როდის გასდის ვადა ანძას?
17-11-2014
როდის გასდის ვადა  ანძას?
ბავშვობაში ბევრ სხვა პროფესიასთან ერთად, ალპინისტობაზეც ვოცნებობდი. "საჭირო" ნივთებით გამოტენილ უზარმაზარ ჩანთას მხარზე მოვიგდებდი და "მწვერვალებს" (ეზოში ყველაზე მაღალ ხეებს) "ვლაშქრავდი". ერთ-ერთი "მწვერვალის" "დაპყრობისას" მიწაზე დავენარცხე და იმ დღის "სამახსოვროდ" სიმაღლის შიში დღემდე მომყვება...
რამდენიმე თვის წინ სტამბოლის საგზური ვიყიდე.

აეროპორტში რეგისტრაციის რიგში მდგარმა უკან გამობრუნება რამდენჯერმე დავაპირე, ბოლოს მაინც გავრისკე, თუმცა, არ მახსოვს, როგორ ავიარე ტრაპის საფეხურები, როგორ ჩავჯექი სავარძელში და როგორ შევიკარი ღვედი...

ეს იყო ყველაზე მძიმე 2
საათი და 20 წუთი ჩემს ცხოვრებაში...
"გოგჩენის" აეროპორტში დაშვების შემდეგ თავში მხოლოდ აკვიატებული ფრაზა მიტრიალებდა: "მე ეს შევძელი! მე ეს გამომივიდა!" რამდენიმე დღეში თბილისში გამომგზავრებისას უკვე თამამად ავიარე ტრაპი და შიშიც აფრენისთანავე გაქრა. იმ დღეს პირველად ვნახე ღამის თბილისი, მოციმციმე ანძა ზემოდან და ჩავიფ
იქრე: "მე იქ აუცილებლად ავალ!"

ყოველთვის მაინტერესებდა, როგორი იყო ანძა შიგნიდან. ეს ინტერესი დავიკმაყოფილე და თბილისს ყველაზე მაღალი წერტილიდან ერთი საათი დავცქეროდი.

პირველი სატელევიზიო  კოშკი, საიდანაც ქვეყანას ახალ ამბებს ამცნობდნენ, ახლანდელი ანძის გვერდით იდგა. მისი მშენებლობა 1952 წელს დაწყებულა და ოთხ წელში დასრულებულა. სატელევიზიო კოშკი მარტივი კონსტრუქციის იყო და მისი სიმაღლე 168 მეტრს არ აღემატებოდა. მალე საჭირო გახდა ახალი ანძის მშენებლობა, რადგან ძველით არხების რაოდენობის გაზრდა შეუძლებელი იყო.

იური გვილავა ანძაზე 1997 წლიდან ინჟინრად მუშაობს. ჩვენ 160 მეტრ სიმაღლეზე, ანძის სამკუთხედ ოთახში ვისაუბრეთ: - ძველი კოშკი, რომელიც ახლანდელი ანძის მიმდებარედ იდგა, ახლა გორში დგას. დღეს თითქმის მთელ საქართველოში სხვადასხვა ზომის ანძები და ტელესადგურები გვაქვს.


ახალი ანძა

პირველი სატელევიზიო კოშკის დემონტაჟის შემდეგ, 1972\ წელს, მთაწმინდაზე თანამედროვე დიზაინისა და სტანდარტების ანძის მშენებლობა დაიწყო. ზღვის დონიდან 720 მეტრი სიმაღლის მთაზე მდგარ 274-მეტრიან ანძას ,,საქართველოს ტელეცენტრი" მართავს. თანამშრომლები ამბობენ, რომ ქარის დროს ანძა  3-დან 5 მეტრამდე იხრება.
იური გვილავა, ინჟინერი: - ანძის კონსტრუქცია ბორის ბუტინმა დააპროექტა. ის დღემდე კიევში მუშაობს. მსგავსი ფორმის ანძა დგას ერევანსა და მოსკოვშიც. ანძის დამპროექტებელი ხუთი წლის წინ  თბილისში იყო და თქვა, რომ ანძა კარგ მდგომარეობაშია.

- ექსპლუატაციის ვადა როგორია?
- კონსტრუქტორი ზუსტ თარიღს არ გვეუბნება, მაგრამ ამბობს, რომ კიდევ დიდხანს იდგება - 100, 200 ან 50 წელი. ზუსტად ვერ გეტყვით. შემდეგ ალბათ, ახალი ანძის მშენებლობა იქნება საჭირო. რაც შეეხება მის ამჟამინდელ მდგომარეობას, რაღაცების შეკეთება სჭირდება.
ანძაზე განთავსებული მრგვალი ფორმის ოთახის ქვემოთ სამკუთხა ოთახში, სადაც აპარატურაა განთავსებული, თანამშრომლები სხედან. ანძას ორი სათადარიგო კიბე აქვს - ერთი შიგნიდან, მეორე გარედან.

