თბილისს ეკოკატასტროფა ემუქრება?! - კვირის პალიტრა

თბილისს ეკოკატასტროფა ემუქრება?!

რა კლავს დედაქალაქის ფილტვებს

"თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქალაქის მერიამ კუს ტბის ასასვლელთან 4000 თრიმლის ნერგი დარგო და ერთმაც კი არ გაიხარა"

ულ უფრო მეტ ჩვენს თანამოქალაქეს აშფოთებს ის ფაქტი, რომ თბილისსა და მის შემოგარენში ხეები ხმება და გამკითხავი არავინაა. ზოგი ამას მოურწყველობას აბრალებს, ზოგიც შესაბამისი უწყებების უპასუხისმგებლობას. არსებული მონაცემებით, თბილისში 64 000 ხე და 8 500 ბუჩქი ხმება ან დაავადებულია და გახმობა ემუქრება. ასეთი მდგომარეობა აშფოთებთ სპეციალისტებსაც, რომელთა აზრითაც, თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას. არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა რეგიონებში.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა აღმაშენებლის ხეივანში, უმძიმესი მდგომარეობაა ვაშლიჯვრიდან ნუცუბიძის ფერდობებისკენ მიმავალ და ვაკე-საბურთალოს ახალ გზებზე, თუმცა, აქ განსაკუთრებული კვლევის გარეშეც ცხადია, რომ წიწვოვანი მცენარეების ორიოდე წლის ნარგავები მოუვლელობას, უწყლოობას შეეწირა. არადა, თავის დროზე ამ ნერგების შესაძენად, დასარგავად და, ალბათ, საპატრონოდაც გვარიანი თანხა გამოიყოფოდა(?!). არანაკლებ მძიმე მდგომარეობაა კუს ტბისა და ლისის ტბის მიდამოებში, ნუცუბიძის ფერდობზე, ჭავჭავაძის პროსპექტის ნაწილზე და ა.შ.

ფაქტია, თბილისს შველა სჭირდება და შესაბამის ზომებს რაც მალე მიმართავს ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლება, მით უკეთესი.

კარლო კიკორია, მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი: "შესაძლოა, ბევრმა არც იცის, რომ საქართველოში ჯერ კიდევ 1930 წელს შეიქმნა ლევან ყანჩაველის სახელობის მცენარეთა დაცვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომლის ფუნქცია იყო საქართველოში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურების, ტყის მცენარეების ძირითადი მავნებლებისა და დაავადებების წინააღმდეგ შესაბამისი ღონისძიებების გატარება. Eეს  ინსტიტუტი აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთეს, იქ დასაქმებულები შეამცირეს და დღეს ხუთი კაცით ინსტიტუტი თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს... საქართველოში, განსაკუთრებით კი თბილისსა და მის შემოგარენში, მრავალწლიანი ნარგავების ხმობის პრობლემა მწვავედ დგას. ეს პროცესი გუშინ და დღეს არ დაწყებულა. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტი ფიჭვებზე წიწვების მასობრივ ხმობას ჯერ კიდევ 1998 წლიდან სწავლობდა. ფიჭვის ხმობას სოკოვანი დაავადება იწვევს, მაგრამ ჩვენ სწორედ ამ დაავადების მასობრივი გავრცელების მიზეზებს ვიკვლევდით. მივედით იმ დასკვნამდე, რომ ამ პროცესს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კლიმატის ცვლილება, ფიჭვის გაშენების ზონალობა და სხვ. შავი ფიჭვი ზღვის დონიდან 1000 მეტრზე მაინც უნდა იყოს გაშენებული. თბილისი კი ზღვის დონიდან უფრო დაბლაა. პრობლემას ამწვავებს ისიც, რომ ფიჭვებს შორის კვების არეალი დაცული არ არის - ნარგავები ერთმანეთთან ძალიან ახლოს არის და ნიადაგიდან საკვები უკვე ამოწურეს. ამას ემატება გარემო პირობებიც - ჰაერის მაღალი ტემპერატურა, გვალვა, რომელიც იწვევს მცენარის დასუსტებას, ასეთ მცენარეზე კი ადვილად სახლდება პათოგენური სოკო და მის ხმობას იწვევს. მაგრამ მხოლოდ სოკო არ არის ერთადერთი მიზეზი, კომპლექსურ პრობლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც აუცილებლად საჭიროებს მეცნიერულად შესწავლას.

- წიწვოვანი მცენარეების გარდა ფოთლოვანიც ხმება.

- რამდენიმე ათეული წელია საქართველოში თელას ჰოლანდიური დაავადებაა გავრცელებული, რომელმაც თბილისსა და მის  შემოგარენში ტყე-პარკების მნიშვნელოვანი ნაწილი გაანადგურა. ხშირად ნეკერჩხალზეც გვხვდება ფოთლების შავი ლაქიანობა, რომელიც ფოთლების დაავადებასა და ნაადრევ ცვენას იწვევს.

თუ დაავადება შორს არის წასული, შესაძლოა, მთელი ხის ხმობაც დაიწყოს. მუხაზე კი გავრცელებულია ნაცარი - სოკოვანი დაავადება.

ყველაზე რთული მდგომარეობა აქვს წაბლს - მასობრივად აქვს მოდებული ენდოტიოზი, რომელსაც წაბლის კიბოსაც უწოდებენ. ძალიან რთულია ამ დაავადებასთან ბრძოლა, რადგან დაავადება შიგნით, მერქანში იჭრება და წაბლს ახმობს. ამ დაავადების გამო  საქართველოში წაბლნარის 70-80% დაზიანებულია. დასანანია, რომ არ არსებობს ამ დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატი.

ერთადერთი გამოსავალია ნარგავის ახალი ამონაყარის გაზრდა და ხის დაზიანებული ნაწილის მოჭრა. ფრანგებმა ამ მეთოდით კარგი შედეგი მიიღეს.

- დაავადების გარდა, ნარგავების ხმობის მიზეზად მოუვლელობაც სახელდება. მოსახლეობა ხშირად ჩივის, რომ მცენარეები არ ირწყვება...

- გლობალურ დათბობას ყველაზე მეტად მცენარე გრძნობს. ტენიანობა ატმოსფეროში 28%-მდე დაეცა, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარის ფიზიოლოგიური პროცესი სრულად ირღვევა. ატმოსფეროში ტენიანობა 75-80% მაინც უნდა იყოს, რომ მცენარე ნორმალურად  განვითარდეს. ტენიანობის კრიტიკული მინიმუმი 50%-ია. აქამდე თბილისში გამხმარი იასამანი  არ მინახავს, წელს კი ფოთლები ჩამოყარა. დიდ სიცხეში, როცა ფარდობითი ტენიანობა მცირდება, რაც უნდა ხშირად მოვრწყათ მცენარე, ეს საქმეს არ შველის ან თუ შველის, ნაწილობრივ.  აუცილებელია ბუნებრივი ნალექები. რამდენიმე თვის წინ, თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქალაქის მერიამ კუს ტბის ასასვლელთან 4000 თრიმლის ნერგი დარგო და ერთმაც კი არ გაიხარა, არადა, რწყავდნენ. ამის მიზეზი ატმოსფეროში ტენიანობის მკვეთრი ვარდნაა.

წლების განმავლობაში ტყეების უკანონო ჭრამ მშრალი და ცხელი ქარები წარმოშვა, რაც გამანადგურებლად მოქმედებს ნარგავებზე.

თუმცა, არის დაუდევრობის, გულგრილობის შემთხვევებიც, რაც მცენარეების ხმობის მიზეზი ხდება. ცოტა ხნის წინ მოქალაქემ დაგვირეკა, ყოფილ "პირიმზის" შენობასთან თუთა და კაკალი ხმებაო. დავათვალიერეთ და ნარგავებს არც დაავადება ჰქონდა და არც მავნებელი ჰყავდა. უბრალოდ მორწყვა უნდოდა.

- აღმაშენებლის ხეივანშიც ხმება ხეები.

- მართალი ხართ, აღმაშენებლის ხეივანში მასობრივად ხმება კაპალპები. ნარგავები ოთხჯერ შევწამლეთ, მაგრამ ვერაფერს გავხდით. წესით, ეს მცენარე იქ არ უნდა იყოს დარგული. ეს არ არის ის მცენარე, რომელსაც დააკმაყოფილებს იქ არსებული პირობები, მაგრამ რადგან გაშენებულია, ვცდილობთ, გადავარჩინოთ.

- ვის ევალება ქალაქსა და მის შემოგარენში მრავალწლიან ნარგავებზე ზრუნვა?

- ქალაქში და მის შემოგარენში ჩვენი ორგანიზაცია ატარებს მწვანე ნარგავების მონიტორინგს.

...იგეგმება პასპორტიზაციის ჩატარება, დაავადებული ხემცენარეების დეტალური გამოკვლევა და ამის შემდეგ უფრო კონკრეტული სურათი გვექნება ქალაქის მწვანე საფრის მდგომარეობის შესახებ.

- მავნებლებისა და დაავადებისგან მცენარეთა დასაცავად არ შეიძლება პრევენციული ღონისძიებების გატარება?

- წლების წინ  სპეციალური სამსახურები ფერომონების - სქესმჭერების საშუალებით ავლენდნენ, რომელი მავნებლის გავრცელება იყო მოსალოდნელი. შესაბამის ადგილებში განათავსებდნენ სასიგნალო ნიმუშებს და ადგენდნენ, რომელი მატლი შეიძლებოდა გაჩენილიყო. ამის საფუძველზე იწყებოდა მცენარეთა შეწამვლა საჭირო პრეპარატებით. ეს სისტემა ამ ეტაპზე მოშლილია. ახლა ისევ იგეგმება ფერომონების წარმოება და გამოყენება საქართველოში. როგორც ჩემთვის არის ცნობილი, მერიის სამოქმედო გეგმაში ამ მიმართულებით ბევრი ღონისძიების გატარება იგეგმება. უნდა დაზუსტდეს მავნე ორგანიზმების წარმომავლობა და შემდეგ დაინერგოს შესაბამისი ღონისძიებები. ამ ყველაფერს დაახლოებით 6 თვე დასჭირდება. თუმცა ამავე პერიოდში, ყველა "ცხელ წერტილში" უნდა მოხდეს დაავადების კერის ლოკალიზება. ასევე იგეგმება სარწყავი სისტემის მოწყობა. დღეს თბილისი, ფაქტობრივად, სასმელი წყლით ირწყვება, ასე მიწოდებული წყალი კი არასაკმარისია მცენარეების არსებობისთვის.

მცენარემ რომ გაიხაროს, ნიადაგიც სუფთა უნდა იყოს. ქიმიური პრეპარატების ჭარბად გამოყენებით ნიადაგი ნადგურდება, მცენარე კი ნარკომანს ემსგავსება. გასათვალისწინებელია ასევე საწვავის ხარისხიც, მასში ტყვიის შემცველობა, რომელიც გამონაბოლქვის სახით ატმოსფეროში ხვდება და ნარგავებს აზიანებს. აუცილებელია ქუჩების დასუფთავებაც. გერმანიაში თვე ისე გავა, რომ მანქანას გარეცხვა არ სჭირდება, ჩვენთან კი ქუჩები სველი წესით არ სუფთავდება და ეს მტვერიც ნარგავებზე ილექება. სხვათა შორის, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნიადაგიც და მცენარეებიც რადიოაქტიური ნივთიერებით არის დაბინძურებული, რაც ცალკე კვლევას საჭიროებს. ეს ჯერ კიდევ ჩერნობილის ავარიის შედეგებია, რამაც გააძლიერა როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაავადებების გავრცელების ფონი. მოკლედ, თუ პრობლემას კომპლექსურად და დროულად არ მივხედავთ, შესაძლოა, მწვანე ნარგავების ხმობა დაჩქარდეს და თბილისი მწვანე საფრის გარეშე დარჩეს, რაც კატასტროფა იქნება.

