რატომ იქმნება ხელოვნურად თბილისის ქუჩებში საცობები - კვირის პალიტრა

რატომ იქმნება ხელოვნურად თბილისის ქუჩებში საცობები

"რატომღაც ნაგვის მანქანები ზუსტად იმ დროს გამოდიან სამუშაოდ, როცა ქალაქში პიკის საათია"

ორი კვირის წინ უცხოელ რესპონდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე ერთი საათით იმის გამო დამაგვიანდა, რომ იოსებიძის ქუჩაზე შუადღით "მონარნარე" ნაგვის მანქანა სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ავტომობილებმა გვერდი ვერაფრით აუარეს. ვიწრო და ცალმხრივ ქუჩაზე შპროტივით ჩაწყობილი ავტომობილების კოლონა დიდხანს უშედეგოდ ასიგნალებდა. სტაფილოსფერი ავტომობილი და მისი ეკიპაჟი აუღელვებლად განაგრძობდა ურნების ნაგვისგან გათავისუფლებას... როცა მეგონა, სამშვიდობოს“გავედი-მეთქი, ზუსტად იმავე სიტუაციაში აღმოვჩნდი ლეონიძისა და ქიქოძის ქუჩებზე. სცენარი აქაც იმავენაირად განვითარდა, - კუს ნაბიჯებით გავლილი ორი პატარა ქუჩა და სხვადასხვა სიხშირის გაუთავებელი სიგნალი... დანიშნულების ადგილზე მისვლამდე ერთი საათის მომლოდინე რესპონდენტს რამდენჯერმე დავურეკე და ავუხსენი სიტუაცია, თუმცა, მოთმინების ფიალაავსებული უცხოელი ჩემს ბოლო ზარზე ქართულ პუნქტუალურობაზე რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა - თქვენ დროის ფასი არ იცითო... არადა, ყველაფერი ზუსტად მქონდა გათვლილი, რომ არა ნაგვის მანქანებისგან ხელოვნურად შექმნილი ბარიერები, დანიშნულების ადგილზე 10 წუთით ადრეც უნდა მივსულიყავი... დეტალურად რომ დამეწყო ახსნა, რის გამო დავაგვიანე, ალბათ, არც დაიჯერებდა.

55 წლის ვაჟა ხვადაგიანი 25 წელია საჭესთან ზის. ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე საცობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ პიკის საათებში სამუშაოდ გამოსული ნაგვის მანქანებია.

"ვერავინ გიპასუხებთ, რატომ გადაწყვიტა ქალაქის დასუფთავებამ, რომ ნაგვის მანქანები ზუსტად იმ დროს უნდა გამოვიდნენ სამუშაოდ, როცა პიკის საათია! მართალია,

წლების წინ თბილისის ქუჩებში ამდენი ავტომობილი არ დადიოდა, მაგრამ შუადღისას ვერც ნაგვის მანქანას ნახავდით.

მათიც მესმის, ვინც დასუფთავებაში მუშაობს, უნდათ, დღისით მორჩნენ საქმეს, მაგრამ სად გაგონილა პიკის საათებში გადაადგილების კიდევ უფრო შეზღუდვა და საცობის ხელოვნურად შექმნა? ამასაც რაიმე ფილოსოფია და პროექტის დაწერა ხომ არ უნდა? ნუთუ ეს პრობლემა ხელისუფლებას არ აწუხებს?

მეეზოვეები შუაღამისას რომ იწყებენ ქუჩების დაგვას, იმათ არ უნდათ ძილი?!".“

ლეილა შეყლაშვილი ცოტა ხნის წინ მომხდარ ფაქტს იხსენებს: "ერთი თვის წინ 4 წლის შვილიშვილს სიცხემ აუწია და კრუნჩხვაში ჩავარდა. დრო მოვიგეთ და სასწრაფო არ გამოვიძახეთ, საკუთარი მანქანით გავვარდით საავადმყოფოში. ნინოშვილის ქუჩაზე საშინელ საცობში მოვყევით. სკოლასთან ნაგვის მანქანა ბუნკერებს ცლიდა... გალურჯებული ბავშვი მეკავა  და გავკიოდი... ყოველი წამი გადამწყვეტი იყო, რომ დამეგვიანა, შეიძლებოდა, ბავშვი ხელებში ჩამკვდომოდა. მერე მეუღლემ მანქანა ტროტუარზე შეაყენა და ფეხით გავვარდით ცენტრალური ქუჩისკენ. ტაქსი გავაჩერეთ და საავადმყოფოში წავედით. იმ დღეს ღვთის წყალობით გადავრჩით".

მსგავსი პრეტენზიები დასუფთავების სამსახურის მიმართ ბევრია. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სამსახურის მსგავსად, ქალაქში საცობების ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი სუპერმარკეტების წინ დაყენებული სადისტრიბუციო ავტომობილებიცაა. ხშირია შემთხვევა, როდესაც ერთ მაღაზიასთან რამდენიმე ბრენდის სადისტრიბუციო ავტომობილი დგას და ყველა მათგანი გასულია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამართლებრივი სივრციდან.

მაგალითად, ბერლინში დილის 7 საათის შემდეგ სადისტრიბუციო მანქანას ვერ ნახავთ - ყველა ფირმას უკვე დასრულებული აქვს მაღაზიებში პროდუქტების შეტანა. ევროპის ქვეყნებში დასუფთავების სერვისიც ისეა აწყობილი, რომ ვერასდროს დაინახავთ, ქალაქის ქუჩებში ნაგვის მანქანები როდის შედიან და გადიან. ეს ხდება ყოველთვის მაშინ, როცა ქალაქს სძინავს და ქუჩაში ავტომობილები არ მოძრაობენ.

P.S. როგორც დასუფთავების სამსახურის, "თბილსერვის" ცხელი ხაზის ოპერატორმა გვითხრა, ნაგვის მანქანები დღის განმავლობაში დედაქალაქში ორჯერ, დილის შვიდზე და შუადღის ოთხ საათზე გამოდიან. ამ უწყებაში იმასაც ამბობენ, რომ მსგავსი პრეტენზიებით მომხმარებლებს ცხელ ხაზზე არასდროს დაურეკავთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი