როგორ არ უნდა დარგო ხე - კვირის პალიტრა

როგორ არ უნდა დარგო ხე

ნერგს უკვე შეჰპარვია ხმობა, ყვითელი ფერი დასდებია წიწვებს. ერთ დღესაც, ალბათ, უკვე ხმელ საყრდენს თვითონაც ერთიანად შეახმება. შემდეგ კი იქვე უზარმაზარ ნაგვის ურნაში მოისვრიან"

ეს წიწვოვანი მცენარეები განათლების სამინისტროს შენობის წინ დაურგავთ. ნერგების ჩასაფლავად ორმოები კი არ ამოუთხრიათ, მიწაზე დაუდვიათ ფესვებიანი ბოლქვით და გვერდებიდან მიუყრიათ ბელტები. მინაყარმა მასამ რომ დაიწია, ნერგმაც ფესვის გამაგრება ვერ შეძლო და საცოდავად გვერდზე გადაიხარა. ვიღაც მადლიანმა კი ჯოხი შეუყუდა, რომ ქარს არ წაექცია.

ნერგს უკვე შეჰპარვია ხმობა, ყვითელი ფერი დასდებია წიწვებს. ერთ დღესაც, ალბათ, უკვე ხმელ საყრდენს თვითონაც ერთიანად შეახმება. შემდეგ, იქვე უზარმაზარ ნაგვის ურნაში მოისვრიან და არავის ემახსოვრება არც ნერგის ამბავი და იმასაც ვერ წარმოიდგენენ, რომ ამ ნერგის (ნერგების გამო) გახმობით სახელმწიფომ ზარალი ნახა ოდესღაც ჩატარებული ტენდერის გამო. დიახ, კანონის თანახმად, იმისათვის, რომ კორუფცია გამოირიცხოს, სახელმწიფო ორგანიზაციები ნერგებს ტენდერის გარეშე ვერ იყიდიან. შემდეგ დარგვაზე გამოცხადდება ტენდერი, გაიმარჯვებს ვიღაც, ვინც დამკვეთს იაფად შესთავაზებს მომსახურებას.

ამ გზაზე ყოველდღე, სულ ცოტა, ორჯერ დავდივარ, დილით და საღამოს.  ნერგებმა თვალსა და ხელს შუა იწყეს ხმობა. თავიდანვე გამიკვირდა, დარგვის ასეთი ფორმა ნეტავ რა ტექნოლოგიას ემყარება-მეთქი. ვერ წარმომედგინა, რომ ეს ამბავი საერთოდ ხის დარგვა-გახარების მცოდნემ ჩაიდინა. ისიც მეგონა, რომ ჩემზე ადრე ამ ნაძვების მდგომარეობა სხვას მოხვდებოდა თვალში, თუნდაც განათლების სამინისტროში, ეს უწყება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისათვის, რომ მომავალ თაობებს ღრმად ჩაებეჭდოთ გონებაში, თუ რა მნიშვნელოვანია ბუნების მოვლა, რომ ვერაფერი ადამიანი ხარ, თუ ერთ ხეს მაინც არ დარგავ შენს სახელზე და თანაც არა მხოლოდ დარგავ, გაახარებ კიდეც. ვფიქრობდი, თუ განათლების სამინისტროში ვერ შეამჩნევენ ამ "ხარვეზს," ქალაქის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურიდან მაინც გამოივლის ვინმე ქუჩების მონიტორინგზე და ნახავს ნიმუშს იმისა, თუ როგორ არ უნდა დარგო ხე. ამაო გამოდგა ჩემი მოლოდინი. არც მე მიცდია მომეტანა ბარ-ნიჩაბი და ორმოები ამომეთხარა ამ საცოდავი ნერგებისთვის. ჯერ ერთი, ეს საქმე არ ვიცი და მერე თან მომაკვდავი ნერგებისთვის რომ ხელი მეხლო, არ გამიკვირდებოდა,  პოლიცია რომ მომდგომოდა კარს და ეთქვა, განათლების სამინისტროს ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომ თქვენ ორმოები ამოთხარეთ და თვითნებურად ჩარგეთ ხეები, რის გამოც გახმნენ და სახელმწიფოს მატერიალური ზარალი მიადგაო.  გავწირე ნერგები. Mმიუხედავად იმისა, რომ გული მტკივა, მაინც გავწირე, რათა საზოგადოებას დაენახა ჩინოსანთა გულგრილობის მიზეზი. მეტიც, საზოგადოებას დაენახა თავისივე გულგრილობა. არადა, ასეთ "წვრილმანებს" რომ გამუდმებით ყურადღებას ვაქცევდეთ, დიდებულ ქვეყანას ავაშენებთ.