"რა დაგმართეს, ბატონო დავით, მერის კაბინეტში?" - კვირის პალიტრა

"რა დაგმართეს, ბატონო დავით, მერის კაბინეტში?"

"მერის უხერხემლო პოზიცია ვაკის პარკს ანადგურებს"

სამოქალაქო მოძრაობა ვაკის პარკის გადასარჩენად ბრძოლას განაგრძობს.  24 იანვარს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები ითხოვენ, ბათილად ცნონ სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობა, რომლის ნებართვაც გიგი უგულავას ხელმოწერით გაიცა. სასტუმროს ქართველი და უცხოელი ინვესტორები აშენებენ, მათ შორის არის გოგა ზაქაიძე. ამბობენ, რომ ის უგულავას მეგობარია და მისი, როგორც ერთ-ერთი მოწილის უკან სწორედ თბილისის ყოფილი მერი დგას, რომელმაც სარეკრეაციო ზონაში სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გასაცემად თვითნებურად შეცვალა საკანონმდებლო რეგულაციები.

"მოვითხოვთ, დღევანდელმა მერმა ბათილად ცნოს წინამორბედის განკარგულებები. ნარმანია ვალდებულია, წინასაარჩევნო დაპირებები აღასრულოს. ის აცხადებდა, რომ ვაკის პარკში დაუშვებელია მშენებლობა. მეტიც, რომ აქაურობას უნდა მიემატოს გამწვანებული ზონა. ნარმანიას ახლანდელი საქციელი უპატიებელია!" - მიიჩნევენ აქციის მონაწილეები.

"კვირის პალიტრა" თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსს, ნინო ღოღობერიძეს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ ორჯერ შეიკრიბა კომისია, რომელმაც პროექტის ხარვეზები დაადგინა და მათ გასწორებას მოითხოვს.

- ამ ეტაპზე ინვესტორს აქვს უფლება, მშენებლობა გააგრძელოს? არ უნდა შეჩერდეს სამშენებლო პროცესი?

- წინა ხელისუფლებისგან აქვთ ოფიციალური თანხმობა და იურიდიულად მათი შეზღუდვა არავის შეუძლია. ამასთან, სარჩელი შეტანილია სასამართლოში. მერიას სასამართლოზე მეტი უფლებები არ აქვს...

- სამოქალაქო მოძრაობა აცხადებს, თუ მშენებლობა არ შეწყდება, ვაკის პარკს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგებაო.

- რა ზიანი? იყო რესტორანი და მის ადგილზე შენდება ექვსსართულიანი სასტუმრო. იმას გულისხმობთ, რომ მშენებლობა ვაკის პარკშია?

- თქვენ მონაწილეობას იღებდით განხილვაში?

- განხილვაზე არ გამოკვეთილა კონკრეტული მიზეზები. ითქვა, რომ სასტუმრო ვაკის პარკში არ უნდა აშენდეს. ეს სუბიექტური აზრია...

- არ მოითხოვეთ, დაეკონკრეტებინათ შესაძლო საფრთხე?

- ვისთვის უნდა მომეთხოვა? ვერც ვხვდები, რა უნდა ზიანდებოდეს...

აქციის მონაწილეები ჩივიან: "იმის ნაცვლად, რომ მერმა განაცხადოს, გადასახედია მშენებლობის უფლებაო, გვიცხადებს, ინვესტორს კანონიერი უფლება აქვსო. რა დაგმართეს, ბატონო დავით, მაგ კაბინეტში? მერობამდე სხვანაირად აზროვნებდით!"

ნატა ფერაძე, პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელი:

- დიდი ხანია, სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით, მაგრამ ამაოდ... ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მორიგი მოსმენა ა.წ. მარტში დაინიშნა. გვეგონა, იმიტომ აჭიანურებდნენ, რომ მერიაში ახალი ხელისუფლების მოსვლას ელოდნენ, პოლიტიკური ნება ბოჭავდათ. ახლა კი ნარმანიაც აცხადებს, რომ ინვესტორს იურიდიულად ხელს ვერ შეუშლიან, ააშენოს სასტუმრო. სასამართლოს გადაწყვეტილებას დაველოდოთო, სასამართლომ კი პროცესის დასრულებამდე მშენებლობის შეჩერებაზე უარი განაცხადა. როცა  ვიკითხეთ, თუკი აშენდა, მერე დასკვნას, თუნდაც საწინააღმდეგოს, რა ძალა ექნებაო? გვიპასუხეს - დემონტაჟს მოვითხოვთო. თუ მთელი პარკი აოხრდა, დემონტაჟს რაღა აზრი ექნება? ნარმანია პრიორიტეტულად მიიჩნევდა სარეკრეაციო ზონების გაზრდას და ვაკის პარკის დაცვას, მაგრამ ჯერ არ მიუღია ამ დაცვაში მონაწილეობა. რამდენჯერმე შეგვხვდა და დაგვპირდა, რომ შეიმუშავებს სარეკომენდაციო წერილს, რომელსაც ინვესტორი, ცხადია, არ გაითვალისწინებს, როგორც არასავალდებულოს. ამიტომ მერის პოზიცია არის უხერხემლო, ვაკის პარკი კი ისევ ნადგურდება! დასანანია, რომ მერიაში არ ესმით, რა ზარალი ადგება პარკს სასტუმროსთვის ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. მხოლოდ პარკინგისთვის გაიჩეხება უამრავი ხე, განადგურდება მთის ძირისთვის დამახასიათებელი ეკოსისტემა, დაიწყება ფაუნის მიგრაცია. კომუნიკაციების გაყვანა ვერ მოხერხდება სარეკრეაციო ზონაში მასშტაბური ჩარევის გარეშე, რაც გამოიწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს. იმის გამო, რომ ვერაზე უწესრიგო მშენებლობის შედეგად ჟანგბადი აღარ არის, იქ ბინები გაიაფდა... ვაკის პარკში სასტუმროს აშენება სუნთქვის შეზღუდვას გვიქადის. ამას ეწინააღმდეგება საერთაშორისო კონვენცია, რომელზეც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს - ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ფართობი 15 კვმ უნდა იყოს! ვის ესმის?

ხელიდან ხელში

სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტების ინფორმაციით, რესტორან „"ბუდაპეშტის"“შენობა ვაკის პარკისთვის ჯერ კიდევ შევარდნაძის ხელისუფლების დროს გახდა საფრთხე. მიუხედავად იმისა, რომ შენობა ვაკის პარკის ტერიტორიაზეა, 1995 წელს მიანიჭეს მას ჭავჭავაძის #68. დოკუმენტების თანახმად, ობიექტი პირველად შევარდნაძის ნათესავზე გაფორმდა, შემდეგ კი რამდენჯერმე გასხვისდა. ყველა მყიდველი ერთმანეთის მეგობარია, ყველას აქვს ერთი მისამართი და ჰყავს ერთი იურისტი, ანუ ფორმალური გადაყიდვა ხდებოდა. ამ ადგილს სარეკრეაციო სტატუსიც მოეხსნა. ახლა ეს დარღვევა გასაჩივრებულია სასამართლოში...

რესტორნის ფართობი 480 კვმ იყო, სასტუმროსი კი (პროექტის მიხედვით) - 1300 კვმ იქნება. ამასთან, რესტორანი ორსართულიანი იყო, სასტუმროს პროექტი კი 6-სართულიანია.