გალაკტიონის ხიდი ნაგავსა და "სურნელშია" გახვეული
02-03-2015
გალაკტიონის ხიდი ნაგავსა და "სურნელშია" გახვეული
პატარა შავი დაფა იუწყება, რომ ხიდი გალაკტიონ ტაბიძის სახელობისაა. ცნობილი ლომებიანი ხიდი მარჯანიშვილის ქუჩას ჯავახიშვილის აღმართთან აკავშირებს. თუმცა, მოქალაქეების ნაწილს ხიდიც და აღმართიც დღემდე ცნობილი ტერორისტის, ბოლშევიკ ელბაქიძის სახელობის ჰგონია. ამ არცოდნას კიდევ მოევლება, მაგრამ ხიდის ის ნაწილი, სადაც მემორიალური დაფაა გაკრული, ხალხს ტუალეტად უქცევია. "სახელდახელო ტუალეტში" საქმემოლეულები გზას ისე განაგრძობენ, თითქოს მათი ბრალი სულაც არ არის, ეს კუთხე საშინლად რომ ყარს.

როდესაც მარჯანიშვილის ქუჩიდან ხიდზე გადადიხარ, დაფას ვერც შენიშნავ,
რადგან წინ უზარმაზარი ნაგვის ურნა დაუდგამთ­. ურნა გვერდით რომ გასწიონ, მანქანებს პარკინგისთვის ტერიტორია არ ეყოფათ.

ვინ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თბილი­სი შარდის სუნად არ ყარდეს? რა თქმა უნდა, მერიის შესაბამისმა სამსახურებმა, აკი სხვადასხვა ორგანიზაციას გადააბარეს­ მიწისქვეშა გადასასვლელები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ზარ-ზეიმით გაირეცხა, თუმცა, მალე
ისევ აყროლდა შარდის სუნით. მაგალითისთვის გმირთა მოედანზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებიც კმარა. ერთ საღამოს, იმის გამო, რომ აყროლებუ­ლი ჰაერი არ მესუნთქა, ფაქტობრივად, რეკორდი დავამყარე სუნთქვის შეკავებაში, სულშეხუთულმა გამოვიარე ბნელი გასასვლელი. არადა, აქაურობა უნდა გაენათებინათ და მათთვის, ვინც სიბნელეში მოშარდვას მიჩვეულია, ვიდეოკამერებიც უნდა დაემონტაჟებინათ.

ქუჩის ტუალეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის შემადგენელი ნაწილია. გამოსავალი სულაც არ არის ძნელი მოსაძებნი - ავაშენოთ ხიდის ახლოს ტუალეტი. გალაკტიონის მემორიალური დაფა გადავიტანოთ ხიდის თვალსაჩინო ადგილას და იქვე ახლოს დავკიდოთ გამაფრთხილებელი აბრა: "მიმდინარეობს ვიდეოკონტროლი!" თუ მაინც ვინმე დააბინძურებს, დავაჯარიმოთ და მაშინ აუცილებლად გაიხედავს ტუალეტისკენ...


შეცდომა გამოასწორეს!

ორიოდე კვი­­რის წინ "კვირის პალიტრა" წერდა, როგორ ხმებოდა წიწვოვანი მცენარის ოთხი ნერგი მიწიანი ბოლქვებით უზნაძის ქუჩაზე, განათლების სამინისტროსთან, რადგან ნაცვლად იმისა, დაერგოთ, უგულოდ დაუტყეპებიათ. ამ ფაქტის გაზეთით გახმაურებიდან ორიოდე დღეში პრობლემა მოგვარდა - ნერგებს ორმოები ამოუთხარეს და ჩარგეს. სასიხარულოა, როდესაც შენიშვნას მართებულად იღებ და ასწორებ.
gavazeli
20 მარტი 2015 18:07
ქალაქში ტუალეტები არაა საკმარისად. ეს მართალია, მარა სიტუაციას მხოლოდ ტუალეტები ვერ გამოასწორებს, ჯერ მოქალაქეთა თავებია გამოსასწორებელი. საზოგადოებრივი ტუალეტი რომ სუფთა და მოწესრიგებული იყოს, 1 ლარი უნდა ღირდეს ალბათ (ევროპაში ის გაწკრიალებული ტუალეტები 1 ევრო ღირს). ხოდა ღრუზინი რისი ღრუზინია, ტუალეტში ლარს ხო არ გადაიხდის, მიადგება და გარედან მიაფსამს უფასოდ.
klara
13 მარტი 2015 20:43
დროული წერილია.
იმედია, ყურად იღებს, ვისაც ასეთები ეხება.
ზოგადად კი,საზოგადოებრივი ტუალეტის საკითხი მართლა მოსაგვარებელია.
არამარტო მანდ, არამედ მთელ ქალაქში.
მოქალაქე(ან ტურისტი), რომელიც მთელი დღით მოძრაობს ქალაქში, მძიმე სიტუაციაშია ხოლმე.
არის რამდენიმე ადგილზე(ძირითადად ბაზრებთან), მაგრამ ჯერ ერთი, საშინელი ანტისანიტარიაა და მეორეც, მარტო ბაზრებშია ხალხი?
ევროპა-ევროპას რომ გავიძახით, ასე როდია ევროპაში. იატაკი ბზინავს სისუფთავისგან. არ დგას არანაირი სიბინძურის სუნი.
იყოს ესეც ბიზნესის საგანი, ოღონდ მიხედული.

alpinisti
02 მარტი 2015 11:21
" თუმცა, მოქალაქეების ნაწილს ხიდიც და აღმართიც დღემდე ცნობილი ტერორისტის, ბოლშევიკ ელბაქიძის სახელობის ჰგონია". ესაა ერთადერთი დაღმართი თბილისში ელბაქიძის დაღმართი! (არის ღვინის აღმართი, ქობულეთის აღმართი).

რედაქტორის რჩევით