როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში
09-03-2015
როდის დაბრუნდება ტრამვაი თბილისში
"2015 წლის ბიუჯეტში ტრამვაის ქსელის აღდგენა არ გაგვითვალისწინებია, თუმცა შესაძლოა, მომავალ წელს ეს საკითხი დღის წესრიგში  დადგეს"

ლიანდაგების გამაყრუებელი ხმაური, მგზავრებით გადაჭედილი ვაგონები, გადაგლეჯილი და ალაგ-ალაგ უზურგო სავარძლები და რაც მთავარია, მემანქანე, რომელიც რატომღაც მუდმივად თავისთვის, ჩუმად ბუზღუნებდა - ასე შემორჩა ჩემს მეხსიერებას 90-იანი წლების ტრამვაი, თუმცა, ისიც კარგად მახსოვს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მთელ ქალაქს, უფროს თაობასა თუ პატარებს, ტრამვაით მგზავრობა განსაკუთრებულად უყვარდა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვერ ვხვდებოდი, რატომ იზიდავდა
ყველას ეს არაკომფორტული ტრანსპორტი, მაგრამ წლებთან ერთად ჩემს კითხვაზე პასუხი თავადვე ვიპოვე - იყო ამაში ერთგვარი ეგზოტიკა, ტრამვაიში დედაქალაქის აწმყოსა თუ წარსულს თითქოს სრული სისავსით აღიქვამდი. სამწუხაროდ, განსხვავებულად ფიქრობდნენ ქვეყნის პირველი პირები, რომლებმაც ტრანსპორტის განვითარების ნაცვლად, სამარშრუტო ხაზების შეკვეცისა და ლიანდაგების ამოყრის გადაწყვეტილება მიიღეს. როგორც
მაშინ ითქვა, რელსები ძვირად ღირებულ "ჯართად" გამოცხადდა და საზღვარგარეთ გაიყიდა...

"ჯართის" ქვეყნიდან გაზიდვის პროცესი "ნაციონალურმა მოძრაობამაც" "წარმატებით" განაგრძო - 2004 წლის 7 ივლისს არსებობა შეწყვიტა ისნის დეპომ და მასზე მიმაგრებულმა ერთადერთმა #7 მარშრუტმაც, 2006 წლის 4 დეკემბერს კი, ავჭალის დეპო და უკანასკნელი #12 მარშრუტიც გაჩერდა, საბოლოოდ, ვაგონებმა ქუჩის კაფეების ფუნქცია შეითავსეს - თბილისის პირველი ტრამვაის სისტემის 102-წლიანი ისტორიაც ასე დასრულდა.

ამავე წელს მერიამ ლიანდაგები ქალაქიდან საბოლოოდ ამოყარა და გავრცელებული ინფორმაციით­, თურქეთში ჯართად ჩასაბარებლად გაიმეტა­. სად და რა ფასად გაიყიდა ძვირფასი ლითონის­ რელსები, რა მოგება-წაგება ნახა სახელმწიფომ ტრამვაის გაუქმებით - არავის გაუმხელია, საზოგადოებას კი კომპენსაციად ჰოლანდიიდან ჩამოყვანილი მეორეული ავტობუსები შესთავაზეს, რომლებსაც ხან ცეცხლი უჩნდებოდა, ხან კი ადგილიდან დაძვ­რისას შავ ბოლს აფრქვევდა.

რაც უნდა პარად­ოქსულად მოგეჩვენოთ, ლიანდაგების ამოყრიდან ზუსტად ექვსი წლის თავზე თბილისის მერმა გიგი უგულავამ საზოგადოებას ტრა­მვაის აღდგენის გეგმა წარუდგინა - მოვაშოროთ ჰოლანდიიდან შემოყვანილი ყვითელი ავტობუ­სები და დედაქალაქში ეკოლოგიურად სუფთა­ სატრანსპორტო სისტემა შევქმნათო. ფრანგული კომპანიის, "სიესტრას" დახმარებით შესაბამისი პროექტიც შეიქმნა, რაც ლიანდა­გების ხელმეორედ ჩაყრას გულისხმობდა. თუ თბილისში ისევ ტრამვაის ქსელის დაბრუ­ნებას ვაპირებდით, რატომ ავყარეთ ლიანდ­აგი? - უგულავას ამ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. იდეას ეკოლოგებმაც დაუჭირეს მხარი. ეკოლოგ ჯემალ ჩხეიძის განცხადებით, ავტობუსებისა­ და სამარშრუტო ტაქსების ტრამვაით შეცვლა აუცილებელია, რადგან ავტომო­ბილებისა და მგზავრთა რაოდენობის ინტენსიური მატების გამო თბილისს სატრანსპორტო პრობლემები შეექმნა.
დღევანდელი მონაცემებით, ჰაერის 90% გამონაბოლქვით ბინძურდება და ტრამვაი ამ პროცენტს მნიშვნელოვნად შეამცირებს.­ მეტიც, ევროპის კონვენციის თანახმად, 2020 წლამდე თბილისში  ჩO2  20%-ით უნდა შემცი­რ­დეს, საამისოდ კი ტრამვაის მრავალი ღირსება აქვს: მაღალი გამტარუნარიანობა, ეკოლ­ო­გიურობა, ეკონომიურობა და უსაფრ­თხოება. ტრამვაი მოსახერხებელია შეზღუდული შესაძ­ლებლობების პირთათვისაც. რაც მთავარია, მოიხმარს ელექტროენერგიას და ჰაერს არ აბინძურებს.

