ამჯერად თბილისი ტრაგედიას გადაურჩა
19-01-2015
ამჯერად თბილისი ტრაგედიას გადაურჩა
12 იანვარს "პალიტრა ტვ"-ის გადამღებ ჯგუფს მიხეილ ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის) დაღმართზე ფეხქვეშ მიწა გამოეცალა. ქუჩის მარჯვენა მხარეს ძველი სამაგრი კედელი ჩაინგრა და ავტომობილის სავალი გზა თითქმის შუა ხაზამდე მოწყვიტა. საბედნიეროდ, კრიტიკულ მომენტში ნგრევის ადგილზე არავინ იყო... ამჯერად თბილისი ტრაგედიას გადაურჩა, თუმცა, არავინ იცის, როდემდე, რადგან დედაქალაქის უბნებში მრავლად არის ადგილი, სადაც, შესაძლოა, გზა ფეხქვეშ გამოგეცალოთ.

ჯავახიშვილის დაღმართზე, ჩანგრეული მონაკვეთის მიმდებარედ, ერთადერთი სახლი დგას, სადაც ოდესღაც მიხეილ ჯავახიშვილი ცხოვრობდა. სახლის ამჟამინდელი
მობინადრეები იხსენებენ, რომ ჩანგრევამდე რამდენიმე დღით ადრე, სახლის წინ, გზის გასწვრივ, სველი ზოლი გაჩნდა და ქვაფენილმა დაიწია. კედლის ჩანგრევამდე, დილით, შენიშნეს, რომ გზის საფარი კიდევ უფრო მეტად ჩაწოლილიყო.

- ვიფიქრეთ, რომ სადღაც წყალი ჟონავდა. შეგვეშინდა, ისედაც ავარიული სახლისთვის წყალს ძირი არ გამოეთხარა და თბილისის წყლის
კომპანიას დავურეკეთ, სადაც მშვიდად გვკითხეს, დარწმუნებული ხართ, რომ ჩვენი მილია დაზიანებულიო?

პროკურატურამ ნგრევა სტიქიას დაუკავშირა. არადა, "კვირის პალიტრასთან" საუბარში სტიქიას გამორიცხავს მერიის კეთილმოწყობის სამსახური.

ავთანდილ სუდაძე, თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი:

- ნგრევა გამოიწვია სასმელი წყლის ძველმა, თუჯის დაზიანებულმა მილმა. სავარაუდოდ, წყალს აპარებდა და კედელს, რომელიც ჩაინგრა და გზაც ჩაიყოლა, ძირი გამოურეცხა. კედელი ახალი რომ ყოფილიყო, ეს არ მოხდებოდა.

- იყო თუ არა ეს სტიქიური მოვლენა?
- არა. სტიქიური მოვლენაა, როდესაც  ნატურალური გრუნტი იძვრის. ამ შემთხვევაში კი კედელთან ერთად ჩამოიშალა ხელოვნურად დატკეპნილი მიწის მასა, რომლითაც საგზაო სივრცე კედლის აშენების შემდეგ შეივსო. ნატურალური გრუნტი აქ არ ყოფილა.

- პროკურატურამ განაცხადა, რომ გამოძიება არ ჩატარდება, რადგან არავინ დაღუპულა ან დაზარალებულა, ნგრევა სტიქიამ გამოიწვიაო.

-  მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტი არ ვარ, პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მიმაჩნია, რომ ჩამონგრევა სტიქიას არ გამოუწვევია.

- თბილისში ბევრი საშიში ადგილია, სადაც შეიძლება ჩამოინგრეს კედელი ან სხვა სამაგრი ნაგებობა...
- დედაქალაქში უამრავი ძველისძველი საყრდენი კედელია, რომელთა შორის ზოგიერთი ასი წლის წინანდელიც კი არის. დაახლოებით 10-15 ყველაზე კრიტიკული წერტილია, სადაც სიტუაცია იმდენად რთულია, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია მათი რეაბილიტაციის ხარჯი.

როგორი იყო ელბაქიძის დაღმართი


ძველი ფოტოების გალერეაში შემორჩენილ ერთ-ერთ ფოტოზე ნათლად ჩანს, როგორი იყო ვერეს, შემდეგ  ელბაქიძის, დღეს კი უკვე მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი.  ნაკლებად ციცაბო და უფრო დაბალი ჩასასვლელ-ამოსასვლელი მოგვიანებით აუმაღლებიათ მიწაყრილით, რომელსაც სამაგრებად ერთ მხარეს კედელი გაუკეთეს, ის კედელი, რომელმაც აქამდე გაძლო. ქუჩის ამ ნაწილისთვის ელბაქიძის სახელი ძველი რევოლუციონერი არკადი  ელბაქიძის გამო უწოდებიათ, რადგან მან ამ ადგილას ყუმბარით მძიმედ დაჭრა გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელი საქართველოში გენერალი ბარათოვი. რევოლუციონერი თავადაც ამ აქტს შეეწირა.

ნგრევა მსხვერპლით


1974 წელს  მთაწმინდის პანთეონის ქვემოთ უზარმაზარი მასა მოწყდა და იქ მომუშავე მუშები ჩაიტანა. ტრაგედია განმეორდა 2003 წელს იმავე ადგილას - ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობის დროს მოწყვეტილმა მიწამ ოთხი ადამიანი იმსხვერპლა.

სად გველის ნგრევა?


თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დედაქალაქში რამდენიმე  ყველაზე ცხელი კერაა, სადაც შესაძლებელია ჯავახიშვილის დაღმართის ანალოგი განმეორდეს.
საბურთალოს რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქ. #115-117-თან უხვი ნალექების პერიოდში საავტომობილო გზა ირეცხება და ჩამონგრევის საფრთხე ემუქრება მოსახლეობას. ნუცუბიძის IV მ/რ-ში კი ფერმწერთა ქ. #79-თან ასევე დიდი წვიმების დროს მეწყერი ჩამოდის.  ისნის რაიონში, გუჯარეთის II ქ. #114-116-118-თან, მუდმივად არის ფერდის ჩამონგრევის საშიშროება.  ჩუღურეთის რაიონში, სიღნაღის ქუჩა #3-თანაც ფერდი ინგრევა.  მძიმე მდგომარეობა არის ვაკის რაიონშიც, კერძოდ, ბაგებში, იმედაძის I გასასვლელი #1 მუდმივად დგას ჩამოზვავების საშიშროების წინაშე. ცხვედაძის ქუჩის #60 ა-სთან ამორტიზებული კედლის ჩამოშლამ, შესაძლოა, საცხოვრებელი სახლი დააზიანოს.  ნაძალადევის რაიონში, ბერიაშვილის ქ. #20-თანაც აუცილებელია ფერდის გამაგრება.  

სიუჟეტი იხ. palitra tv-ზე

batumeli...
27 იანვარი 2015 06:11
დადიხართ და მიწა ფეხებში გეცლებათ.დაფიქრდით
ანდრო ელაშვილი
24 იანვარი 2015 13:18
მე–4–ე მიკრორაიონის და შეშელიძის ქუჩის მიმდებარე ფერდა ყოველწლიურად ინგრევა და დაბლა ჩადის, ავტო ტრასაზე, რომელსაც არავინ არ აქცევს ყურადღებას. ფერდის თავზე აშენებულია 16 სართულიანი კორპუსები და არაა გამორიცხული, რომ საავარიო სიტუაცია შეექმნათ.

რედაქტორის რჩევით