იმედია, ისტორიას ეს სახლი მხოლოდ ფოტოებზე არ შემორჩება
13-10-2014
იმედია, ისტორიას ეს სახლი მხოლოდ ფოტოებზე არ შემორჩება
"თბილისში, დადიანისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე, მრგვალაივნიანი სახლი უკვე ორ საუკუნეზე მეტია, უბანს ძველ თბილისურ იერსახეს უნარჩუნებს"

სახლი, რომელიც ნარიყალას გალავნის საძირკველზე დგას

"აივნის საყრდენი ბოძები - დახვეული ხეები, მოხარშული ხისგან არის დამზადებული და ასეთი აივანი თბილისში მხოლოდ ერთია"


ზუსტად 22 წლის წინ, როცა საბავშვო ბაღის გამოსაშვებ ზეიმზე მასწავლებელმა მკითხა, ვინ უნდა გამოხვიდეო, მშენებელი-მეთქი, ამაყად ვუთხარი. არ ვიცი, რატომ მხიბლავდა მაშინ ეს ხელობა, მაგრამ როცა ჯერი რეალური პროფესიის არჩევაზე მიდგა,
სულ სხვა პროფესია ავირჩიე. როგორც ჩანს, ბავშვობის დროინდელი სურვილი გატაცებად მექცა - ძველი სახლებით, ფასადებითა და მათი ისტორიით დავინტერესდი.


ამას წინათ, კითხვა ამეკვიატა, - ნეტავ სად დგას თბილისში ყველაზე ძველი საცხოვრებელი სახლი-მეთქი. ერთ-ერთი ყველაზე ძველი შენობა, დარეჯანის სასახლე ყოფილა. სამორინე "შანგრილასთან" მდებარე უზბეკური რესტორანი კი
როსტომ მეფის სასახლის ნაშთებზე დგას.
მე-19 საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება  კლდიაშვილის მოედანზე მდგარი საცხოვრებელი სახლი, რომელიც დღეს დაშლის პირას არის.

დადიანისა და ასათიანის ქუჩის კვეთაზე, მრგვალაივნიანი სახლი უკვე ორ საუკუნეზე მეტია, უბანს ძველ თბილისურ იერსახეს უნარჩუნებს. ეს ქალაქში ყველაზე ძველი სახლია, სადაც დღემდე ცხოვრობენ. მისი უნიკალურობა ისიცაა, რომ კედლები ნარიყალას გალავნის ბურჯის საძირკველზეა ამოყვანილი. ფასადის სიმრგვალეც, სწორედ გალავნის ბურჯის საძირკველმა განაპირობა.
ორი საუკუნის განმავლობაში სახლმა ბევრი მეპატრონე გამოიცვალა. ამჟამად აქ სამი ოჯახი ცხოვრობს. უცნობია როგორც არქიტექტორი, ასევე მისი აშენების ზუსტი წელი, თუმცა ოფიციალურ დოკუმენტებში 1830 წელია დაფიქსირებული. ისტორიკოსები მე-19 საუკუნის 30-იანი წლების თბილისს "ანონიმურ თბილისს" ეძახიან, რადგან ამ პერიოდში აშენებული ნაგებობების არქიტექტორების უმრავლესობა დღემდე უცნობია.

წლების წინ ევროპულმა ფასადებმა თბილისური აივნები ეზოს მხარეს შეატრიალა. ამ სახლის აივანი კი ქუჩის მხარესაა, როგორც ამბობენ, ამ აივანზე ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი ნარდს ხშირად თამაშობდნენ. ქართველ კლასიკოსებს ამ ადგილას რამდენიმე ფოტოც გადაუღიათ. უნიკალურ სურათებს მაშინდელი ბინის მეპატრონეები თურმე დიდხანს ინახავდნენ, მაგრამ დღემდე ერთმაც ვერ მოაღწია. 

ცირა ელისაშვილი, კულტუროლოგი:
- "ეს არის ტიპური თბილისური არქიტექტურის შენობა. აივნის ნაწილი, წლების წინათ ერთ-ერთ მეპატრონეს შუშაბანდად გადაუკეთებია. სახლი, განსაკუთრებით კი ეს აივანი, ორ ქუჩას აერთიანებს. აივანზე გამოყენებულია ე. წ. ჭვირული ხის ფასადი, ანუ რიკულის ნაცვლად ერთიანი დაფიდან გამოჭრილი ორნამენტებით არის გაფორმებული. ეს ერთ-ერთი რთული ორნამენტია, რომელიც პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. სახლი ქვითა და ქართული აგურით არის ნაშენი. თავის დროზე კრამიტით იყო გადახურული, რომელიც დროთა განმავლობაში თუნუქით შეცვალეს. რაც მთავარია, შენობას პირვანდელი სახე დღემდე აქვს შემორჩენილი. და ის სასწრაფოდ საჭიროებს რესტავრაციას. მისახედია საძირკველი და აივანი, რომელიც ძირითადი ფასადიდან გადმოწეულია."

სახლში უცვლელადაა შემონახული თაღოვანი ფანჯრები და კარები, კედელში ჩაშენებული კარადები, დღემდე მოქმედი ბუხრები... მიუხედავად იმისა, რომ სახლმა ბევრი მეპატრონე გამოიცვალა, შიდა დიზაინი არც ერთ მათგანს არ შეუცვლია. 

რუსუდან ჯავახაძემ ამ სახლში ბინა 1972 წელს ებრაელი ოჯახისგან შეიძინა: "ამ ეზოში სომეხი ქალბატონი ცხოვრობდა. ამბობდა, ეს სახლი ბაბუაჩემის აშენებულიაო. რკინის ჯებირებს, რომელიც ფანჯრებზე იყო თავის დროზე მიკრული, სახლის მეპატრონის ინიციალები ჰქონდა ამოტვიფრული. ჩვენ აქ რომ დავსახლდით, აივნის ნაწილი უკვე შუშაბანდად იყო გადაკეთებული.  აივნის საყრდენი ბოძები - დახვეული ხეები, მოხარშული ხისგან არის დამზადებული და ასეთი აივანი თბილისში მხოლოდ ერთია." 

ნელი წუწუნავა, ბინის ერთ-ერთი მეპატრონე: - "65 წელია, აქ ვცხოვრობ, ასაკოვანი ადამიანებისგან მახსოვს, რომ ეს სახლი ვინმე გვარად ოგანოვს აუშენებია."  
რამდენიმე წლის წინ ჯავახაძეების სახლში გაჩენილ ხანძარს შეეწირა კედლებზე გაკეთებული უნიკალური მოხატულობა. მხოლოდ ერთ ოთახში შემორჩა ჭერის ფრაგმენტის მდიდრული მხატვრობა.

რუსუდან ჯავახაძე: - "რამდენიმე წლის წინ სახლში ხანძარი გაჩნდა და დიდი ოთახის კედლისა და ჭერის მხატვრობა შეიმურა. წყლის ჭავლმა იმდენად დააზიანა კედლები, რომ ბათქაში ჩამოვარდა და მხატვრობაც განადგურდა. საბედნიეროდ, საძინებელ ოთახში გადარჩა კედლის მხატვრობა და ხელი არ მიხლია."

"თუ მალე არ მოხდა მისი რეკონსტრუქცია, შესაძლოა, დაინგრეს..."

ძველი ქართული აგურით ნაშენი სახლის სარდაფის საყრდენი ბოძები მიწისქვეშა წყლის დინებამ გარეცხა და როგორც მცხოვრებლები ამბობენ, სახლი ყოველ წუთს შეიძლება დაინგრეს.

რუსუდან ჯავახაძე: - "ქუჩაზე დიდი მანქანა რომ გაივლის,  სახლი ზანზარებს. წლების წინათ შედგა სახლის ნახაზი და გამაგრების პროექტი, მოიტანეს მასალები, მაგრამ ზუსტად იმ დროს მოხდა დიდი მიწისძვრა და მასალები უკან წაიღეს. სარდაფში რომ ჩახვიდეთ, თავად ნახავთ როგორ არის გადახსნილი კედლები. სახლს ისტორიული ძეგლის სტატუსი აქვს,  ამის გამო ინვესტორი აქაურობას არ ეკარება."
ოთარ ხარაზიშვილი, ბინის ერთ-ერთი მეპატრონე: - საშიშია ამ სახლში ცხოვრება. აქ ერთი სომეხი ქალბატონი რომ ცხოვრობდა, სწორედ მისგან ვიცით, რომ  სახლს ორსართულიანი სარდაფი აქვს, რომელიც თავის დროზე მაცივრის ფუნქციას ასრულებდა. მის ქვემოთ კი კიდევ გვირაბი გადისო. ბავშვობაში იმ გვირაბში ჩავდიოდით და ვთამაშობდითო, - ასე გვეუბნებოდა ის ქალბატონი. დარწმუნებული ვარ, სიმართლეს გვიამბობდა, მაგრამ ეს სახლი ისე ინგრევა, რომ შიშით სარდაფში ვინ ჩავა, ხომ =შეიძლება თავზე დაგვექცეს სახლი."

კრწანისის გამგეობაში განგვიმარტეს, რომ ამჟამად მიმდინარეობს ავარიული შენობების ინვენტარიზაცია. მისი დასრულების შემდეგ კი დაითვლება ცალკეული ობიექტის რეაბილიტაციის ღირებულება, შედგება გეგმა-გრაფიკები, რის მიხედვითაც განისაზღვრება, რომელი შენობის რეაბილიტაცია იქნება შესაძლებელი.

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით