საშიში ხიდები - კვირის პალიტრა

საშიში ხიდები

"თბილისში 10 შემოწმებული ხიდიდან მხოლოდ ოთხი აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში"

"რკინაბეტონის ხიდები დაახლოებით 40-50 წელი ძლებს რემონტის გარეშე, ლითონის ხიდები- 70 წლამდე"

ბავშვობაში მე და ჩემს ძმას ძალიან გვიყვარდა ხიდზე ფეხით გასეირნება და მოაჯირიდან მტკვრის ყურება, ახლა კი პირიქით, შიში დამჩემდა და არცთუ უსაფუძვლოდ. რამდენიმე დღის წინ, ღამით, მეგობრები საბურთალოდან თამარ მეფის გამზირზე მოსახვედრად ნელი ნაბიჯებით გავუყევით თამარის ხიდს და ერთ ადგილას გარღვეული რკინაბეტონის კონსტრუქციიდან ამომავალმა ხიდის ქვედა განათებამ ადგილზე გაგვაშეშა.

საინტერესო და დამაფიქრებელია, რა მდგომარეობაშია დედაქალაქში არსებული ხიდები. რა თქმა უნდა, ეს კითხვა პროფესიონალებს ჩემზე ადრე გაუჩნდათ და იმ უწყებებსაც მიმართეს, რომელთაც ხიდების მოვლა-პატრონობა ევალება, თუმცა ვერაფერს გახდნენ. მერიის მიერ ერთი წლის წინ გამოცხადებულ ტენდერში, რომელიც დედაქალაქში 10 ხიდის შემოწმებას ისახავდა მიზნად, ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-სასწავლო ხიდსაცდელმა ცენტრმა გაიმარჯვა. სწორედ ამ ორგანიზაციის პროფესორ-მასწავლებლების დახმარებით შემუშავდა დასკვნა, რომელიც თბილისელებს ნამდვილად ვერ გაახარებს - 10 შემოწმებული ხიდიდან მხოლოდ ოთხი აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში. დედაქალაქში კი სულ 40-მდე ხიდია, ყველას შემოწმება კი ვერ ხერხდება. ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ კონსტრუქციების ნახაზები 90-იან წლებში დაიკარგა.

ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი გივი დათუკიშვილი: - ჯერ კიდევ 10 წლის წინ ვიცოდით, რომ სამი ხიდის რემონტი აუცილებელი იყო. რამდენჯერმე მივმართეთ მერიას, მაგრამ რეაგირება არ ყოფილა. ბოლოს, როგორც იქნა, ტენდერი გამოაცხადეს... კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ მერიამ სამი ხიდის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხა მიმდინარე წლის ბიუჯეტში გაითვალისწინა, თუმცა, ამ უწყებაში მიმდინარე მოვლენების გამო ხიდების რეკონსტრუქცია ჯერ არ დაწყებულა.

ბარათაშვილის ხიდი

50 წლის წინ ექსპერიმენტული კონსტრუქციებით აშენებული ხიდის რეკონსტრუქცია ამ ხნის განმავლობაში არ ჩატარებულა.

გივი დათუკიშვილი: - ბარათაშვილის ხიდი თბილისის დაარსების 1500 წლისთავზე აშენდა. თუ სწორად მახსოვს, 1964 წელს შევიდა ექსპლუატაციაში. მას შემდეგ, თუ არ ჩავთვლით ასფალტისა და მოაჯირების გამოცვლას, ბარათაშვილის ხიდს რეკონსტრუქცია არ ჩასტარებია.

- ხიდების ექსპლუატაციის სტანდარტული ვადა რამდენი წელია?

- 60-იან წლებში ითვლებოდა, რომ 100 წელია, თუმცა მსოფლიოში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ რკინაბეტონის ხიდები 40-50 წელი ძლებს რემონტის გარეშე, ლითონის ხიდები - 70 წლამდე. ამ ხიდმა 50 წელი პირნათლად მოიხადა თავისი ვალი და ახლა დროა, შეკეთდეს.

- რა სამუშაოები უნდა ჩატარდეს ხიდზე?

- მალის ნაშენზე, ანუ რაც ბურჯებზე, ხიდის საყრდენებზე დევს, ხელის შევლება აუცილებელია. როდესაც ეს ხიდი დაპროექტდა, მისი ნიშნული, ანუ სავალი ნაწილის დონე მიწიდან, არაგაბარიტულად შეირჩა. მაშინდელი ხიდქვეშა გაბარიტი ოთხ-ნახევარი მეტრი იყო, ამ შემთხვევაში კი გაკეთდა 4,30 მეტრი. შემდეგ ხიდქვეშა გასასვლელზე კიდევ რამდენჯერმე დააგეს ასფალტი და კიდევ უფრო შემცირდა გაბარიტი. ახლანდელი ნორმებით ხიდქვეშა სიმაღლე 5 მეტრზე ნაკლები არ უნდა იყოს... ამ შემთხვევაში გვრჩება მხოლოდ ერთი გამოსავალი - ხიდის კოჭებს უნდა სისტემატური თვალყურის დევნება და დროული რემონტი. ამის გარდა, გასაწმენდია საყრდენი ნაწილები, აღსადგენია ტროტუარების საფარი...

