პირველი წამალთხანა თბილისში - კვირის პალიტრა

პირველი წამალთხანა თბილისში

1829 წელს თბილისში პირველი აფთიაქი გაიხსნა, რომელმაც რამდენჯერმე შეიცვალა მისამართი და საბოლოოდ ლეონიძის ქუჩაზე დაიდო ბინა. სამსართულიან შენობაში განთავსებული აფთიაქი დღესაც ფუნქციონირებს

"ეს საათი ყოველ სამ საათში ერთხელ  რეკავდა, ახლა გაჩერებულია... ამ კედლებს, ავეჯსა და საათს

უამრავი ადამიანი ახსოვს და ბევრ ისტორიას ინახავს"

#28

ჰიპოკრატე როდესაც მომავალი კოლეგებისთვის საექიმო ფიცს წერდა, რას იფიქრებდა, თუ საუკუნეების შემდეგ მის გამოგონილ მცენარეულ ნარევებს კიდევ არაერთი სამკურნალო საშუალება შეემატებოდა და წამალთხანებში გაიყიდებოდა...

1829 წლის 6 მაისს, მეფისნაცვალ პავლე ციციანოვის შუამდგომლობით, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრეს ფლორა შენბერგისთვის (გერმანელი ფარმაცევტი) თბილისში, განოვის ქუჩაზე (სავარაუდოდ, ტაბიძის ქუჩა), აფთიაქის გახსნის ნება დაურთავს. 1851 წლამდე თავისუფალი ვაჭრობის უფლებით აფთიაქის გახსნის ნება სხვას არავის მისცემია. წამალთხანას რამდენჯერმე შეუცვლია მისამართი - ჯერ სერგიევის, შემდგომ რეზინოტრესტის ქუჩაზე და საბოლოოდ ლეონიძის ქუჩაზე დაიდო ბინა. მას წლების განმავლობაში მთავარი სააფთიაქო სამმართველოს N28-ე აფთიაქად მოიხსენიებდნენ. 1833 წელს შენბერგმა აფთიაქი მიჰყიდა პროვიზორ კარლ შმიდტს, რომელსაც აფთიაქისთვის ახალი შენობა და სამკურნალო მცენარეების ბაღი უნდა გაეშენებინა... 1843 წლისთვის შმიდტის კერძო აფთიაქს 24 988 რეცეპტი მიუღია. ამავე წელს თავად ერისთავს მინის ქარხანა გაუხსნია და მთელ კავკასიაში აფთიაქებს მინის ჭურჭლით ამარაგებდა...

ლეონიძის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე დღეს კერძო აფთიაქია. არაერთი პატრონი გამოიცვალა, მაგრამ არც ერთ მათგანს შიდა დიზაინი არ შეუცვლია. შესვლისთანავე თვალში მოგხვდებათ უნიკალური ავეჯი. გერმანული დიზაინის, კაკლის ხის, კედელში ჩასმული მოჩუქურთმებული კარადები ზუსტად იმ ხნისაა, რამდენისაც აფთიაქი. როგორც ახლა, აფთიაქს მაშინაც ორი დარბაზი (სარეცეპტო და მზა ფორმების განყოფილება) ჰქონდა. იატაკს, ჭერსა და  კედლის მოხატულობას თუ არ ჩავთვლით, აქ ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც ორი საუკუნის წინათ. ძველი თანამშრომელი მიხსნის, რომ აქ სააფთიაქო საქმიანობა არასდროს შეწყვეტილა. აქ დღეს ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის აფთიაქია.

მაია ძნელაძე 15 წელია ამ აფთიაქში მუშაობს. სტუდენტობისას სტაჟირება აქ გაიარა: - საამაყოა იმ აფთიაქში მუშაობა, სადაც ორი საუკუნის წინ პირველი თავისუფალი ვაჭრობის აფთიაქი იყო. აი, ეს საათი ყოველ სამ საათში ერთხელ რეკავდა, ახლა გაჩერებულია, მაგრამ ავეჯთან ერთად, მასაც განსაკუთრებული ადგილი უკავია. ეს სამსაფეხურიანი ხის კიბეც მაშინდელია. ამ კედლებს, ავეჯსა და საათს უამრავი ადამიანი ახსოვს და ბევრ ისტორიას ინახავს. აქ მუშაობდა მსახიობ დოდო ჭიჭინაძის დედა, ანა ახვლედიანი. ქალბატონი დოდო ამბობდა ხოლმე, აქ დედაჩემის სული ტრიალებსო. სხვათა შორის, ხშირად მოდიოდა ჩვენთან ოტენის შთამომავალი ქალბატონი.„- XX საუკუნის დასაწყისში აფთიაქი ოტენის (ფარმაციის მაგისტრი, ფერდინანდ კარლ ოტენი) სახელწოდებით მოიხსენიებოდა... 1870 წლიდან  საქართველოში უკვე 23 აფთიაქი ფუნქციონირებდა, 1890 წელს - 63, ხოლო 1914 წელს - 161.

