თბილისურ საცობებს დუბლინელები შეებრძოლებიან? - კვირის პალიტრა

თბილისურ საცობებს დუბლინელები შეებრძოლებიან?

"რა დაუჯდება თბილისის მერიას უცხოელი ექსპერტების რეკომენდაცია და საცობების მოწესრიგება, უცნობია"

ცოტა ხნის წინ თბილისს დუბლინელი ექსპერტები სტუმრობდნენ.  სტუმრები სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების პრობლემას გაეცნენ და დედაქალაქის ხელმძღვანელობას ამ საქმეში დუბლინის ოცწლიან გამოცდილებას გაუზიარებენ. რატომ მაინცდამაინც დუბლინი? - თბილისის მერის განცხადებით, თვე-ნახევრის წინ დუბლინში ვიზიტისას გაეცნო ქალაქის სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების მართვის სისტემას, რაც ძალიან მოეწონა...

დუბლინის მერიის გარემოსა და ტრანსპორტის სამსახურის ტექნიკური მომსახურების განყოფილების უფროსი, ბრენდან ობრაიანი ქართველ კოლეგებს იმ პროგრამის შესახებ ესაუბრა, რის შედეგადაც მოწესრიგდა საგზაო მოძრაობა დუბლინში.

"ქართველ კოლეგებს გავაცანით, როგორ გახდა დუბლინი ქვეითზე ორიენტირებული ქალაქი. ჩვენი ამოცანაა - ნაკლები მანქანა და მეტი მოქალაქე!" - განაცხადა მან.

ობრაიანის "ამოცანა" შთამბეჭდავია, თუმცა, პრობლემის მოგვარებამდე საჭიროა გრძელვადიანი საგზაო სტრატეგია, რომელიც ქალაქს არ გააჩნია. საკრებულოს დეპუტატი შალვა ოგბაიძე განმარტავს, რომ მერიის სატრანსპორტო სამსახურს სამოქმედო გეგმა ჯერ არ წარუდგენია.

- თქვენი აზრით, მცირე დროში შესაძლებელია უცხოელი, რომელიც თბილისში არ ცხოვრობს, პრობლემის არსში გაერკვეს?

- აბა, მუშაობას თავს ხომ არ გაანებებენ და აქ ჩამოვლენ? ისინი ზოგადი რეკომენდაციებით შემოიფარგლებიან. აქ გაცილებით სიღრმისეული სამუშაოა ჩასატარებელი. ქვეითად მოსიარულეებისთვის ზებრა და შუქნიშანი საჭირო რომ არის, ამას დუბლინის მერი ხომ არ დაწერს...

- რატომ დაგვჭირდა უცხოელების დახმარება? ჩვენ არ გვყავს პროფესიონალი კადრები?

- გვყავს, მაგრამ უცხოური გამოცდილების გაზიარება რატომ არის ცუდი? ყველა სამსახურმა წარმოადგინა სამოქმედო გეგმა, მერიის სატრანსპორტო საქალაქო სამსახურის გარდა. ქალაქის მართვის ეს სეგმენტი ძალიან სუსტია. აუცილებელია გენერალური გეგმა, სად რა უნდა აშენდეს, მიწისქვეშა გადასასვლელი და სხვ. ჯერჯერობით, წინა ხელისუფლების მიერ შემოღებული რეგულაციების კორექტირებას ვუნდებით. დუბლინელი სპეციალისტი ვერაფერს გვიშველის, თუ პოლიტიკური ნება არ იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თბილისი სატრანსპორტო ჯუნგლებად გადაიქცევა.

- რატომ მაინცდამაინც დუბლინი?

- ეს შეკითხვა ბატონ ნარმანიას უნდა დაუსვათ... დუბლინში არსებობს სატრანსპორტო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების მოწესრიგებაზე. ქალაქის რუკაზე დეტალურად არის აღწერილი ქუჩების სიგანე, დატანილია ყველა შუქნიშანი და სხვ. ამასთან, დუბლინში უმრავლესობა საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობს. რა თქმა უნდა, სატრანზიტო გზა იქაც არის, თუმცა, გარკვეულ საათებში ქალაქში გავლა ფასიანია, მაგრამ გადაადგილება შესაძლებელია გვირაბითაც, რომლით სარგებლობაც უფასოა... ქვეითად მოსიარულეთა და მძღოლების კულტურაზე არაფერს ვამბობ...

- მერიას ეს "წესრიგი" რა დაუჯდება?

- კარგი შეკითხვაა. ამისთვის ის მაინც უნდა იცოდე, რას აკეთებ. ჩვენ არ ვიცით, მერიას რა გეგმები აქვს.”

არასამთავრობო ორგანიზაცია "დაცული მოძრაობის" ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის აზრით, დუბლინელი ექსპერტები კვალიფიციურ რეკომენდაციას ვერ გასცემენ, რადგან პრობლემის შესასწავლად ერთი წელი მაინც უნდა ცხოვრობდე თბილისში.

- საგზაო მოძრაობის სამოქმედო გეგმის შესაქმნელად მერიაში ორი თვის წინ სპეციალური კომისია შეიქმნა და რატომღაც ჩვენი ორგანიზაცია ვერ მოხვდა... თუ უცხოელები ჩამოგვყავდა, მაშ, კომისია რა საჭირო იყო? ან წარადგინეს რაიმე სტრატეგია?

- ჩვენ არ გვყავს კვალიფიციური კადრები?

- საბედნიეროდ, გვყავს. მათ ყველა დეტალი იციან, საერთაშორისო გამოცდილებასაც იცნობენ, რაც ფინანსურად უფრო ნაკლები დაჯდება.არა მგონია, დუბლინელი ექსპერტები ჩვენსავით ენთუზიაზმზე მუშაობდნენ.

- თქვით, რომ თქვენი ორგანიზაცია კომისიაში ვერ მოხვდა, შესთავაზეთ მათ თქვენი სტრატეგია?

- მალე ალტერნატიულ კომისიას შევქმნით, რომელიც იქნება ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ჯანდაცვისა და პოლიციის თანამშრომლებით დაკომპლექტებული. ერთი თვის განმავლობაში წარვადგენთ სტრატეგიას, სადაც მოცემული იქნება მოკლე და გრძელვადიანი პროექტები. თუ ამ სტრატეგიით ვიმოქმედებთ, დედაქალაქი განიტვირთება, თანაც ნაკლებ დანახარჯს მოითხოვს. გრძელვადიან პროექტში იგეგმება გმირთა მოედნის მოწესრიგება, სადაც ორდონიანი სამოძრაო უნდა გაკეთდეს. ეს პროექტი 2016 წელს განხორციელდება, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში მსგავსი პროექტებისთვის თანხა არ არის.

...რა დაუჯდება თბილისის მერიას უცხოელი ექსპერტების რეკომენდაცია და საცობების მოწესრიგება, უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ "ჭკვიანი" შუქნიშნებისთვის წელს 2.200.000 ლარია გამოყოფილი.

როგორც მერიაში გვითხრეს, ამ ეტაპზე სატრანსპორტო ნაკადების კვლევა მიმდინარეობს და კონკრეტული ღონისძიებები დაგეგმილი არ არის...

სალომე გოგოხია