- რამდენ მეტრზე ადის ლიფტი?
- მთავარი ლიფტი 165 მეტრზე ამოდის. მეორე ლიფტი კი, რომელიც ორ კაცზეა გათვლილი, 225 მეტრ სიმაღლემდე.  
- რატომ არის ანძა წითელი და თეთრი ფერებით შეღებილი?
- თვითმფრინავებისთვის ადვილი შესამჩნევი რომ იყოს. ღამით მისი განათებაც ამიტომ არის აუცილებელი. ანძა ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა იღებებოდეს. მის შეღებვას 20-25 ალპინისტი ერთ წელს ანდომებს. მოციმციმე ნათურები 2004 წელს იმ სპეციალისტებმა დაამონტაჟეს, ვინც ეიფელის კოშკზე დაამონტაჟა განათება. საჭიროა ნათურების განახლება, მაგრამ ამას დიდი თანხა სჭირდება.

ხანძარი ანძაზე

1994 წელს ანძაზე ხანძარი გაჩნდა.  ცეცხლი მოკლე ჩართვამ გამოიწვია, ეს საქმე გამოძიებული არ არის.

ციფრული მაუწყებლობა

თეიმურაზ სვანიძე, ტელე-რადიოცენტრის ტექნიკური მართვის დეპარტამენტის უფროსი: - 2015 წლის ივლისამდე ციფრულ  მაუწყებლობას დავიწყებთ. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაოები ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. 2015 წლის მარტში პირველ ციფრულ სიგნალს გავუშვებთ. მონტაჟდება მულტიპლექსი, სათავო საბაზო ნაწილი ავტომატური მართვისა და კონტროლის სისტემით, რომელიც გააკონტროლებს ფუნქციონალური ბლოკების მუშაობას სხვადასხვა რეგიონში. ციფრული მაუწყებლობა არის უფრო სტაბილური სიმძლავრის ხარვეზების გარეშე და რაც ყველაზე მთავარია, უკეთესი ხარისხის.


"ტოკიოს "ეიფელის კოშკი"

ტოკიოში  მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტელეანძა დგას - სიმაღლე 634 მეტრია. იაპონელებმა მას "ცის ხე" შეარქვეს. ამ ანძის აშენებამდე  უმაღლესი ტელეანძა ჩინურ ქალაქ გუანჯოუში იყო.

"ტოკიოს "ცის ხის" მშენებლობა 503,7 მლნ დოლარი დაჯდა. დიზაინი პარიზის ეიფელის კოშკის მიხედვით არის შექმნილი, ამიტომ "ტოკიოს "ეიფელის კოშკს"აც" უწოდებენ. 4-სართულიან შენობაში განლაგებულია რესტორნები, მაღაზიები და მუზეუმები. "ცის ხის" კენწეროში ასვლა და ტოკიოს ხედების დათვალიერება ყველა მსურველს შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ეიფელის კოშკზე 9 მეტრით მაღალია, ტოკიოს ტელეანძა მხოლოდ 4 000 ტონას იწონის, ეიფელის კოშკი დაახლოებით 7 300 ტონაა.

ტელეანძა შეღებილია თეთრად და ნარინჯისფრად. განათების შეფერილობა დროდადრო იცვლება განსაკუთრებული მოვლენების მიხედვით. მაგალითად, კინოფილმ "მატრიცას" იაპონურ პრემიერაზე ტელეანძა ნეონისფერ მწვანედ ანათებდა.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხ. palitratv-ზე
კაკი
11 აგვისტო 2016 18:49
ეიფელის კოშკის სიმაღლე 324 მეტრია. ტოკიოსი 634. სხვაობა გამოდის 310 მეტი.
მიხა
11 აგვისტო 2016 11:57
ტოკიოს ანძა 332,6 მეტრია. ეს ერთი სიაფანდი. ყველაზე მაღალი რკინის კონსტრუქცია კი ნამდვილად გახლავთ. აი, ყველაზე მაღალი ტელეანძა-CN Tower კი კანადის ქალაქ ტორონტოშია და მისი სიმაღლე 553,33 მეტრს შეადგენს და იგი 1975-2007 წლებში მსოფლიოს ყველაზე მაღალ ნაგებობად ითვლებოდა. CN Tower-ი ეიფელის კოშკზე ორჯერ და ოსტანკინოს ტელეანძაზე 13 მეტრით მაღალია. ესეც მე-2 სიაფანდი.
gavazeli
19 ნოემბერი 2014 13:11
არ შეიძლება ცოტა ყურადღებით წეროთ?
1) "ჩვენ 160 მეტრ სიმაღლეზე, ანძის სამკუთხედ ოთახში ვისაუბრეთ" ანძის სიმაღლე სულ 274 მეტრია, სამკუთხედი ოთახი კი ანძის შუაწელს კარგა ქვემოთაა და რანაირად გამოდის 160 მეტრზე?

2) "ტოკიოში მსოფლიოში ყველაზე მაღალი ტელეანძა დგას - სიმაღლე 634 მეტრია." და იქვე "ეიფელის კოშკზე 9 მეტრით მაღალია". ეიფელის კოშკის ზუსტი სიმაღლე ნამდვილად არ მახსოვს, მგონი 300 მეტრამდეა და ტოკიოს ანძა 9 კი არა კაი 300 მეტრით მაღალი გამოდის.

რედაქტორის რჩევით