პრობლემისადმი კომპლექსურ მიდგომაზე საუბრობს დამსახურებული მეტყევე მერაბ დვალიც, თუმცა, მისი თქმით, დაუდევრობასთანაც გვაქვს საქმე:“"კომუნისტების დროს გვალვისგან დასაცავად არა მხოლოდ ნერგებს, ზრდასრულ ხეებსაც  რწყავდნენ. ამჯერად კი "მზიურთან", ახალი გზის გასწვრივ დარგული ფიჭვების 80% გამხმარია. მოურწყველობის გარდა, შესაძლოა, ხმობის მიზეზი იყოს დარგვის დროს დაშვებული შეცდომებიც". როგორც მერაბ დვალი ამბობს, გაუმართლებელია მოსაზრება, თითქოს თბილისის შემოგარენში და საზოგადოდ, გამწვანების ზოლში ხეები სიბერისგან ხმება. "თბილისურ ფიჭვებს სიბერემდე ბევრი უკლიათ. პრობლემის მიზეზი შესაძლოა მცენარის მერქანში, ფოთოლში, ნიადაგში ან სულაც ჰაერში იმალებოდეს. თბილისში ხეების კვდომის კიდევ ერთი მიზეზი შესაძლოა იყოს არასწორი ურბანული დაგეგმარება, უსწორმასწოროდ "ჩაყრილი" მშენებლობები, მაღალი ნაგებობები და ჩახუთული ქუჩები: რუსთაველის პროსპექტზე მთაწმინდიდან, სოლოლაკიდან ჩამომავალი ყველა ქუჩა“"ღია" იყო, ქვემოთ კი  გამჭოლი ქუჩები გრძელდებოდა მტკვრის  ხეობამდე. შესაბამისად, ქალაქის ბუნებრივი აირაცია ხდებოდა. ამჯერად კი  ახალაშენებული სახლები “აფერხებენ” ნიავის მოძრაობას. ეს არ მოხდებოდა, მშენებლობის ნებართვის გაცემის დროს ქალაქის ეკოლოგიური გარემო და ბუნებრივი პირობები რომ გაეთვალისწინებინათ. გაუნიავებელი გარემო კატასტროფას იწვევს. ნახშირორჟანგის გადამუშავებაზე ყველა ხეს თავისი ლიმიტი აქვს.

როგორც ადამიანს სჭირს - ნახშირორჟანგის რაღაც კონცენტრაციას თუ გადასცდა, იგუდება, ასე იგუდებიან ხეებიც. დიახ, თბილისში ხეები ზეზეულად იგუდებიან. წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობაშია ხე, რომელიც ავტომობილების გამონაბოლქვის გამო მუდმივად ზომაზე მეტი მავნე ნაერთების გარემოცვაშია. თუ გვინდა მწვანე საფრის გადარჩენა, ეს პირობებიც უნდა იყოს გათვალისწინებული... შესაშფოთებელია არა მხოლოდ თბილისის გამწვანების საკითხი, ტყეების ზოგადი მდგომარეობა საქართველოში. იმ მოტივით, რომ ხე საწვავად გამოიყენება, სააკაშვილის ხელისუფლების  დროს სატყეო სამსახური ენერგეტიკის სამინისტროს გადასცეს. შეუძლებელია ამ სფეროს გასანადგურებლად უარესი რამ მოიფიქრო. მსგავსი რამ ხდება ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებშიც. ტყის დეპარტამენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ექვემდებარება, რაც დაუშვებელია. სატყეო სამსახურის ცუდი მუშაობის შემთხვევაში სწორედ მინისტრმა უნდა აგოს პასუხი, რადგან მის დაქვემდებარებაში არსებული სამსახური ნორმალურად ვერ ფუნქციონირებს. ამიტომაც მოხდება ნაკლოვანებების მიჩუმათება... სამწუხაროდ, ტყეები თვითგადარჩენაზეა მიშვებული. ეს ეხება უნიკალურ აბასთუმანსაც, სადაც ბუნებამ შექმნა წიწვოვანების ისეთი კომბინაცია, რომ ჰაერი ყველაზე გამჭვირვალე ყოფილიყო. კარგა ხანია აბასთუმნის ტყეებს პრობლემა აქვს. ფიჭვი ნაძვით იცვლება. ბუნებრივ პრობლემებს ემატება ისიც, რომ სისტემური ჭრის გარდა, ხშირია უკანონო ჭრაც, ხანძრის მძიმე გავლენა. ირღვევა უნიკალური სისტემა.

