"შიხიაშვილის პოლიტიკას ვერ გავაგრძელებ" - კვირის პალიტრა

"შიხიაშვილის პოლიტიკას ვერ გავაგრძელებ"

საკრებულოში მიღებულ გადაწყვეტილებებს„სახელფასო დანამატებისა და "პანორამა თბილისის" შესახებ არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. ამ და სხვა საკითხებზე "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურად საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საუბრობს:

- მოგეხსენებათ, მეხუთე მოწვევის საკრებულომ მეორე სხდომაზევე უარი თქვა პრემიებზე. ასე რომ, პრემიების საკითხი დღის წესრიგიდან თავიდანვე მოიხსნა. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს უფლება-მოვალეობები გაიზარდა. სწორედ საკრებულოა ერთადერთი ორგანო თვითმმართველობაში, რომელიც იღებს ყველა იმ ნორმატიულ აქტს, რაც დაკავშირებულია დედაქალაქის მართვასთან, ამტკიცებს დედაქალაქის მთავრობის წევრებს, ქალაქის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, თბილისის ბიუჯეტს, მონიტორინგსა და კონტროლს უწევს მის ხარჯვას. ეს, გარდა დიდი პასუხისმგებლობისა, თავდაუზოგავ შრომას მოითხოვს. პრაქტიკულად, ჩვენ 6 თვის განმავლობაში ჩავატარეთ საკრებულოს, ბიუროსა და კომისიების იმაზე მეტი სხდომა, რაც მთლიანად წლის განმავლობაში,  არაფერს ვამბობ წინა წლებზე.

ექვსთვიანი მუშაობის შეფასებისას, საჭიროდ მივიჩნიე დანამატის გაცემა, რაც შევათანხმე ბიუროს წევრებთან.

დღეის მდგომარეობით საკრებულოს თანამდებობის პირებმა მხოლოდ ერთხელ მიიღეს დანამატი ხელფასის 60%-ის ოდენობით.

- თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მწვავე შეფასებები მოჰყვა.

- ცოტა არ იყოს, არ მესმის ასეთი შეფასებების ავტორებისა იმის გათვალისწინებით, რა პროცესიც უძღოდა წინ დანამატის გაცემას. საკრებულოს უმრავლესობის მხარდაჭერით საკრებულოს სხდომაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს უფრაქციო რიგითი წევრების ხარჯების ანაზღაურება გაიზარდა 700 ლარით, ხოლო ფრაქციის წევრებისა - 800 ლარით. ეს ცვლილება განაპირობა იმან, რომ დეპუტატებს, რომლებიც მონაწილეობენ ორი კომისიის მუშაობაში, უნაზღაურდებოდათ მხოლოდ ერთში მონაწილეობის ხარჯები. ამას მხარი დაუჭირა როგორც რესპუბლიკური პარტიის ყველა წევრმა დეპუტატმა, ასევე დამოუკიდებელმა დეპუტატებმაც. ამ გადაწყვეტილებით რიგითი დეპუტატის ხარჯების ანაზღაურებისთვის გამოყოფილი თანხა პრაქტიკულად გაუთანაბრდა საკრებულოს თანამდებობის პირების ხელფასს. სხვაობა ხელზე ასაღებ თანხას შორის 80 ლარი გახდა. შეგახსენებთ, რომ თანამდებობის პირებს ნებისმიერი სხვა საქმიანობა, გარდა აკადემიურისა, ეზღუდებათ, მაშინ, როცა რიგით დეპუტატებს ეს აკრძალვა არ ეხება. მაგალითად, ალეკო ელისაშვილი, აგრძელებს ჟურნალისტურ საქმიანობას. კომისიები განსაზღვრავენ ქალაქის დარგობრივ პოლიტიკას და კომისიის თავმჯდომარეებს საკრებულოს საქმიანობაში სრული ჩართულობა ევალებათ. ამით რიგითი წევრის ქალაქისთვის გაწეულ მუშაობას არ ვაკნინებ. დანამატები გაიცა აპარატის თანამშრომლებზეც ზეგანაკვეთური, ინტენსიური შრომისთვის.

აპარატის თანამშრომლებზე გავეცით პრემიები, ისევე როგორც ყველა საჯარო სამსახურში, კანონით დადგენილ ფარგლებში, და არა 300%-იანი და არა ყოველთვიურად, რაც ჩვენამდე ხდებოდა.

- 300%-იან პრემიებზე იდენტური არგუმენტები ჰქონდა თქვენს წინამორბედსაც.

