მშენებლობამ შეიძლება კუს ტბის საბაგირო შეიწიროს - კვირის პალიტრა

მშენებლობამ შეიძლება კუს ტბის საბაგირო შეიწიროს

"სამშენებლო კორპუსის პროექტს ვინც აკეთებს, იმას მაინც უნდა გაეთვალა, რომ ზევით საბაგირო გადის"

რატომ გაჩერდა კუს ტბისა და ვაკის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა? - ეს კითხვა ბევრს გასჩენია. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აუტანელი გახდა თბილისური ზაფხულის ბუღი და დედაქალაქში გაიშვიათებული რეკრეაციული ზონების გამო კუს ტბა თითზე ჩამოსათვლელ, შვების მომგვრელ საშუალებათა შორის აღმოჩნდა. თუმცა, ტბაზე ასვლის მოსურნეებს მოსალოდნელი სიამოვნების მიღებამდე ნამდვილი ჯოჯოხეთის გავლა მოგიწევთ - საკუთარი ავტომობილით ამსვლელები პარკირებისთვის ადგილს ვერ იპოვით. ტაქსი ცეცხლის ფასად აგიყვანთ და ჩამოგიყვანთ, საბაგირო გზა კი 2009 წლის ზამთრის შემდეგ გაჩერებულია.

როდესაც ვაკის პარკთან მდებარე ქვედა სადგურზე ვიკითხე საბაგირო გზა რატომ და რამდენი ხნით დაიკეტა-მეთქი,  მიპასუხეს, ალბათ, სამუდამოდ, ტიციან ტაბიძის ქუჩის ბოლოს, ზედ ვაკის პარკის ჩამოსასვლელთან, მაღალსართულიანი სახლი შენდება და ბაგირი, მით უფრო, გონდოლა, მშენებლობას ხელს უშლისო და მირჩიეს, მერიისთვის მიმემართა. მერიაში მისვლამდე ტაბიძის ქუჩას გავუყევი და ვაკის პარკში ჩასასვლელ ბილიკთან მართლაც წავაწყდი მრავალფუნქციური და მრავალდანიშნულებიანი კორპუსის მშენებლობას. კორპუსს კომპანია "ჯიდი გრუპი" აშენებს. შენობის მაკეტი საკუთარ ვებგვერდზეც აქვთ გამოფენილი. სხვათა შორის, მაკეტის მიხედვით მშენებარე კორპუსის ირგვლივ არანაირი ნაგებობები, არათუ საცხოვრებელი სახლები არ ჩანს, მეტიც, არც საბაგირო გზის არსებობაზე მიუთითებს რამე. არადა, მშენებლობა ზედ ბაგირის ქვეშ მიმდინარეობს და შვიდი სართულის აგების შემდეგ ან ხაზის გაუქმება იქნება გარდაუვალი, ან კიდევ ზემო სართულებზე მცხოვრებთ მოუწევთ გონდოლების ალყაში ცხოვრება.

შევეცადე კომპანია "ჯიდი გრუპისგან" გამეგო, რატომ დაუშვეს საბაგიროს ქვეშ მშენებლობა. თუ იმის გარანტია არა გაქვს, რომ საბაგირო გზა აღარ ამუშავდება, ამხელა კორპუსის მშენებლობას კომერციული ინტერესი ეკარგება, ყველა შემთხვევაში ზედა სართულები ჩალის ფასად გაიყიდება. "ჯიდი გრუპი" სასამართლოს დასრულებამდე კომენტარზე უარს აცხადებს. შესაძლოა, პოსტსაარჩევნო დაძაბულობის გამო არ გვიპასუხეს ძველი მერიის შემადგენლობის პრესსამსახურშიც.

