"იპოდრომთან ცხოვრება პრესტიჟული კი არა, სახიფათო იქნება" - კვირის პალიტრა

"იპოდრომთან ცხოვრება პრესტიჟული კი არა, სახიფათო იქნება"

ვნებები არ ცხრება ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილ მშენებლობებებთან დაკავშირებით. სპეციალისტების თქმით, თუ ტერიტორია დეველოპერების სურვილის მიხედვით განაშენიანდება, კიდევ ერთ, ისეთივე მახინჯ არქიტექტურულ გარემოს მივიღებთ, როგორიც გვაქვს სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. "აკადემქალაქის" სახით.

ძველი იპოდრომის ის ნაწილი, რომელიც თამარაშვილის ქუჩას ესაზღვრება და ოდესღაც გამორჩეული იყო მრავალწლიანი მწვანე ნარგავების სიუხვით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სამშენებლო პოლიგონს დაემსგავსა. თავიდან გასაგები იყო დეველოპერების დაინტერესება - ეკოლოგიურ გარემოს ეტანებოდნენ, რომ ბინები სარფიანად გაეყიდათ, თუმცა, მას შემდეგ, რაც მაღალსართულიანი კომპლექსების მშენებლობა წამოიწყეს და ამისათვის სწორედ მწვანე ზოლის გაჩანაგებას მიჰყვეს ხელი, გაუგებარი გახდა მშენებლობის დამკვეთთა ინტერესი - იმ უმნიშვნელოვანეს გარემოს ანადგურებენ, რამაც მათ ბიზნესს წარმატება უნდა მოუტანოს. უცნაურია, რომ ერთ ციდა ტერიტორიაზე, ხელის გაწვდენის მანძილზე, ხუთამდე დეველოპერი ცდილობს ჩატევას. იმ შემთხვევაში, თუ თითოეულის ინტერესი დაკმაყოფილდება, დაირღვევა არქიტექტურული და სამშენებლო ნორმები, ვენტილაციის და განათების პირობები. კორპუსები ერთმანეთს ჩახუთავს და ჩააბნელებს, ყველა ერთად კი საცხოვრებლად უვარგისს გახდის კარგა ხნის წინ აშენებულ ცნობილ "აქსისის" სახლს. სწორედ მის მობინადრეთა აქტიურობის შედეგად გადარჩა გამწვანების ზოლის მცირე მონაკვეთი.

გიორგი შილაკაძე, თამარაშვილის ქუჩის #13-ის მობინადრეთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი: - ამ ტერიტორიის გაჩანაგება 2009 წლიდან დაიწყო. უკვე უამრავი ხე გაიჩეხა და თუ კვლავ გაიცემა მშენებლობის ნებართვა, აქაურობა პრესტიჟული კი არა, სახიფათო გახდება. წარმოიდგინეთ, "აქსისის" ამხელა სახლის წინ მიჯრით განზრახულია 22, 16 და 14-სართულიანი კომპლექსის აშენება. როდესაც ამ საშინელი განზრახვის ავტორებს ვეწინააღმდეგებით, უგულავას დროინდელი რეგულაციებით გათავხედებულნი კონტრიერიშზე გადმოდიან და მიიჩნევენ, რომ მერიაც ვერ გაუწევთ წინააღმდეგობას. ყველა უფლება კანონის დაცვით გვაქვს მოპოვებულიო. თუ ამ რეგულაციებს დროულად არ შეცვლიან, გათავხედებულ მშენებლებს მართლაც შეეძლებათ კანონის სახელით ლაპარაკი. დასანანია, რომ ამ კომპანიებს შორის ზოგიერთი, მაგალითად, "არქი ჯგუფი" ორმაგი სტანდარტით გამოირჩევა - ჩვენ მიმართ აგრესიულია, მერიასთან კი ქალაქის ზრუნვით დამაშვრალის როლს თამაშობს, ვითომ გამწვანებაზე ზრუნავს. პროექტს, რომლის აშენებაზეც მერიისგან ნებართვას ითხოვენ, "გრინ სითი" ანუ მწვანე ქალაქი დაარქვეს. პარადოქსია - სიმწვანე გაჩეხეს და ქალაქი მწვანე როგორღა იქნება?

