როგორ ვებრძოლოთ საცობებს - "თბილისში გამონაბოლქვის რაოდენობა დასაშვებს 70%-ით აღემატება" - კვირის პალიტრა

როგორ ვებრძოლოთ საცობებს - "თბილისში გამონაბოლქვის რაოდენობა დასაშვებს 70%-ით აღემატება"

"რას ეუბნება მერი მძღოლებს, საცობები სულ იქნება და გამონაბოლქვში გაგგუდავთო?"

"თბილისში გამონაბოლქვის რაოდენობა დასაშვებ ზღვარს უკვე 70%-ით აღემატება"

ბოლო დროს თბილისის ქუჩებში ტრანსპორტის მოძრაობის არასწორად ორგანიზებით წარმოქმნილი რამდენიმესაათიანი საცობების გამო ახალი პოლიტიკური ჭორი აგორდა - მომავალ საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში  ელექტორატის ყველაზე დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს პარტია, რომელიც ამომრჩეველს დედაქალაქში საცობების გაქრობის რეალურ პროექტს შესთავაზებსო. თბილისის ქუჩებში გავლა ისეთ პრობლემად იქცა, რომ ჭორი სიმართლეს ჰგავს. დავით ნარმანიაც აცხადებდა, მერად არჩევისთანავე თბილისს სატრანსპორტო ქაოსისგან ვიხსნიო, თუმცა, უფლებამოსილების მიღებიდან ოთხი თვის შემდეგ საცობებმა დიდი თავსატეხი გაუჩინა.

"კვირის პალიტრა" ექსპერტებსა და სპეციალისტებთან ერთად წლების განმავლობაში ეძებდა ამ პრობლემიდან გამოსავალს, თუმცა, ადგილობრივი ხელისუფლება საქმის მცოდნეთ არც პირისპირ საუბრისას უსმენდა და არც მედიასაშუალებით შეთავაზებული წინადადებები აინტერესებდა. ახლა თბილისში ჯოჯოხეთური საცობებია.

რობერტ იანტბელიძე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ექსპერტი: - გმირთა მოედნის რეკონსტრუქცია მხოლოდ იდეის საფუძველზე დაიწყო და მშენებლობის სქემის შედგენამდე საექსპერტო სამუშაოები არც ჩატარებულა. საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო არა დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისიამ, არამედ ჩინოსანთა ან მათზე სხვადასხვა მიზეზით დამოკიდებულ სპეციალისტთა ვიწრო ჯგუფმა. პროექტსაც გზადაგზა ადგენდნენ და ექსპერტიზასაც მშენებლობის პროცესში ატარებდნენ. ამიტომაც ვერ გათვალეს, რამდენი ავტომობილი გადაადგილდებოდა თამარ მეფის გამზირისა და გმირთა მოედნის შემაერთებელ მონაკვეთზე და ერთზოლიანი პანდუსებით კიდევ უფრო დაამძიმეს მდგომარეობა. მათი ვიწროგამტარიანობა პრობლემებს ქმნის კოსტავას ქუჩიდან ვარაზისხევისკენ მიმავალ მონაკვეთზეც, სადაც ხშირად ფერხდება მოძრაობა.

დამკვეთ-მშენებლები გვიან მიხვდნენ შეცდომას და ვერის დაღმართისა და თამარ მეფის გამზირის შემაერთებელი, ასევე, გმირთა მოედნისა და სანაპიროს დამაკავშირებელი პანდუსები ორი სამანქანო ზოლისთვის ააშენეს, მაგრამ ამან მანამდე დაშვებული შეცდომებით გამოწვეულ პრობლემებს ვერაფერი უშველა.

ეს იმის შედეგია, რომ ასეთ საკითხებს წყვეტდნენ ის ადამიანები, ვისაც, ალბათ, ტექნიკური უნივერსიტეტიც კი არ აქვთ დამთავრებული და ნახაზის შედგენაც არ იციან.  რჩება შთაბეჭდილება, რომ მერიის ახალი თანამშრომლებიც ძველ გზას მიჰყვებიან... ორიოდე დღის წინ დავით ნარმანიამ განაცხადა, ბიუჯეტში ცოტა ფულია და თბილისში ტრანსპორტის მოძრაობის ორგანიზებისთვის თანხა გათვალისწინებული არ არისო. დედაქალაქში მილიონამდე მანქანა დადის, რას ეუბნება მერი მძღოლებს, საცობები სულ იქნება და გამონაბოლქვში გაგგუდავთო? თუ ტრანსპორტის მოძრაობასაც კი ვერ მოაწესრიგებენ, სახელფასო დანამატი კი არა, ხელფასი რაში ეკუთვნით? ნუთუ მერიაში ვერ ხვდებიან, პოლიტიკურად როგორი წამგებიანია მათი პოზიცია?! მოსახლეობის უმრავლესობას ავტომობილი ჰყავს, ზოგს სკოლიდან გამოჰყავს ბავშვი, ზოგსაც - ბაღიდან, ზოგსაც ავადმყოფი მიჰყავს ექიმთან... თუ ყველაფერში ხელი შეგეშლება და საცობში დაწვავ მამასისხლად ნაყიდ საწვავს, რა თქმა უნდა, ჩუმად ვერ იქნები.

აქეთ„"სითი პარკი" გაყაჩაღებს, იქით არასწორად დაკიდებული მოძრაობის ნიშნები გაბრკოლებს, მერიაც გეუბნება, ფული არ მაქვს, რომ ჩემი მოვალეობა შევასრულო და ადამიანურად მგზავრობის შესაძლებლობა მოგცეო.

ამასთან, დიდხანს დაქოქილი მანქანების გამონაბოლქვი ჰაერს აბინძურებს და სიმსივნის გაჩენას უწყობს ხელს. თბილისში გამონაბოლქვის რაოდენობა დასაშვებ ზღვარს უკვე 70%-ით აღემატება.“

თბილისის მერსა და საზოგადოებას ტრანსპორტის მოძრაობის მოწესრიგების გეგმას სთავაზობს საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე:- საცობების შექმნას უამრავი ფაქტორი განაპირობებს. მათ შორის - ის ურბანული ვანდალიზმი, რაც სპორტის სასახლის გარშემო ხდება. ამ ვანდალიზმის გაგრძელებაა წინა ხელისუფლების დატოვებული დეველოპერული პროექტი ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი  ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზე, სადაც რვა 116-მეტრიანი შენობის აშენება იგეგმება. ეს არის 1340-ბინიანი კომპლექსი, რომელიც 4 ჰექტარზე გაშენებულ მწვანე საფარს შეიწირავს. კომპლექსის ავტოსადგომიდან ყოველ დილით, სულ ცოტა, 1500 ავტომობილი გამოვა  და ახალი საავტომობილო კოლაფსის მომსწრე გავხდებით.

გასული საუკუნის 90-იან წლებში არქიტექტორებისა და ქალაქმაგეგმარებლების პროექტის მიხედვით,

საბურთალოზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო ნაკადი ვახუშტის ხიდიდან სპირიდონ კედიას ქუჩის გავლით და შემდგომ ესტაკადით უნდა მოხვედრილიყო  ნაძალადევის რაიონში. ეს იყო განივი სატრანსპორტო კომუნიკაციის განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობა, თუმცა, მის გაგრძელებაზე არავინ იფიქრა. სამაგიეროდ, მიიღეს ყველაზე ცუდი, ურბანულად არასწორი  გადაწყვეტილება - საბურთალოდან მომავალი  ნაკადი შემოატრიალეს და  ვერეს ხეობაში სულ სხვა მიმართულება მისცეს.

ეს იყო შეცდომა, ისევე, როგორც სასტუმრო„"ჰოლიდეი ინის" წინ მდებარე 26 მაისის მოედნის გაყიდვა. ამ მოედნის გაყიდვით მივიღეთ ავტოსადგომი, სიმახინჯე სასტუმროს წინ, რითაც ვერც მყიდველმა იხეირა, ვერც მერიამ და ვერც მოქალაქეებმა. მოედანი, რომელიც ამოსუნთქვის  საშუალებას აძლევდა სატრანსპორტო ნაკადს, მოვსპეთ.

ამ პრობლემასთან საბრძოლველად უნდა გაერთიანდეს მერიის რამდენიმე სამსახური. კეთილმოწყობის, მოძრაობის ორგანიზაციის, გამწვანების, განათებისა და საშუქნიშნე მეურნეობის საქალაქო სამსახურების მუშაობა უნდა იყოს კოორდინირებული და შეთანხმებული საპატრულო პოლიციასთან, სამაშველო და პარკირების სამსახურებთან. მკაცრად უნდა განისაზღვროს, სად შეიძლება პარკირება და სად - არა. მართვის ამ ერთიან სისტემასთან უნდა იყოს შეთანხმებული მშენებლობების ნებართვაც. უნდა აიკრძალოს ის, რაც, მაგალითად, გაგარინის მოედანზე“ხდება - ახალი შენობები ლამის ტროტუარზე დგას.

- როგორც მძღოლების საჩივრებით ჩანს, კვლავაც აქტუალურია შუქნიშნების პრობლემა, არადა, ცოტა ხნის წინ დედაქალაქის ქუჩებში "ჭკვიანი შუქნიშნები" დამონტაჟდა.

- არ არსებობს "ჭკვიანი შუქნიშანი", არსებობს ჭკვიანი მენეჯერი, ის, ვინც აპროექტებს და აპროგრამებს შუქნიშნებს. თუმცა, მე ვერ ვხედავ ჭკვიან მენეჯერს. თბილისის მერიაში ასეთი სამსახური  რომ არსებობდეს, მასშტაბურად შეეცდებოდა ყველა ცხელი წერტილის გამოკვლევას. კატეგორიულად მოვითხოვეთ საშუქნიშნე მეურნეობის წარმომადგენლების საკრებულოში მოწვევა და ანგარიშის მოსმენა. ძალიან ცუდია, როდესაც მერიის საქალაქო სამსახურების არაეფექტური მუშაობის გამო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა ნარმანიას უწევს.  მერი კი არა, საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები უნდა პასუხობდნენ ყველა შეკითხვას...

უკვე ოთხი თვეა, ვმუშაობთ და თბილისის საქალაქო სატრანსპორტო სამსახურისგან ვერ მოვისმინეთ, რა გვეშველება, რას აპირებენ, აქვთ თუ არა კონცეფცია. ბოლოს და ბოლოს, მათ აიღეს ვალდებულება, რომლის შესრულება ჩვენ, საზოგადოებამ, უნდა მოვთხოვოთ.