ამ სამსართულიან ისტორიულ შენობაში ამჟამად 28 ოჯახი ცხოვრობს და ძალიან ავარიულია... სადარბაზოდან დამტვრეული მარმარილოს კიბით მეორე სართულზე ავდივარ. ლეილა ცომაია ამ სახლში ყველაზე ძველი მობინადრეა. მის ბინაშიც ყველაფერი ისეა, როგორც საუკუნეების წინ.

- შენობის საძირკველი სასწრაფოდ გასამაგრებელია, საკრებულოსა და მერიაში შეტანილი არაერთი განცხადების მიუხედავად, ეს საქმე ჯერ არ დაწყებულა... როგორც ვიცი, ეს სახლი ოტენმა ააშენა და ოჯახთან ერთად აქ ცხოვრობდა. რომ არა სქელი კედლები, უფრო სავალალო მდგომარეობაში იქნებოდა. აქ ყველაფერი ისეა, როგორც ორი საუკუნის წინ, არც მაჰაგონის კარ-ფანჯარა გამომიცვლია, არც იატაკი.

მედიცინის ისტორიის მუზეუმში არაერთი უნიკალური ნივთი ინახება

რამაზ შენგელია, მედიცინის ისტორიის მუზეუმის დირექტორი: - მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი 1963 წელს ლურჯ მონასტერში გაიხსნა. ტაძარში მანამდე სადურგლო სახელოსნო იყო.

1989 წლიდან მუზეუმი უზნაძის N51-ში მდებარე შენობაში განთავსდა. იმის გამო, რომ შენობა სარემონტოა, უკვე წლებია, ექსპონატები დალუქულია. 25 წელია, მუზეუმი არსებობს, თუმცა, ექსპონატებს, თითქმის ყველა ქართველი გამოჩენილი ექიმის პირად ნივთებს, არქივებს, საქართველოს რეგიონებში წლების წინ შეგროვებულ ქართული ხალხური მედიცინის უნიკალურ რეცეპტებს, დღის სინათლე არ უნახავთ. არ არის გამორიცხული, თბილისის პირველი აფთიაქის დროინდელი ნივთებიც იქ ინახებოდეს. ველოდებით დაფინანსებას, რომელიც შენობის რესტავრაციას მოხმარდება. ვფიქრობ, დალუქული ყუთების გახსნის შემდეგ არაერთი უნიკალური ნივთი  თუ რეცეპტი გამოვლინდება...

ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფო

წმინდა მიქაელის (მიხაილოვის) საავადმყოფო 1868 წელს აშენდა კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის დროს. მის საპატივცემულოდ ახლანდელი დავით აღმაშენებლის გამზირს დაერქვა მიხეილის გამზირი, რომელსაც რევოლუციის შემდეგ პლეხანოვის გამზირი დაარქვეს. ამ გამზირზე აშენებულ საავადმყოფოს კი დღემდე შემორჩა სახელი "მიხაილოვი".

არამიანცის საავადმყოფო

1904 წელს ავლაბარში თბილისელი არქიტექტორის, ზურაბიანის პროექტით დაიწყო საავადმყოფოს მშენებლობა (საავადმყოფოს აშენების იდეა მიქაელ არამიანცს 1902 წელს დაებადა). ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფოს უძველეს კორპუსს, დღემდე„არამიანცის საავადმყოფოს“ეძახიან. პროექტი ისე იყო შედგენილი, რომ საჭიროების შემთხვევაში, შენობის ოთხ მცირე ზომის საავადმყოფოდ დაყოფა შეიძლებოდა. ეს მაშინ გახდებოდა საჭირო, თუკი ქალაქში ეპიდემია გაჩნდებოდა და ავადმყოფების იზოლირება იქნებოდა აუცილებელი. საავადმყოფოს ჰქონდა სამეურნეო კორპუსი, პროზექტურა, სამზარეულო და სამრეცხაო... არამიანცის საავადმყოფო” იყო ერთ-ერთი პირველი საავადმყოფო მთელ ევროპაში, სადაც პაციენტებს უფასოდ მკურნალობდნენ და უკეთებდნენ ოპერაციებს. 120 საწოლზე გათვლილ საავადმყოფოში იმ პერიოდის საუკეთესო ექიმები მუშაობდნენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი