თბილისი - თავახდილი ჭების ქალაქი - კვირის პალიტრა

თბილისი - თავახდილი ჭების ქალაქი

ფ ო ტ ო ფ ა ქ ტ ე ბ ი

იმის გამო, რომ ქალაქის ქუჩებში ძირითადად ფეხით დავდივარ, ყოველდღიურად თვალში მხვდება ნებისმიერი სიახლე, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე თვეა, ნეგატიურ ფაქტებსაც ვაწყდები - თავახდილი, ან სახურავჩალეწილი საკანალიზაციო ჭები, ბაღებსა და სკვერებში დალეწილი ხის სკამები და დამტვრეული ნაგვის ურნები. დღემდე იმედი მქონდა, რომ იმას, რაც ჩემმა ფოტოაპარატმა ბოლო სამი თვის განმავლობაში ასახა, შესაბამისი სამსახურებიც შეამჩნევდნენ და ეს პრობლემები აღმოიფხვრებოდა, მაგრამ ჩემი მოლოდინი ამაო აღმოჩნდა, თბილისში თავახდილი ჭების რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება.

მათ მრავლად წააწყდებით აღმაშენებლის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე. აღარაფერს ვამბობ სახურავებმოგლეჯილ რკინის ურნებზე. ამბობენ, რომ ასეთ სახურავებს ჯართში აბარებენ... არადა, აღმაშენებლის გამზირზე ყოველ ნაბიჯზე სათვალთვალო ვიდეოკამერებია დამონტაჟებული და არც ხის სკამების მტვრეველთა ვინაობის დადგენა უნდა გაჭირდეს. დამნაშავის დასჯა ალბათ, უწესრიგობის აღკვეთას შუწყობს ხელს.

ამ დღეებში ისიც შევნიშნე, რომ ვიღაცას საგანგებოდ აუძვრია აღმაშენებლის გამზირზე დეკორატიული ხეების ძირში  დაფენილი რკინის ცხაურები. თუ მთელი ძალით არ დაეჯაჯგურები, მათი შემთხვევით ჩარჩოდან ამოგდება შეუძლებელია. ამბობენ, ცხაურებსაც ვიღაც მუშტრის თვალით უყურებს და ჯართში თუ არ ჩააბარებს, სხვა დანიშნულებით გამოიყენებსო.

რკინის მკვნეტელთა "ვაჟკაცობამ" კულმინაციას რუსთაველის გამზირზე მდებარე ველოსიპედის ძეგლთან მიაღწია. ვიღაცას პედლები მოუძვრია და იქვე დაუყრია (თითოეული პედალი ძალიან მძიმეა)... უცნაურია, სასტუმრო "რედისონის"“წინ, სადაც დღე და ღამე განუწყვეტლივ მოძრაობს ხალხი და პატრულიც, ვის ეყო გამბედაობა, ასეთი ვანდალიზმი ჩაედინა?! ან რატომ უნდა დარჩეს დაუსჯელი მსგავსი ფაქტები?! შესაძლოა, ძეგლი არ მოგწონდეს, მაგრამ ვის აქვს უფლება, შეურაცხყოს საზოგადოების მატერიალური კუთვნილება?

გთავაზობთ ფოტოფაქტებს და დასკვნები თქვენთვის მოგვინდვია.

დღემდე მეგონა, რომ ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები რაღაც ხერხებით ყოველდღიურად ამოწმებდნენ ქუჩებში არსებულ მდგომარეობას. თუმცა, ასე მანამ მეგონა, ვიდრე თავახდილ ჭაში კინაღამ კისერი არ მოვიტეხე...