არ გვაქვს იმედი, რომ მერია მათ შეკავებას შეძლებს. არაოფიციალურ საუბრებში გვეუბნებიან, 18 ძირი ხის მოუჭრელობის მოთხოვნით სამ-მილიონდოლარიან ინვესტიციას ვერ შეაკავებთ, ქალაქის მერიაში როგორც უნდა ეცადონ უარის თქმას, ზემოდან დაურეკავენ და ჩვენს საქმეს გააკეთებინებენო(?!)! ალბათ, მართლაც ჰყავთ მფარველები, თორემ ხეების გაჩანაგების გამო სისხლის სამართლის სამი საქმეა აღძრული? ხომ ფაქტია, ამ ხეებს იმიტომ ჩეხდნენ, რომ მშენებლობები დაეწყოთ. ეს ბოროტებაა, რომელიც უზარმაზარ ზიანს აყენებს მთელ ქალაქს, რომლის ეკოლოგიური ფონი ისედაც უმძიმესია, რადგან რეკრეაციული ზონები, ფაქტობრივად, აღარ აქვს. გვაინტერესებს, თუ მერია მშენებლობის უფლებას მისცემს კომპანიებს: "ელჯი კაპიტალს", "დომუსს", "არქი ჯგუფს", "გუმბათ ჰოლდინგს", რით ახსნის ამას? სევდია უგრეხელიძესავით იტყვიან, რომ დედაქალაქს საწოლები არ ჰყოფნის? ან რატომ არ ცდილობს მერია, შეცვალოს უგულავას გადაკეთებული კანონები, რომელთა თანახმად, ამაზრზენი ნორმებია დაშვებული, თუნდაც ის, რომ შესაძლებელია ერთი კორპუსის მეორისგან ოთხი მეტრით დაშორება... მოვითხოვთ, არ მოიჭრას არც ერთი ხე! ამ სამშენებლო კომპანიებს კი მიეცეს სამშენებლო ფართობი დიდ დიღომში, ლილოში, ფონიჭალაში და არა - იპოდრომთან, სადაც უკვე ჭირს სუნთქვა, რადგან სამშენებლო სიველურის გამო თანდათან ირღვევა ის უნიკალური კლიმატური ზოლი, რითაც გამორჩეული იყო ეს ტერიტორია.

თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსი ნინო ღოღობერიძე: - ამ ტერიტორიაზე დარჩენილია ხუთი დიდი მიწის ნაკვეთი, სადაც სამშენებლო კომპანიებმა ცალ-ცალკე მოინდომეს მშენებლობა. იმის გამო, რომ ეს ტერიტორია არის მწვანე ზონაში და მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მომიჯნავედ მდებარეობს, მოვიწვიეთ ხუთივე მიწის ნაკვეთის მეპატრონე, დეველოპერი და დავავალეთ, ერთობლივად დაამუშაონ განაშენიანების გეგმა. იმისათვის, რომ მწვანე ზოლი არ გაიჩეხოს, მერიის გამწვანების სამსახური აღწერს ამ ზონის მდგომარეობას და მიაწვდის მასალას გენერალური გეგმისთვის. განაშენიანების გეგმა მუშავდება  იმისათვის, რომ მივიღოთ ინფრასტრუქტურულად და ეკოლოგიურად სწორად განაშენიანებული უბანი და არა - მეორე "აკადემქალაქი". ჩვენ რომ მათთვის უფლება მიგვეცა, ქაოსურად განევითარებინათ პროექტები, შეიქმნებოდა უმძიმესი მდგომარეობა.  მას შემდეგ, რაც ხუთივე  მიწის დეველოპერი ერთად დაამუშავებს უბნის კომპლექსს, ამ ადგილზე აღარავინ დაზარალდება. უკვე დაწყებული მშენებლობის პატრონიც ჩავრთეთ გენგეგმის შედგენაში, რომ ყველაფერი ერთობლივად გადაწყდეს.

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ მშენებლობის ნებართვა არასწორად გაიცა?

- თავის დროზე ყველა ნებართვა კანონის შესაბამისად გაიცა...

- აპირებს თუ არა მერია, ბათილად გამოაცხადოს წინამორბედების შეცვლილი კანონები და რეგულაციები?

-  არქიტექტურის სამსახური საკრებულოსთან ამ საკითხზე მუშაობს. უკვე ბევრი სამშენებლო კანონი შეიცვალა, იცვლება და მომავალშიც შეიცვლება.