თბილისში ქანდაკებები და მონუმენტები სავალალო მდგომარეობაშია - კვირის პალიტრა

თბილისში ქანდაკებები და მონუმენტები სავალალო მდგომარეობაშია

რამდენიმე დღის წინ რედაქციაში წერილი შემოვიდა - აეროპორტის გადასახვევთან მდგარი ზურაბ წერეთლის ქანდაკების, "კაცი და მზე", სავალალო მდგომარეობაზე გვწერდნენ.

ძეგლის მდგომარეობა მართლაც სავალალოა - რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე სპილენძის ფირფიტები შემოცლილი აქვს. როგორც წერილშია ნათქვამი, ამ ძეგლს რამდენჯერმე ჩაუტარდა რესტავრაცია, მაგრამ არაერთხელ გაიძარცვა. ძეგლი რომ დასახლებულ პუნქტთან ახლოს იყოს, ალბათ ამდენს ვერ გაბედავდნენ, მაგრამ მისი ადგილმდებარეობა ვანდალებს, სამწუხაროდ, ხელსაყრელ პირობებს უქმნით. რაღაც გამოსავალი ხომ უნდა გამოიძებნოს?!

ვიფიქრე, ნეტავ, რა დღეშია ქალაქის ცენტრალურ უბნებსა და სკვერებში მდგარი ქანდაკებები-მეთქი და ამის გასაგებად რამდენიმე უბანი შემოვიარე. მეგონა, ძეგლები უკეთეს მდგომარეობაში დამხვდებოდა, მოლოდინი არ გამიმართლდა. უმრავლესობა მოუვლელი და მისახედია.

საპირფარეშოდ ქცეული გალაკტიონ ტაბიძის ქანდაკება

ჭავჭავაძის გამზირზე, გალაკტიონ ტაბიძის ძეგლი შორიდან მშვენიერი დასანახავია. ახლოს მისულს კი რაც დამხვდა, ვანდალიზმზე უარესია. ქანდაკება ღამით საპირფარეშოს ფუნქციას ითავსებს.

9 აპრილის (ალექსანდრეს) ბაღში ძეგლების ნაწილი დაზიანებულია. ბაღის შესასვლელში გიორგი ლეონიძის ქანდაკების კვარცხლბეკს უკანა მხარეს მარმარილოს ფილა აკლია. ამავე ტერიტორიაზე არსებული ყოფილი "გლობუსის" თეატრის გვერდით მდგარ ძეგლსაც, რომელიც ომის თემას ეძღვნება, პოსტამენტის ფილები ამოვარდნილი აქვს. გალაკტიონის ქანდაკების მსგავსად, ეს ძეგლიც ღამით ჩეჩმაა! თანაც მის გვერდით დიდი ნაგვის გროვაა, აქაურობას არც პოლიეთილენის პარკები და ბოთლები აკლია. ერთ დროს ცისფერი გალერეის წინ მდგარმა დავით კაკაბაძის ძეგლმა გაურკვეველი დროით ამ ბაღში დაიდო ბინა.

ბაღში მერხზე ჩამომჯდარი ხნიერი მამაკაცი გამესაუბრა:

ავთანდილ ელიზბარაშვილი: - არ ვიცი, ქანდაკებებს რომელი დაწესებულება უნდა აქცევდეს ყურადღებას, მაგრამ მისახედი რომ არის, აშკარაა. დავით კაკაბაძის ძეგლი მიწაში ჩამაგრებულიც არ არის. საქართველოს გარდა, სხვა ქვეყანაში ვერსად ნახავთ ასეთ დანაგვიანებულ და მოუწესრიგებელ პარკებს. წყალიც კი არ არის ტერიტორიაზე.

მაიაკოვსკის ძეგლის კვარცხლბეკი დაზიანებულია

დიღომში მაიაკოვსკის ბრინჯაოს ქანდაკების პოსტამენტი რამდენჯერმე შეიღება, ოდესღაც ყველა მხრიდან ფილები ამშვენებდა, ხელმრუდეებმა კი ჩამოხსნეს. ახლა ბათქაშჩამოშლილი დგას.

