დაჩრდილული დროშა - კვირის პალიტრა

დაჩრდილული დროშა

გარე რეკლამის სახელით შეფუთული სიმახინჯე

როგორ გვესმის ეროვნული სიმბოლოს მნიშვნელობა

2010 წლის გაზაფხულზე, დიღომში, დავით აღმაშენებლის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს, საქართველოში ყველაზე დიდი დროშა აღმართეს. მისი ფართობი 100 კვადრატული მეტრია და 40 მეტრ სიმაღლეზე ფრიალებს. დროშის ამ ადგილზე აღმართვის მიზანი ის იყო, რომ დედაქალაქში შემსვლელ-გამომსვლელს უპირველესად საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული სიმბოლო მოხვედროდა თვალში.

იმავე წლის დეკემბერში, ბაქოში, ქალაქის დათვალიერების დროს მასპინძლები სიამოვნებით მაჩვენებდნენ კასპიის ზღვის პეიზაჟის ფონზე მოფრიალე უზარმაზარ დროშას და სიამაყით მიხსნიდნენ, რომ ის არა მხოლოდ აზერბაიჯანში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი დროშაა. მაშინ ამაყად აღვნიშნე, რომ თბილისშიც ფრიალებდა რეკორდული მასშტაბის თუ არა, გიგანტური ქართული დროშა, სიმბოლო ჩვენი სახელმწიფოებრივი წარსულისა და მომავლის. თუმცა... ორიოდე დღის წინ ისეთი რამ აღმოვაჩინე, რომ კინაღამ მომავლის შიში გამიჩნდა - ჩვენი გიგანტური დროშის წინ ერთ-ერთ სარეკლამო კომპანიას  უზარმაზარი სარეკლამო ფარი აღუმართავს - სახელმწიფოებრივი სიმბოლიკის გამოსაჩენად სტრატეგიული ადგილი კომერციული თვალსაზრისითაც გამორჩეულად მიუჩნევიათ და კერძო ბიზნესინტერესიდან გამომდინარე, ერთი რიგითი სარეკლამო, უზარმაზარი აბრა საქართველოს დროშისთვის შეუყუდებიათ.

დიღომში რეკლამით შეფუთული დროშის დანახვაზე ბაქო გამახსენდა თავისი უზარმაზარი დროშით და ბრაზი მომერია, შეიძლება ისე დაგაბრმაოს მამონას (ფულის ღმერთის) მონობამ, რომ სამშობლოს მნიშვნელობა დაგავიწყოს? თითქოს ის არ გვყოფნიდა, რომ სხვადასხვა  სარეკლამო ფარები მთელ ქალაქშია  გადმოყუდებული და ხშირად საგზაო ნიშნებს ფარავს, ქალაქს ამახინჯებს, ან სულაც ქარიან ამინდში საფრთხეს ქმნის მოქალაქეებისთვის! ამას ახლა ისიც დაემატა, რომ სახელმწიფო დროშაც "დაჩრდილეს".

გარე რეკლამის გამოც ბაქო გამახსენდა, არსად შემინიშნავს ქაოსურად კი არა, საერთოდ, საავტომობილო გზებზე გადმოფენილი სარეკლამო ფარები, იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ მსგავსი ვერაფერი შევნიშნე ევროპაში და სხვათა შორის, სტამბოლშიც.

როცა ფული განსაზღვრავს ქმედებას, გასაგებია, რომ საავტომობილო გზას კი არა, ღრუბლებსაც გამოიყენებ ფინანსური ინტერესისთვის, მაგრამ ფულის გარდა ხომ არსებობს სხვა საზომიც? ღირსება, მოქალაქეობა, სახელმწიფო სიმბოლოს მნიშვნელობა...

ერთია სარეკლამო კომპანიის წინდაუხედაობა და მეორე - ნებართვის გამცემის გულგრილობა (თანხმობას სარეკლამო ფარის განთავსებაზე მერიის შესაბამისი სამსახური გასცემს). "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს მსგავსი ნებართვების გაცემა გასაკვირი არ იყო, რადგან გარე რეკლამის ბაზრის მონოპოლისტები, გიგი უგულავა და დავით კეზერაშვილი, პაპის დანატოვარი ეზოსავით, სადაც მოესურვებოდათ, თბილისის ქუჩებში იქ აღმართავდნენ სარეკლამო ფარებსა და ბოქსებს, რათა ფულს უხვად ედინა მათ ჯიბეებში.

ორიოდე კვირის წინ დიღომში, დროშის წინ არანაირი სარეკლამო ფარი არ არსებობდა... მერიის ახალი შემადგენლობის მიერ მოცემული ოფიციალური ინფორმაციის საფუძველზე, ეროვნული დროშის წინ სარეკლამო ფარის განთავსების შესახებ თანხმობა მიმდინარე წლის 2 ივნისს, გიგი უგულავას გუნდის მიერ არის გაცემული...

ცხრა ძმა ხერხეულიძე რიგრიგობით დაიხოცნენ იმისათვის, რომ საქართველოს დროშა არ გაეგდოთ ხელიდან და ჯარისთვის, ერისთვის, სახელმწიფოსთვის ღირსება შეენარჩუნებინათ. ცხრა ვაჟკაცის დაცემის შემდეგ დამ ითავა დროშის პატრონობა და როცა ისიც გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე, დაღმავალ დროშას გამეხებულმა დედამ შეაშველა ხელი, ასე ცდილობდა დაცემისგან ეხსნა საქართველო. ჩვენ ვინ ვართ, რისი ჩამდენი? ჩვენს დროშას არაფრად ვაგდებთ და სხვამ რომ ჩამოგლიჯოს, ალბათ, ვერც კი შევამჩნევთ, რადგან საკუთარი ჯიბის მიღმა ვერაფერს ვამჩნევთ.