითი პარკის" წინააღმდეგ მოძრაობას იწყებს...

"ეს არის ორგანიზაცია, რომლის ეფექტური მუშაობა გამოიხატება დედაქალაქში პარკირების სახელით ფულის მოხვეჭაში, რეალურად კი არაფრის გამკეთებლები არ არიან. თეთრი საღებავით უსახურ სადგომებს ხაზავენ, სადაც ძირითადად ნაგვის ბუნკერები დგას, ორმოებია ან კუნძები, რაც  ავტომობილის გაჩერების საშუალებას არ იძლევა. მათ მიითვისეს ტროტუარების უზარმაზარი ნაწილი და ქვეითად მოსიარულეებს მხოლოდ საცალფეხო ბილიკები დაუტოვეს. ეს არის ორგანიზაცია, რომელსაც თბილისის მერიამ აუნთო მწვანე შუქი. ბევრი ფაქტორი მეტყველებს, რომ "სითი პარკის" მეშვეობით ფულის შოვნით სწორედ მერიის თავკაცები იყვნენ დაინტერესებული, - აცხადებს საინიციატივო ჯგუფის წევრი ზვიად ტომარაძე, რომელიც უშუალოდ ყოფილ მერს - გიგი უგულავას ადანაშაულებს "სითი პარკის" მფარველობაში.

ზვიად ტომარაძე: - ამ კომპანიასა და მერიას შორის შვიდი წლის წინ დადებული ხელშეკრულების ნაწილი კვლავ გასაიდუმლოებულია. საკრებულოსაც კი არ აძლევენ. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ჯაბა სამუშია 2010 წლიდან ამაოდ ცდილობდა ამ ხელშეკრულების თავდაპირველი ვარიანტის ხელში ჩაგდებას. მერიამ მხოლოდ 2013 წლის 16 დეკემბერს მოიღო მოწყალება და ხელშეკრულების პირველი ნაწილის გაცემა ინება, მეორე ნაწილის მოწოდებაზე უარი კი ასე ახსნა: დოკუმენტი შპს "სითი პარკის" კომერციული საიდუმლოაო(?!). ვფიქრობ, სწორედ ეს ვითომ კომერციული საიდუმლო ახდის ფარდას პარკირების შესახებ ჩატარებული ტენდერების სახელით განხორციელებულ მაქინაციებს, იმას, რომ "სითი პარკის" უკან კორუფციული სქემა არსებობს და მის სათავეში დგას ყოფილი მერი უგულავა. ეჭვი კიდევ უფრო გაამძაფრა 2013 წლის აპრილში "სითი პარკის" თანამშრომლების გაფიცვამ. ისინი აცხადებდნენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობა აიძულებდათ, დაეჯარიმებინათ გარკვეული რაოდენობის მანქანები. ხელშეკრულებით ავალდებულებდნენ დღეში 21 მძღოლის დაჯარიმებას და 8 მანქანის ევაკუირებას. წინააღმდეგ შემთხვევაში სამსახურიდან გაშვებით ემუქრებოდნენ.

საკრებულოში მოხვედრის შემთხვევაში "სითი პარკის" წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს ჟურნალისტი ალექსანდრე ელისაშვილი. მანამდე კი ადვოკატ როინ მიგრიაულთან ერთად ვიბრძოლებთ ჩვენი მოქალაქეების უფლებების დასაცავად. დავიწყეთ მოლაპარაკება პარლამენტთან და ცვლილებების კანონპროექტი, სავარაუდოდ, საზაფხულო სესიაზე გავა".

"სითი პარკს" 2007 წელს 15 წლით გადაეცა თბილისში პარკირების ორგანიზება, თუმცა, ამბობენ, რომ შექმნილი ვითარების გამო შესაძლოა, კომპანია თვითონვე გაუშვან საჯარიმოზე.