გაძარცულია სოფიკო ჭიაურელის ქანდაკება

მალე ერთი წელი გახდება, რაც სასულიერო სემინარიასთან მდგარი სოფიკო ჭიაურელის ბრინჯაოს ქანდაკება გაძარცვეს. მთავარ ბიუსტს გარშემო მსახიობის განსახიერებული პერსონაჟების მომცრო ქანდაკებები ედგა. მიმდინარე წლის იანვარში ერთი ქანდაკება მოიპარეს და დანარჩენები დააზიანეს. ქანდაკების ავტორს, ლევან ვარდოსანიძეს, ერთი თვეა, რაც მოპარული და დაზიანებული ქანდაკებები პოლიციამ დაუბრუნა. ოთხივე ქანდაკება უკვე რესტავრირებულია და მალე ისევ თავის ადგილას დააბრუნებენ. სოფიკო ჭიაურელის მთავარი ქანდაკების მარმარილოს სადგამზე კი ვიღაცას წითელი ფლომასტერით მაგალითი ქვეშმიწერით ამოუხსნია.

ლევან ვარდოსანიძე, მოქანდაკე: - ეს ქანდაკებები 31 იანვარს მოიპარეს და დაახლოებით ერთი თვის წინ დაგვიბრუნეს. მათი რესტავრაცია უკვე დავასრულე და იმედი მაქვს, მალე დავაბრუნებთ თავის ადგილას. მოიპარეს სოფიკო ჭიაურელის ბიუსტის გვირგვინის ფოთლები. ვაკეში მდგარი დიჯეის ქანდაკება კი, რომელიც წელიწად-ნახევრის წინ პოსტამენტიდან მოხსნეს, დღემდე მიწაზე დგას.“

ძეგლების გაწმენდა მსოფლიოში მიღებული და აუცილებელი პროცედურაა. ბევრ ქვეყანაში არის სპეციალური სამსახურები, რომლებიც მხოლოდ მათი მოვლა-პატრონობით არიან დაკავებული. ხელოვნებათმცოდნე გოგი ხოშტარია საუბრობს სპეციალური სამსახურის შემოღებაზე, რომელიც დედაქალაქში არსებულ ქანდაკებებსა და მონუმენტებზე იზრუნებს.

გოგი ხოშტარია: -  ეს ქანდაკებებისა და ბიუსტების მოპარვა-დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. ძეგლები უსათუოდ მისახედია. ყველა ბრინჯაოსა და სპილენძის ქანდაკებასთან თუ მონუმენტთან, აუცილებლად უნდა იყოს დამონტაჟებული ვიდეოთვალი ან ფარული სიგნალიზაცია. ამით მათ მოპარვასა და ხელოვნურად დაზიანებას ავიცილებთ.

- წლების წინ თუ არსებობდა სამსახური, რომელიც ძეგლებზე ზრუნავდა?

- ძეგლებს მთავარი არქიტექტურის სამსახური ზედამხედველობდა, რადგან  ქანდაკებები და მონუმენტები ქალაქის სივრცობრივი გადაწყვეტის ნაწილია. ადრე ქალაქის მთავარი არქიტექტორი იყო პასუხისმგებელი ქალაქის მხატვრულ სახეზე. დღეს მგონი, ეს სამსახური აღარც არსებობს.

- ყველას გვახსოვს წიწამურთან მდგარი ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო. სოციალურ ქსელებში ხშირად დებდნენ ილიასა და აბანოთუბანში მდგარ ჰეიდარ ალიევის ბიუსტის ფოტოებს, რომლებსაც უარყოფითი კომენტარები და გამოხმაურება ჰქონდა... როცა ილიას ძეგლი მოუვლელია და ალიევის ძეგლი ყვავილნარშია ჩაფლული, ალბათ გაღიზიანების მიზეზი გასაგებია...

- ეს სუფთა პოლიტიკური მოტივით დადგმული ძეგლებია. მხატვრულად რამდენად გამართლებულია, ვერ გეტყვით. ჩვენს ქვეყანას სჭირდება მეზობელ აზერბაიჯანთან კარგი ურთიერთობა... იმაშიც გეთანხმებით, რომ არ შეიძლება, ილიას ძეგლი სავალალო მდგომარეობაში იყოს. უსათუოდ უნდა მიხედონ ძეგლებს. როდესაც ძეგლი იჟანგება, უნდა ჩამოიხსნას, გასუფთავდეს, გაიწმინდოს და ისევ თავის ადგილს დაუბრუნდეს, ან მისი ასლი დამზადდეს და ორიგინალი ძეგლი შეინახოს. ყველაზე ცუდ დღეშია კაცის ხელით ხელოვნურად  დაზიანებული ძეგლები. რადგან ძეგლი იშვიათად ზიანდება კლიმატური პირობების გამო.

P.S. ასე გამოიყურება იმ ადამიანთა ქანდაკებები, რომლებმაც ეპოქა შექმნეს. ჩვენ კი მადლიერების, მოვლისა და გაფრთხილების ნაცვლად, ზოგიერთი მათგანი საპირფარეშოდ ვაქციეთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი