"მერე რა, რომ წყალი არც ისე სუფთაა..."
21-07-2014
"მერე რა, რომ წყალი არც ისე სუფთაა..."
ბოლო დღეებში ჩვენს ქალაქში ტემპერატურამ საგრძნობლად მოიმატა და შესაბამისად, მოიმატა გაგრილების მსურველთა რიცხვმაც. "კვირის პალიტრამ" ერთი დღე საცურაო აუზზე  და შემდეგ თბილისის ზღვაზე გაატარა და განსხვავებებსა და მსგავსებებზე მსჯელობა თქვენთვის მოგვინდვია.

საცურაო აუზზე შესვლის ფასი დაახლოებით 20-დან 60 ლარამდე მერყეობს, ამას ემატება გასართობი საშუალებები, განსაკუთრებით, თუ ოჯახთან ერთად დასვენება გადაწყვიტეთ;  ცურვის და გარუჯვის შემდეგ სიცხემ  რომ არ დაგახრჩოთ, ბუნებრივია, რამეს დალევა მოგინდებათ, ამას თუ სადილის ღირებულებასაც დავუმატებთ, ერთი დღე კაცს
საშუალოდ 100 ლარზე მეტი დაგიჯდებათ. თუკი ოჯახთან ერთად ისვენებთ, თანხაც შესაბამისად მოიმატებს.
ნინო ჯაჯანიძე, დამსვენებელი: "ოჯახთან ერთად აქ ცხელ დღეებს ვატარებ და ეს არ არის იაფი სიამოვნება. ერთი კაცის შესვლა 2 საათით 25 ლარი ღირს.  ბავშვებზე არის შეღავათები,  თუმცა, უმნიშვნელო. შემდგომ ვიზიტებზე  ფასდაკლებაა, მაგრამ საბოლოოდ
ერთი დღე აქ ყოფნა ოჯახთან ერთად დაახლოებით 100-150 ლარი მიჯდება, ამაში  კვებაც შედის. სამაგიეროდ, ვიცი, რომ აქ სუფთა წყალი და ნორმალური პირობებია".
ვახტანგ მაისურაძე, დამსვენებელი: - აუზზე ყოფნა კარგია, ამხელა ფასები, რომ არ იყოს, მაგრამ რას ვიზამთ. ყოველდღე ვერა, მაგრამ კვირაში ორ-სამჯერ მაინც ვახერხებ მოსვლას.

- რა თანხა გიჯდებათ ერთი დღით აქ დასვენება?
- თუკი კომფორტულად დასვენება გინდა, ფულიც უნდა გქონდეს. სამწუხაროდ, თბილისის მოსახლეობის დიდ ნაწილს არა აქვს იმის საშუალება, რომ აქ დაისვენოს და გაერთოს. მეგობრებთან ერთად მოვდივარ ხოლმე და  200-300 ლარი გვიჯდება აქ ყოფნა. მარტო მზეზე წოლა ხომ არ გინდა? დალევა გვინდა, სადილობა...

...მეორე დღეს თბილისის ზღვაზე ავედი, სადაც უამრავი დამსვენებელი დამხვდა. წინა წლებთან შედარებით პლაჟი  მოწესრიგებულია და არც ისეთი სიბინძურეა, როგორიც შარშან იყო. სანაპიროზე სანაგვე ურნებიც დაუდგამთ, თუმცა, აქაურობა ნაგვის ნაკლებობას მაინც  არ უჩივის და რაც მთავარია, მოუგვარებელია ერთი დელიკატური პრობლემა - როგორც სანაპირო ზოლის დაცვამ გვითხრა, საპირფარეშოები აქ ისევ არ არის.

აუზის მოყვარული საზოგადოებისგან განსხვავებით აქ დასვენებას არც ჯანმრთელობის ცნობა სჭირდება და არც ზედმეტ საათებში თანხების გადახდა.  მერე რა, რომ წყალი არც ისე სუფთაა და გოგონებს სიგარეტის ნამწვავებში წამოწოლილებს  უწევთ ყოფნა.

რეზი, 25 წლის: "ფული რომ მქონდეს,  მე ვიცი, სადაც წავიდოდი. მე რომ მინდა, ისე რომ დავისვენო, დღეში სულ მცირე, 200 ლარი მჭირდება, ხელფასი კი 450 ლარი მაქვს. ამიტომ აქ ამოვდივარ ხოლმე". 

ნინო, 18 წლის: "მე და ჩემი მეგობარი უკვე ერთი კვირაა, აქ ვირუჯებით, მაგრამ წყალში არ ჩავდივართ. სტუდენტი ვარ და იმდენი ფული არა მაქვს,  რომ აუზზე მზეზე წოლაში ფული გადავიხადო".

ნატო, 35 წლის
: "თბილისში უქმეების გატარება საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული.  შვილთან ერთად აქ დილაობით ამოვდივარ, ამ დროს შედარებით სუფთაა წყალი, მოგვიანებით ისეთი ამბავია, წყალში შესვლა არ მოგინდება".

ქეთი, 20 წლის: "სად მაქვს აუზის ფული, თბილისის ზღვა და იმის ჯანი".
თბილისის ზღვის ჯანი არ ვიცი, მაგრამ ამ ადამიანებს ნამდვილად აქვთ ჯანი, რომ ასეთ სიცხეში ზოგიერთი წყალში შეუსვლელად ირუჯება.

ქეთი საგინაშვილი
Deep purple
23 ივლისი 2014 16:38
მდიდრების არის ეს საქართველო !!!!!!!!!! აბა სადა აქვს საწყალ ხალხს ზღვაზე წასვლის ფული :) :) :)

რედაქტორის რჩევით