ფრთხილად გადათხრილ ქუჩებში!
02-02-2015
ფრთხილად გადათხრილ ქუჩებში!
"თითოეულ კომპანიას პასუხი მკაცრად უნდა მოეთხოვოს"

დედაქალაქში ფეხით მოსიარულეთათვის გადაადგილება საკმაოდ რთულია; ტროტუარებზე გაჩერებული მანქანები - ეს თბილისის ქუჩებში არსებული რეალობაა. ამას ემატება გადათხრილი ქუჩები თუ ტროტუარები. სამუშაოს დასრულების შემდეგ კომპანია აყრილი ქვაფენილისა თუ ასფალტის ნაცვლად გადათხრილ ადგილებს ღორღით მიალამაზებს”და საქმეც დამთავრებულია.


შორს რომ არ წავიდეთ, პეკინზე, ბუკიას ბაღიდან დაწყებული სასტუმრო "ჰოლიდეიმდე", გადათხრილ ტროტუარზე ფეხით გადაადგილება შეუძლებელია. სამუშაო დასრულდა, მაგრამ დარჩა ასფალტაყრილი, ახლა უკვე წყლით სავსე ორმოები.

ცხადია, სარემონტო სამუშაოები
აუცილებელია, მაგრამ მოსახლეობის ინტერესებიც ხომ გასათვალისწინებელია?! ადრე გამაფრთხილებელ ნიშანს მაინც შეამჩნევდით: "ბოდიშს გიხდით გადაადგილების შეფერხებისთვის". ახლა კი ასეთ ნიშნებს თვალი ვერსად მოვკარი.

ეს პრობლემა მხოლოდ დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში არ დგას. დიდუბის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორია გადაუჭრელ პრობლემად იქცა. გადათხრილ ტერიტორიას წლების წინ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. "ნასვამმა
მამაკაცმა ფეხი რაღაცას წამოჰკრა და წაიქცა. დაზიანება იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მისი გადარჩენა ვერ შეძლეს", - მიამბეს მძღოლებმა.

დამპალოს დასახლებაში ფეხით მოსიარულეებისთვის ტროტუარი არ არსებობს, მოსახლეობა სამანქანო გზაზე გადაადგილდება, რითაც თავს საფრთხეს უქმნის.

უკეთეს დღეში არც მძღოლები არიან. "ძალიან უნდა იყოჩაღო, რომ ამდენ ორმოს აუარო გვერდი, მერიამ აქაურობა საერთოდ მიივიწყა, ხალხი საარჩევნოდ ვახსენდებით",”- მითხრეს უკმაყოფილო მძღოლებმა.  
მას შემდეგ, რაც მრავალჯერ ნანახი დედაქალაქის გზები კიდევ ერთხელ შევათვალიერე, მთავარ ადრესატს - დედაქალაქის მერიას მივმართე.

- მიწისქვეშა სამუშაოს შესრულების დროს დაზიანებული ქუჩისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება შემსრულებელ კომპანიას ევალება. შესრულებული სამუშაოს შემდგომ ქუჩას, ტროტუარს ან მიმდებარე ტერიტორიას დაუბრუნდა თუ არა პირვანდელი სახე, ამოწმებს ზედამხედველობის სამსახური. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია, აღადგინოს საფარი შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმა: ფიზიკური პირებისათვის 500 ლარის ოდენობით, იურიდიული პირებისთვის 2.000 ლარით, ხოლო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან მიმდებარედ 4 000 ლარით, - მითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ალეკო ელისაშვილი, თბილისის საკრებულოს წევრი:”- ამ საკითხს აუცილებლად გავიტან საკრებულოზე. გადათხრილია ქალაქი, თანაც სარემონტო სამუშაოები დროში იწელება. პეკინის ქუჩაზე კაბელები ჩაყარეს და სამუშაოს დასრულების შემდეგ იქაურობა არ მოაწესრიგეს, ახლა იქ გავლა შეუძლებელია. თითოეულ კომპანიას პასუხი მკაცრად უნდა მოეთხოვოს. ხალხი მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ უნდა გვახსენდებოდეს. ” 

სალომე გოგოხია

tea
17 თებერვალი 2015 21:23
ვცხოვრობ ვაკეში რუსეთის საელჩოს უკან. სექტემბრიდან მოყოლებული ასეთ დღეშია ეს ქუჩაც. ვერ გაივლი ისე რომ ფეხი არ გადაგიბრუნდეს. რას გავს ეს?
როდის უნდა დამთავრდეს ეს განუკითხაობა?
ხაბეიშვილის ქუჩაზე ვსაუბრობ!
manana
13 თებერვალი 2015 13:35
ძალიან გთხოვთ, ამ პრობლემას მეტი ყურადღება მიაქციოთ. ერთის მხრივ, ტროტუარები ავტომობილებით, გარე მოვაჭრეებით და, სხვადასხვა დანიშნულების ქუჩისპირა დაწესებულების შესასვლელებითა და კაფეებ-რესტორნების გარეთ გამოწყობილი მაგიდებით სრულადაა ათვისებული და მეორეს მხრივ, დარჩენილი სივრცე ძაღლების (პატრონიანი და უპატრონო) უსუფთაობებით აბსოლუტურად გაუვალი გახდა! იძულებული ვხდები მანქანის სავალ ნაწილზე ვიარო, რაც ხშირად ძალიან სახიფათოა.
otari
04 თებერვალი 2015 21:04
ამ ქალაქს პატრონი არა ყავს, ნარმანია კი ეს ე.წ. მერი არაფერს აკეთებს. მოიშალა ყველა სამსახური. ქალაქის მერიაში და მუნიციპალიტეტებში ისევ ნაცების ხალხი მუშაობს. ქოცები და ნაცები პოლიტიკურ ქორწინებაში არიან.

რედაქტორის რჩევით