- შიხიაშვილის პოლიტიკას ვერ გავაგრძელებ. უბრალოდ, ფაქტებს მოგიყვანთ და დასკვნა თავად გააკეთეთ. პირველი - წინა მოწვევის საკრებულოსა და ამ მოწვევის საკრებულოს უფლება-მოვალეობები, ახალი თვითმმართველობის კოდექსიდან გამომდინარე, განსხვავებულია. მეორე - ჩვენ 6 თვის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ გავეცით 60% სახელფასო დანამატი თანამდებობის პირ დეპუტატებზე; მესამე - 2014 წელი დავასრულეთ 824.000-მდე ლარის ეკონომიით; მეოთხე - 2014 წელთან შედარებით, 2015 წლის ბიუჯეტში მილიონ შვიდასი ათასით შევამცირეთ პრემიებისა და დანამატებისთვის განკუთვნილი თანხა.

მუშავდება კანონპროექტი სახელმწიფო მოხელეთა რანგირების შესახებ და ანაზღაურება ნებისმიერი თანამდებობის პირისთვის კანონმდებლობით იქნება განსაზღვრული.

- მართალია, რომ მოქალაქეების მიღების დღე გააუქმეთ?

- არაფერი გამიუქმებია. უბრალოდ, გასულ წელს მეტად დაძაბული რეჟიმით გვიწევდა მუშაობა - მთავრობის დამტკიცება, 2014 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა, ახალი ბიუჯეტის განხილვა-დამტკიცება, რიგგარეშე სხდომები და ა. შ. იმავდროულად,  გარემონტებულ შენობაში გადმოვდიოდით. ამ შენობაში ერთი თვეა, რაც გადმოვედით. რთული იყო ერთი კონკრეტული დღის გამოყოფა, როცა მე სტაბილურად შევძლებდი მოსახლეობასთან შეხვედრას. ამიტომ მათ ვხვდებოდი შესაძლებლობიდან გამომდინარე და მაჟორიტარების ბიუროებში გასვლითი შეხვედრების დროს. მოსახლეობასთან შეხვედრის დღეს აუცილებლად აღვადგენ.

- თქვენი ოპონენტები თვლიან, რომ  მნიშვნელოვანი პროექტები შეჩერებულია, ძველ თბილისში სახლები ყოველდღიურად ზიანდება და მოქალაქეები თავშესაფრის გარეშე რჩებიან.

- ძნელია ყველა ამ პრობლემის 6 თვეში მოგვარება. ჩვენ 2015 წლის ბიუჯეტში, სხვა პრიორიტეტებთან ერთად, მაქსიმალურად გავითვალისწინეთ დაზიანებული შენობების გამაგრებისათვის, შეჭირვებული მოსახლეობისთვის სოციალური და ჯანდაცვისთვის საჭირო თანხები. არაერთი უფასო სასადილო გავხსენით და "ცხელი სადილი" დავარქვით, გავაუმჯობესეთ რაციონი და მომსახურება.

- ახალი წლის წინადღეებში მოქალაქეებს "ცხელი სადილი" დაკეტილი დახვდათ.

- ამის შესახებ არაფერი ვიცი. შესაძლოა, მოქალაქეებს სადილი წინასწარ მიაწოდეს. ამას აუცილებლად გავარკვევ.

- იმავე ბიუჯეტში ახალდაგებული გზების რეაბილიტაცია რომ გაითვალისწინეთ, ეს კანონდარღვევა არ არის?

- შესაძლოა, ბიუჯეტი იდეალური არ არის, რასაც მეც ვეთანხმები, მაგრამ პროგრამულად გაწერილია. მსგავსი მასშტაბის ბიუჯეტი თბილისს ჯერ არ მიუღია.

როცა მილიონნახევრიანი ქალაქის ბიუჯეტს ადგენ, რაღაც შეცდომაც იქნება, მაგრამ უკვე დაგებული ასფალტი ხელმეორედ არ დაიგება.

- თქვენი ოპონენტების განცხადებით, საკრებულო გადაწყვეტილებებს სწრაფად იღებს.  საუბარია პროექტზე "პანორამა თბილისი". მათი თქმით, ეს საკითხი ისე გადაწყვიტეთ, რომ განხილვის 10 დღით გადავადებასა და ექსპერტების ჩართვაზე უარი განაცხადეთ.

-  "პანორამა თბილისის" შემთხვევაში რა გადაწყვეტილებაც მიიღო საკრებულომ, ეხება მხოლოდ ზონალურ ცვლილებას. საბოლოო პროექტი განხილვის პროცესშია.

კომუნისტური რეჟიმის შემდეგ, როცა თბილისის მეტრო გაიყვანეს, ამ მასშტაბის პროექტი თბილისს არ ღირსებია. ეს დედაქალაქს რეგიონის ცენტრად აქცევს.

რუსუდან შელია