თუ აბასთუმნის ტყეებში უსისტემოდ განვითარდება მეურნეობა, კლიმატი, ჰაერის შემადგენლობა შეიცვლება. ეს კი ეკოლოგიურ კი არა, ეროვნულ კატასტროფას ნიშნავს, ასევე, კატასტროფა იქნება, თუ დროულად არ შევაჩერეთ  თბილისში  მწვანე საფრის მასობრივი ხმობა".

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის მოადგილის, დავით გიგაურის ცნობით,  ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში დადგინდა, რომ თბილისს ჟანგბადის პრობლემა ჰქონდა და ნახშირორჟანგის ერთადერთი შთანთმქმელი მწვანე საფარი დედაქალაქისთვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. იმ დროისთვის დავით გიგაური უშუალოდ მონაწილეობდა იმის დადგენაში, სად უფრო დიდი კონცენტრაციით ფიქსირდებოდა ჰაერში მოძრავი მავნე მიკროორგანიზმები.

ჰაერი განსაკუთრებით დაბინძურებული ახლანდელი აღმაშენებლის პროსპექტზე, კინოსტუდიასთან ყოფილა. ყველაზე სუფთა ჰაერი აღმოჩნდა ავლაბარში, ზეგანზე, მაღლა მდებარეობის გამო.

დავით გიგაური: "საფრთხე მინიმუმამდე რომ დავიდეს, არა ბეტონის, არამედ მწვანე საფარი უნდა გაიზარდოს. უახლოეს მომავალში დადგინდება ხეების ხმობის მიზეზი. ამ პრობლემის შესწავლაზე ტენდერს ვაცხადებთ. საზოგადოდ, ხის ხმობას განაპირობებს რამდენიმე და არა ერთი ძირითადი მიზეზი. ერთ-ერთი უმთავრესი მტერია გვალვა, რომელიც დიდი ხანია უტევს ქალაქს. ასეთი გარემო მცენარისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის და თავს იჩენს სხვა  პრობლემებიც -  ერთდროულად წამოესევიან ხოლმე მცენარეს  სხვადასხვა მავნებელი, პათოგენური სოკოები, სხვადასხვა პარაზიტი. ადამიანს იმუნური სისტემა რომ უსუსტდება, ხომ იოლად ერევა დაავადებები? ასეა ხეებშიც. როდესაც მცენარე სუსტდება, მავნებლები აქტიურდებიან და იწყება ხეების ხმობა... თბილისის შემოგარენში ძირითადად გაშენებულია შავი და ელდარის ფიჭვები.

კვლევების ჩატარებამდე მიზეზებზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეგვიძლია. შავი ფიჭვის ბუნებრივი გავრცელების არეალი არის ზღვის დონიდან 1000 მეტრზე და უფრო მაღლა, თბილისი კი არის 400-450 მ ზღვის დონიდან. ეს უკვე ერთ-ერთი ხელშემშლელი პირობაა იმისათვის, რომ თბილისში ფიჭვმა იმდენ ხანს იცოცხლოს, რამდენ ხანსაც თუნდაც ბორჯომის ტყეებში ბუნებრივად ამოსული შეძლებს. იკითხავთ, მაშინ ფიჭვი თბილისში რატომ დარგესო? კომუნისტების დროს არსებობდა გეგმა, გამწვანების საკითხი სწრაფად მოსაგვარებელი იყო, ამიტომაც გამოიყენეს შავი ფიჭვი, როგორც იოლი გამოსაყვანი და უფრო ხელმისაწვდომი მცენარე.