ვახუშტის ხიდი

ვახუშტის ხიდი 1978 წელს აშენდა. ხიდის მარცხენა ნაპირზე სანაპირო ბურჯის საკარადე კედელი გადამტვრეული და წანაცვლებულია.

გივი დათუკიშვილი: - რომ ვთქვა, ეს ხიდი დღეს ან ხვალ წაიქცევა-მეთქი, არ ვიქნები მართალი, მაგრამ  რემონტი საჭიროა. სავარაუდოდ, ასეთი რაღაც მოხდა: ამ ხიდის მარჯვენა ნაპირზე, დაღმართში, გადის საბურთალოს წყალმომარაგების დიდი მილი, რომელიც 80-იან წლებში გასკდა. ამან გამოიწვია გრუნტის გაწყლოვანება და მეწყერივით დაიწყო მიწამ მოძრაობა. სავარაუდოდ, ეს გრუნტი მიაწვა ხიდის მალის ნაშენს, რომელმაც ბურჯი გადატეხა.

დიღმურას ხიდი

პოლიციის სამმართველოსთან, მაგისტრალზე, ხიდი 1957 წელს აშენდა და ახლა მძიმე მდგომარეობაშია. ბეტონის კოჭები დაშლილია, ზოგ ადგილას კონსტრუქციას მხოლოდ არმატურა იჭერს.

გივი დათუკიშვილი: - თავიდან ეს ხიდი მცირე დატვირთვებისთვის იყო გათვალისწინებული, მაგრამ შემდეგ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ხიდად იქცა. მისი კოჭების დიაფრაგმები დაკავშირებულია ერთმანეთთან და ნაკერებს ფოლადის ზოლები აქვს დადუღებული. ჟანგისაგან ეს ფოლადი შეჭმულია, ბეტონიც ბევრ ადგილას არის დაზიანებული და დაშლილი. კოჭების გამოცვლა აუცილებელია, ამასთან, ერთი ბურჯიც გაბზარულია.

ზაჰესის  ხიდები

1953 წელს აშენებული ცენტრალური ხიდი, რომელიც დიღომს ზაჰესთან აკავშირებს, დაძველდა და გამოცვლა სჭირდება. ასეთივე მდგომარეობაშია მეორე ხიდიც, რომელიც რკინიგზაზე გადადის.

გივი დათუკიშვილი: - ეს ხიდი მსუბუქ ავტომობილებზე იყო გათვლილი. ხიდის მდგრადობის გამოცდისას მასზე უნდა შეგვეყენებინა ოთხი დატვირთული თვითმცლელი, რომელთაგან თითოეული 40 ტონას იწონიდა. როდესაც ხიდზე მესამე თვითმცლელი შევაყენეთ, ხიდის კონსტრუქციამ ჭრაჭუნი დაიწყო და მეოთხე აღარ შევაყენეთ. ხიდი ვიწროა და დღევანდელ პარამეტრებს ვეღარ აკმაყოფილებს, ამიტომ იგი უნდა გამოიცვალოს.

- თუ ამ ხიდის დროული დემონტაჟი არ მოხდა, რა საფრთხე გვემუქრება?

- ერთბაშად რომ გაიაროს 40-ტონიანმა ოთხმა ავტომობილმა, შესაძლოა, ჩატყდეს, ან ჩაიღუნოს. ამ ხიდზე ხშირად დადიან მძიმეწონიანი ავტომობილები, ამიტომაც  დავაკიდვინეთ პატრულს წონის შემზღუდავი ნიშანი...

მეტრო "სარაჯიშვილთან" მდებარე ორივე ხიდი კარგ მდგომარეობაშია. დამაკმაყოფილებელია ე.წ. "დამპალოს" დასახლებაში და უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსთან მდებარე ხიდების მდგომარეობაც. მყარ ნაგებობებს მხოლოდ მცირე სარემონტო სამუშაოები სჭირდება. ხიდები 70-80-იან წლებში აშენდა და ქალაქპროექტისა და "სოიუზდორპროექტის" დაპროექტებულია.

ალექსეევკის ხიდი

კახეთის გზატკეცილიდან ალექსეევკის დასახლებაში მიმავალი მოკლე გზა სწორედ ამ ხიდზე გადის და მას სასწრაფოდ სჭირდება რემონტი. ექსპერტები ამბობენ, რომ თითოეული ხიდი ყოველ 5-10 წელში უნდა შემოწმდეს. ამ სამუშაოებს დიდი თანხა სჭირდება, საჭიროა თანამედროვე ხელსაწყოების შეძენაც. აუცილებელია ხიდების მართვის სისტემის დანერგვაც. ეს საშუალებას მოგვცემს, გაიაფდეს ხიდების კვლევა და მათი გამოცდა ოპერატიულად მოხდეს.

როგორც მერიის კეთილმოწყობი

ს სამსახურში აცხადებენ, ამ ხიდების სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება და 2015 წლის დასაწყისისთვის დასრულდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე