გალაკტიონის ხიდი ნაგავსა და "სურნელშია" გახვეული - კვირის პალიტრა

გალაკტიონის ხიდი ნაგავსა და "სურნელშია" გახვეული

პატარა შავი დაფა იუწყება, რომ ხიდი გალაკტიონ ტაბიძის სახელობისაა. ცნობილი ლომებიანი ხიდი მარჯანიშვილის ქუჩას ჯავახიშვილის აღმართთან აკავშირებს. თუმცა, მოქალაქეების ნაწილს ხიდიც და აღმართიც დღემდე ცნობილი ტერორისტის, ბოლშევიკ ელბაქიძის სახელობის ჰგონია. ამ არცოდნას კიდევ მოევლება, მაგრამ ხიდის ის ნაწილი, სადაც მემორიალური დაფაა გაკრული, ხალხს ტუალეტად უქცევია. "სახელდახელო ტუალეტში" საქმემოლეულები გზას ისე განაგრძობენ, თითქოს მათი ბრალი სულაც არ არის, ეს კუთხე საშინლად რომ ყარს.

როდესაც მარჯანიშვილის ქუჩიდან ხიდზე გადადიხარ, დაფას ვერც შენიშნავ, რადგან წინ უზარმაზარი ნაგვის ურნა დაუდგამთ. ურნა გვერდით რომ გასწიონ, მანქანებს პარკინგისთვის ტერიტორია არ ეყოფათ.

ვინ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თბილისი შარდის სუნად არ ყარდეს? რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, აკი სხვადასხვა ორგანიზაციას გადააბარეს მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ზარ-ზეიმით გაირეცხა, თუმცა, მალე ისევ აყროლდა შარდის სუნით. მაგალითისთვის გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებიც კმარა. ერთ საღამოს, იმის გამო, რომ აყროლებული ჰაერი არ მესუნთქა, ფაქტობრივად, რეკორდი დავამყარე სუნთქვის შეკავებაში, სულშეხუთულმა გამოვიარე ბნელი გასასვლელი. არადა, აქაურობა უნდა გაენათებინათ და მათთვის, ვინც სიბნელეში მოშარდვას მიჩვეულია, ვიდეოკამერებიც უნდა დაემონტაჟებინათ.

ქუჩის ტუალეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. გამოსავალი სულაც არ არის ძნელი მოსაძებნი - ავაშენოთ ხიდის ახლოს ტუალეტი. გალაკტიონის მემორიალური დაფა გადავიტანოთ ხიდის თვალსაჩინო ადგილას და იქვე ახლოს დავკიდოთ გამაფრთხილებელი აბრა: "მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი!" თუ მაინც ვინმე დააბინძურებს, დავაჯარიმოთ და მაშინ აუცილებლად გაიხედავს ტუალეტისკენ...

შეცდომა გამოასწორეს!

ორიოდე კვირის წინ "კვირის პალიტრა" წერდა, როგორ ხმებოდა წიწვოვანი მცენარის ოთხი ნერგი მიწიანი ბოლქვებით უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროსთან, რადგან ნაცვლად იმისა, დაერგოთ, უგულოდ დაუტყეპებიათ. ამ ფაქტის გაზეთით გახმაურებიდან ორიოდე დღეში პრობლემა მოგვარდა - ნერგებს ორმოები ამოუთხარეს და ჩარგეს. სასიხარულოა, როდესაც შენიშვნას მართებულად იღებ და ასწორებ.