ფიჭვების ხმობის მიზეზი ასევე შესაძლოა იყოს მათი გაშენების დროს აგროტექნიკური პირობების დარღვევა. დარგვის დროს აუცილებელია, მთავარი ღერძა ფესვი სწორად წავიდეს ნიადაგში. ეს უნდა უზრუნველყოს დამრგველმა. თუ ფესვი მოიღუნა, კი გაიხარებს მცენარე, მაგრამ მოღუნული ფესვი 50-60 წლის შემდეგ ვეღარ გაიმართება, ნიადაგიდან საკმარის  საკვებს ვერ მიიღებს და ადრეულად გახმება. მთაწმინდის ფერდობი და ოქროყანის მხარე სულ ხელოვნურად გაშენებული ფიჭვებით არის დაფარული. არ არის გამორიცხული, მათი ხმობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ აგროტექნიკური შეცდომა იყოს. მთაწმინდის ფერდობზე აფეთქების შედეგად წარმოქმნილ ორმოებში რგავდნენ ნერგებს. ორმო იმდენად პატარა იყო, რომ ბოლომდე ვერ უზრუნველყოფდა ნერგის განვითარებას, ამიტომაც ზოგიერთ ფართობზე არც ისე ბევრი ხის გახარება მოხერხდა.

ჟანგბადის კვოტა შემცირდა?!

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კანონით დაუშვებელი იყო თბილისში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორია 13 კვმ-ზე ნაკლები ყოფილიყო. უკვე დამოუკიდებელი ქვეყნის დედაქალაქის გენერალური გეგმის ბოლო მონაცემებით, ეს კვოტა 11 კვმ-მდე შემცირდა (გენერალური გეგმა თითქმის ოცი წელია არ შეცვლილა). ამ ეტაპზე კი, სპეციალისტთა ცნობით, გაჩანაგებული მწვანე საფრის გამო, თბილისი ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე დგას და სავარაუდოდ, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის წილი 5 კვმ-ს ძლივს აღწევს.

მასობრივი დასნებოვნების საფრთხე

მედიკოსების თქმით, თბილისში მნიშვნელოვნად შემცირებული მწვანე საფარი შესაძლოა უამრავი დაავადების მაპროვოცირებელი აღმოჩნდეს.“ქალაქში, სადაც ჰაერში ბევრი მავნე ნივთიერებაა, ჯანმრთელობის გართულებას იწვევს არა მხოლოდ ჟანგბადის ნაკლებობა, არამედ ამ მავნე ნივთიერებების ჩვენს ორგანიზმში მოხვედრა. "მცენარეები არა მხოლოდ ჟანგბადით გვასაზრდოებენ, ისინი გამოყოფენ ანტიკანცეროგენულ ნივთიერებებს და შესაბამისად, გვიცავენ ონკოლოგიური დაავადებებისგან. ამიტომაც ყველას უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, რომ თუნდაც ერთი ხის დარგვით იხანგრძლივებს სიცოცხლეს და უკეთეს გარემოს უქმნის მომავალ თაობას. თბილისში, სადაც უამრავი მშენებლობა მიმდინარეობს და აუარება ავტომობილი დადის, სასწრაფოდ უნდა გავრცელდეს მწვანე ნარგავების არეალი, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაავადებების რაოდენობა მოიმატებს", - აცხადებს ექიმი ბესო ზენაიშვილი.

კანონიერი "მავნებლობა"

სპეციალისტთა თქმით, ქალაქის მთავრობა ბოლო წლებში, ძირითადად, დედაქალაქის "ფილტვების" გაჩანაგებით იყო დაკავებული. 2009 წლიდან საკრებულომ 40-მდე გამწვანებულ ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსი სამშენებლო ან საქმიან-საზოგადოებრივი ზონის სახელწოდებით შეუცვალა. შესაბამისად, გამწვანებულ ტერიტორიებს მოეხსნა იმუნიტეტი, რომელიც მათ მშენებლობებისგან იცავდა. დაიწყო მწვანე საფრის მასობრივად განადგურება, გაჩეხა და ხელოვნურად გახმობა, რისთვისაც წარმატებით გამოიყენებოდა ავტომობილის საწვავი - ხეებს ძირებში უსხამდნენ, მერე კი გამხმარ მცენარეებს "კანონიერად" ჭრიდნენ და გამოთავისუფლებულ ადგილს მშენებლობისთვის იყენებდნენ.

ემა ტუხიაშვილი

ეკა ლომიძე