2013 წლის ოქტომბერში ადგილობრივი მოსახლეობის საჩივრის საფუძველზე მშენებლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით შეუჩერებიათ. მაშინ ტაბიძის ქუჩის მობინადრენი ჩიოდნენ, რომ ამ მშენებლობის დაწყებით დაირღვა თბილისის განაშენიანებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის არაერთი მუხლი და პუნქტი, თუნდაც ის, რომ უბანში, არქიტექტურის ტერმინოლოგიით, ზონაში, რომელიც მხოლოდ ორ-სამსართულიანი სახლებით არის განაშენიანებული, თუ განსაკუთრებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ფაქტორები არ მოითხოვს, კატეგორიულად დაუშვებელია მაღალსართულიანი კორპუსების აშენება.

ვისაც ერთხელ მაინც გაგივლიათ ვაკეში, ტიციან ტაბიძის ქუჩაზე, ნახავთ, ვიწრო ქუჩაზე ორმხრივად როგორ გაჭირვებით მოძრაობენ ავტომობილები. ქუჩა კიდევ უფრო ვიწროვდება ბოლოში, კუს ტბისკენ ველური (უასფალტო, მთის) გზის ასახვევთან, სადაც ავტომობილის მობრუნებაც კი ჭირს. იოლი წარმოსადგენია, რა ჯოჯოხეთი დატრიალდება, თუ ამ ტერიტორიაზე მაღალსართულიანი და მრავალფუნქციური კორპუსი აშენდება. ტაბიძის ქუჩის მობინადრეთა საჩივარში  საგულისხმო დეტალი აღმოვაჩინე: ამ ქუჩის #124-ში მშენებლობა მიმდინარეობს აწ გარდაცვლილი გიორგი კვიწინაძის კუთვნილ ტერიტორიაზე. რომლის ნაწილი ექვსი წლის წინ ვაკის პარკის საკუთრება ყოფილა და 2008 წელს, გიორგი კვიწინაძეს კაპიკებად მიჰყიდა თბილისის მერიამ.

მერიის ადმინისტრაციის მიერ გაცემულ დოკუმენტში გარკვევით იკითხება, რომ გიორგი კვიწინაძეს მანამდე კანონიერად კუთვნილ 659 კვმ ფართობთან ერთად დაუკანონეს მის მიერ უკანონოდ დაკავებული 505 კვმ ფართობი (ვაკის პარკის მიწა), ოღონდ ამაში 3.151 ლარი გადაახდევინეს. ვაკეში, თანაც პარკში, მიწა კაპიკებად გაიყიდა?!

ტაბიძის ქუჩის მობინადრენი აცხადებენ, რომ #124-ში მდებარე მიწის ნაკვეთის მიმართ მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს საკუთარი ინტერესები ჰქონდათ.

"კვიწინაძეს ვითომ უკანონოდ მის პირად სარგებლობაში არსებული ვაკის პარკის მიწა "აყიდვინეს", რათა შემდეგ იქ კორპუსი აეშენებინათ. მიწა მიიტაცეს და დაიკანონეს, შემდეგ საბაგირო მიმოსვლა შეაჩერეს და სასურველ კომპანიას "ჯიდი გრუპს"  დასაშვებზე ბევრად აღმატებული მოცულობის შენობის აშენების უფლება მისცეს. როგორც ვიცით, აწ გარდაცვლილ კვიწინაძეს დაჰპირდნენ, რომ  კუთვნილი მიწის ფართობის მიხედვით რაც ერგებოდა, ახალ კორპუსში იმაზე მეტს მისცემდნენ. თუ მეზობლობის ხათრით არა, კანონის პატივისცემით მაინც ეთქვა კვიწინაძეს რას გვიპირებდნენ მერიაში მოკალათებული დამნაშავეთა კლანის წარმომადგენლები", - ბრაზობენ ტაბიძელები, რომელთაც სასამართლოს ქვედა ინსტანციებში კი მოიგეს საქმე, მაგრამ როგორც თავად ამბობენ, მშენებელი "ჯიდი გრუპი", უფრო კი მის სახელს ამოფარებული მერიის უკვე ყოფილი ჩინოსნები საპირისპირო სარჩელებით იბრძვიან, რომ საქმე კუბლაშვილის "კანტორამდე" მიიყვანონ, სადაც მშენებლობის გაგრძელების დასტურს მიიღებენო.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საბაგირო სამსახურის უფროს ზურაბ ზურაბიშვილთან საუბარში გაირკვა, რომ 2009 წლის ზამთარში კუს ტბის საბაგირო გზა სეზონურად გაჩერდა: "ზამთარში ჩერდებოდა და მაისიდან ოქტომბრის ბოლომდე მუშაობდა. როდესაც მოძრაობა შეაჩერეს, საბაგირო "თბილბაგირტრანსის" ხელში იყო, შემდეგ ჩვენ გადმოგვეცა.

2010 წლის გაზაფხულზე მერიას უნდა გამოეყო თანხა, რომ სადგურს სეზონური სამუშაოები ჩატარებოდა. გამოგვიცხადეს, ამ გზაზე ფულს ვეღარ დავხარჯავთ, ახალი უნდა გავაკეთოთო. მას შემდეგ გაჩერდა და გაჩერდა.

- გინახავთ ტაბიძის ქუჩაზე საბაგიროს ქვეშ არსებული მშენებლობა? ამბობენ, ამის გამო შეაჩერეს სადგურის ფუნქციონირებაო.

- არ მინახავს, მაგრამ თავის დროზე მერიას ვუთხარი, რომ საჭიროა ამ ხაზობრივი ნაგებობების დარეგისტრირება. ბაგირი, ტროსი ხაზობრივ ნაგებობად რომ დარეგისტრირებულიყო, ქვეშ მშენებლობები შეიზღუდებოდა. სამშენებლო კორპუსის პროექტს ვინც აკეთებს, იმას მაინც უნდა გაეთვალა, რომ ზევით საბაგირო გადის. ამ მშენებლობის გამო კუს ტბაზე საბაგირო რომ არ ამუშავდეს, დანაშაული იქნება!

ქვეყანას და ქალაქს თუ პატრონი ჰყავს, სულაც დაანგრევინებენ ტაბიძეზე შენობას და საბაგიროს არ გააუქმებენ.

- როგორ მდგომარეობაშია საბაგირო გზა?

- მოძველებულია. 30 წლის არის, მაგრამ ყოველ წელს დეფექტოსკოპია უტარდება, ბაგირი სრულ წესრიგში იყო.  გონდოლებია პატარა, 15-კაციანი გონდოლებით უნდა ჩანაცვლდეს და სადგური თანამედროვე,  კომპიუტერულ მართვაზე გადავიდეს.

ახალი მერიის შემადგენლობას დაველაპარაკებით და ვნახოთ, რას გადაწყვეტენ. მერიას თავის დროზე ჩვეულებისამებრ რომ გამოეყო თანხები, საბაგირო გზაც ჩვეულებრივად იმუშავებდა. იქნებ თბილისის ტექნოლოგიური განვითარების ფონდს მიმართოთ, მაგათ უნდა გიპასუხონ, აპირებენ თუ არა კუს ტბის რეკონსტრუქციას.

ჩვენ დავუკავშირდით ამ ფონდს და ვიკითხეთ, ტაბიძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობის გამო საბაგიროს გაუქმება ხომ არ ემუქრება? საკითხს განვიხილავთ და დაგირეკავთო, თუმცა, განხილვის პროცესი უცნაურად გაჭიანურდა და სატელეფონო ზარებზეც პასუხი არ ისმის.

საბაგირო გზა

კუს ტბის საბაგირო გზა   XX საუკუნის მეორე ნახევარში აშენდა, 2009 წელს კი ფუნქციონირება შეწყვიტა. მისი მთავარი დანიშნულება იყო უმოკლესი გზით კუს ტბის დაკავშირება ქალაქის ცენტრთან. საბაგიროს დამპროექტებელი ცნობილი ინჟინერი ვახტანგ ლეჟავა იყო. მანძილი სადგურებს შორის დაახლოებით 1140 მეტრს შეადგენს. ზემო სადგური კუს ტბის ნაპირას, ზღვის დონიდან 700 მეტრზე მდებარეობს.