"სწორი ფორმა მაჩაბლის ქუჩაა და არა - მაჩაბელის ქუჩა" - კვირის პალიტრა

"სწორი ფორმა მაჩაბლის ქუჩაა და არა - მაჩაბელის ქუჩა"

"სწორი ფორმა მაჩაბლის ქუჩაა და არა - მაჩაბელის ქუჩა"

წლის დასაწყისში მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა თბილისის ქუჩებში ახალი აბრები გააკრა. რამდენიმე დღის წინ, ჩვენმა ფოტოკორესპონდენტმა  მაჩაბლის ქუჩაზე კედელზე გაკრულ ძველ  და ახალ აბრას მოჰკრა თვალი და გადაიღო, -  მაჩაბლის ქუჩა დღეს რატომღაც მაჩაბელის ქუჩად იწოდება.

თუ არ ვცდები, მე-7 კლასის ქართული ენის გრამატიკის სახელმძღვანელოში ისწავლებოდა, რომ სამი გვარი - მაჩაბელი, წერეთელი და ამილახვარი იკუმშება, თუმცა, მაინც  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიასთან დავადგინე: "სწორი ფორმა მაჩაბლის ქუჩაა და არა - მაჩაბელის ქუჩა". "რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს", - ეს სიტყვები შემთხვევით ნათქვამი არ არის. სწორედ ენა აქცევს ერს დაფასებულ ერად. "ქართული ოცნება" არჩევნებამდე დაგვპირდა, ენობრივი საკითხები ქვეყანაში მოწესრიგდებაო, მაგრამ ეს საკითხი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არავის გახსენებია. ენის შესახებ კანონის მიღებას ხომ არც ინვესტიციები და არც სოხუმამდე ავტობანის გაყვანა სჭირდება?! სწორედ ამის შედეგია ის კურიოზული შეცდომებიც, რომლის ნათელი მაგალითი თუნდაც მაჩაბლის ქუჩაზე გაკრული აბრები გახდა. მსგავსი მაგალითების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, მაგრამ ერთს გავიხსენებ. რამდენიმე წლის წინ, ტერიტორიაზე, სადაც ადრე "ლაღიძის წყლები" იყიდებოდა, პატარა საცხობი გახსნეს, აბრაზე  "ღვეზელის" ნაცვლად - "ღვეეზლი" მიაწერეს.

ცოტა ხნის წინ, ვიღაცამ მერიაში ჩათვალა, რომ ალექსი-მესხიშვილი სახელი და გვარია და ის აბრაზე განცალკევებით მიაწერა.

როგორც ჩანს, არასოდეს სმენია, რომ ალექსი-მესხიშვილს ლადო ერქვა. სამწუხაროდ, ხელმძღვანელმა პირებმა თავად არაფერი იციან და ჭკუას არც მცოდნეს ეკითხებიან. ენის შესახებ კანონი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, ივანე კიღურაძეს ორი წელია, კაბინეტში აქვს შენახული და მის განხილვას საკუთარ კომიტეტშიც ვერ ბედავს. თუმცა, რა გვიკვირს? ჩვენ ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სადაც სამინისტროებსაც კი არასწორი სახელწოდება აქვთ. მაგალითად, სასჯელაღსრულების სამინისტრო - სასჯელის აღსრულება არასწორი ფორმაა, განაჩენის აღსრულება ხდება, სასჯელის - მოხდა. ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - როგორ შეიძლება განვითარება მდგრადი იყოს, როცა ეს დინამიკური პროცესია? არასწორი სახელწოდება აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც. თბილისი არც ივანე ჯავახიშვილის და არც ვახტანგ გორგასლის სახელობისაა. სწორი ფორმაა - თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

საბჭოთა კავშირის დროს, გარკვეულ ეტაპზე, სახელმწიფო უნივერსიტეტი სტალინის სახელობისა გახდა. მაშინ ვინ გაბედავდა სტალინის წინ რომელიმე სიტყვა ეხსენებინათ, ამიტომ პირველ სიტყვად სწორედ სტალინი ჩასვეს, თუმცა მოგვიანებითაც, როცა უნივერსიტეტი ივანე ჯავახიშვილის სახელობისა გახდა, სიტყვათა წყობა არავის შეუცვლია. ამ ყველაფრის შეცვლა ხომ მარტივად შეიძლება? ენის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება უპირველესად, სახელმწიფოს ვნებს".

P.S. კომენტარისთვის მერიის კეთილმოწყობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსაც დავუკავშირდით, თუმცა კონკრეტული პასუხი კითხვაზე - რატომ შეიცვალა "მაჩაბლის ქუჩა" - "მაჩაბელის ქუჩად" ვერ გაგვცეს და ამ დრომდე ვერც ის დაგვიზუსტეს, მოწმდება თუ არა მსგავსი გრამატიკული საკითხები სპეციალისტებთან...

რუსუდან შელია