"მოსიარულე" ხეები თბილისში - "მერიას შელოცვა ხომ არ სჭირდება?" - კვირის პალიტრა

"მოსიარულე" ხეები თბილისში - "მერიას შელოცვა ხომ არ სჭირდება?"

ჯერ დარგეს, შემდეგ ამოიღეს - "ამას უთავბოლობა ჰქვია"

გასული წლის ნოემბერში დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო დაპირების შესრულება დაიწყო, რომელიც დედაქალაქში მილიონი ხის დარგვას გულისხმობდა. განაშენიანებაში ვარკეთილის დასახლებაც მოჰყვა და მეოთხე მიკრორაიონისა და სუხიშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაძვები დაირგო. თუმცა, ცოტა ხნის წინ, ნერგები გაუჩინარდა, მათ ადგილზე კი უზარმაზარი ორმო და მილები გაჩნდა.(?!)

ალბათ, მხოლოდ საქართველოში თუ შეიძლება მოხდეს ასეთი რამ, ჯერ ხეები დარგო, შემდეგ ამოიღო და სხვაგან გადარგო. იმ ადგილზე კი მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა წამოიწყო. ცხადია, სარემონტო სამუშაოები აუცილებელია, მაგრამ დედაქალაქის მერია წინასწარ შედგენილი გეგმით ხომ უნდა მოქმედებდეს? სხვა თუ არაფერი, ეს ხომ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული?

როგორც მერიაში გვითხრეს, - სარემონტო სამუშაოებს მერიის კეთილმოწყობის სამსახური აწარმოებს. მიმდებარე ტერიტორიაზე "ოლიმპიური სოფელი" შენდება და კეთილმოწყობის სამსახურს საკანალიზაციო მილები გაჰყავს. ნერგები სხვაგან გადავრგეთ, სამუშაოს დასრულების შემდეგ კი ამ ადგილზე სხვა ნერგები დაირგვება...

ალეკო ელისაშვილი, საკრებულოს წევრი:”- მერიის არც ერთ საქალაქო სამსახურს არ წარმოუდგენია სამოქმედო გეგმა, თუ როგორ უნდა იმუშაოს თუნდაც ერთი თვის განმავლობაში.  დღეს ერთს ვაკეთებთ, ხვალ შეიძლება ამის საწინააღმდეგო გავაკეთოთ. ერთ ადგილს ვტკეპნით! ამას უთავბოლობა ჰქვია. ქალაქიც ცოდვაა და ჩვენც. თანხები წყალში იყრება. არ ვიცი, მერიას ხელს რა უშლის, რომ გეგმა შეადგინოს. უკვე მისტიკურ რაღაცებზე ვფიქრობ, - შელოცვა ხომ არ სჭირდება, ან თვალი ხომ არ ეცა?

სავარაუდოდ, წინასწარ განსაზღვრულია ხელის ფათურისა და მაიმუნობის საშუალება... დავით ნარმანია არასამთავრობო სექტორშია ნამუშევარი, სადაც სამუშაოები წინასწარ ჰქონდათ განსაზღვრული. ახლა დაავიწყდა ეს?

გახსოვთ ალბათ, წინა ხელისუფლება ხეებს აქეთ-იქით რომ დაარბენინებდა. იმედია, წინამორბედის შეცდომებს ახალი თვითმმართველობა არ გაიმეორებს და თბილისის კეთილმოწყობის პარალელურად, განაშენიანებაზეც იზრუნებს და ხაზინასაც გაუფრთხილდება.

სალომე გოგოხია