ფრანგული კომპანიის შემუშავებული პროექტის მიხედვით, თბილისის ახალ ტრამვაის ხაზს რუსთაველსა და სხვა ცენტრალურ გამზირებზე უნდა გაევლო და ქალაქის ცენტრი გარეუბნებთან დაეკავშირებინა, თუმცა, ქსელის აღდგენაზე საუბარი ისე დაიწყო, რომ მაშინდელ მერიას პროექტის განსახორციელებლად საჭირო, დაახლოებით 150 მილიონი ევროს მოძიებაზე არ უზრუნია.­ რაც მთავარია, პროექტის მიხედვით, ერთი კილომეტრი ლიანდა­გის დაგებაში თბილისს 6 მილიონი ევრო უნდა გადაეხადა, უკრაინასა­ და ჩეხეთში კი იმავე მანძილის ლიანდაგის დაგება ორ მილიონად არის შესაძლებელი. ასეა თუ ისე, უგულავას ინიციატივა ინიცია­ტივად დარჩა - ხელისუფლების ცვლილების შემდეგ მმართველ გუნდთან კოაბიტირებული­ ყოფილი მერი "თბილისის ტრამვაის" განხორციელებით აღარ დაინტერესებულა.

როგორც ჩანს, ეს საკითხი არც უგუ­ლავას­ შემცვლელ დავით ნარმანიას აინტერესებს, თუმცა, არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსე­ლში კომპანია "სქაი ვეიმ" თბილისში "საჰაერო ტრამვაის" ვიზუალური მასალა გამოაქვეყნა - პროექტის განხორციელებაზე­ თბილისის მერიასთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებთო. რა ეტაპზეა ეს პროექტი და გაუქმდა თუ არა ფრანგულ კომპანიასთან გაფორმებული მემორანდუმი? დეტალების გასარკვევად თბილისის მერიას დავუკავშირდით.

პაატა ჯაჭვლიანი, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი: "ტრამვაი უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიკურადაც მომგებიანი ტრანსპორტია, თუმცა მეორე მხრივ, პროექტის განხორციელება კოლოსალურ ხარჯებთან არის დაკავშირებული.  2015 წლის ბიუჯეტში ტრამვაის ქსელის აღდგენა არ გაგვითვალისწინებია, თუმცა შესაძლოა, მომავალ წელს ეს საკითხი დღის წესრიგში  დადგეს.  სამი თვის წინ საფრანგეთშიც გახლდით, სადაც კომპანია "სიესტრას" წარმომადგენლებმა საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარეს, იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა მომავალში გაღრმავდება. რაც შეეხება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებს, "საჰაერო ტრამვაისთან" დაკავშირებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მერიაში სხვადასხვა პროექტი შემოდის, როგორც კომპანიები, ასევე მოქალაქეები არაერთ ვიზუალურ მასალას გვაწვდიან, მაგრამ ვიმეორებ, ამ ეტაპზე, ტრამვაის აღდგენაზე საუბარი ზედმეტია. მომავალში რა იქნება, ვერაფერს გეტყვით..." 

"თბილისის ტრამვაის" 102-წლიანი ისტორია


თბილისის ტრამვაის ისტორია XIX საუკუნის მიწურულიდან იწყება, როდესაც 1883 წელს ქალაქში ცხენებშებმული სარკინიგზო ტრანსპორტი ე.წ. კონკა გამოჩნდა. მისი პირველი ხაზი მიხეილის გამზირზე (აღმაშენებლის­ ქუჩა) გადიოდა და ერთმანეთთან ვორონცოვის მოედანსა (ზაარბრიუკენის მოედანი) და რკინიგზის სადგურს აკავშირებდა. თავდაპირველად კონკა საქონლის­ გადასაყვანად გამოიყენებოდა, მაგრამ თბილისელები ტრანსპორტის მნიშვნელობას მალე მიხვდნენ და კონკაც დედაქალაქის ყველაზე პოპულარულ ტრანსპორტად იქცა. 1904 წელს კონკა ელექტრო­ტრამვაიმ შეცვალა. მარშრუტიც ერევანსკის მოედნამდე (თავისუფლების მოედანი) გააგრძელეს და ტრამვაის ხაზი კირხნის ქუჩამდე (მარჯანიშვილის ქუჩა) გაიყვანეს.

ამავე წელს ბელგიურმა კომპანიამ პირველი ელექტროტრამვაი­ გამოუშვა და თბილისის ქუჩებშიც იმ პერიოდისთვის მაღალი სტანდარტების ვაგონები­ გამოჩნდა... 1917-1921 წლებში ტრამვაის ვაგონების ბორტს პირველი ქართული რესპუბლიკის გერბიც ამაყად ეკრა, მაგრამ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ბელგიური ვაგონები საბჭოთა ვაგონებმა შეცვალა. მიუხედავად ამისა, ტრამვაის პოპულარობა არ დაუკარგავს, პირიქით, ტრანსპო­რტის დაფარვის ზონა ისე გაფართოვდა, რომ 1969 წელს ლიანდაგის საერთო სიგრძემ 105 კილომეტრს მიაღწია, 1974 წელს კი ტრამვაის ქსელის ორად, აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად გაყოფაც გახდა საჭირო, თუმცა, ამ დარგს განვითარება არ დასცალდა, რადგან მოულოდნელად ეს ტრანსპორტი საბჭოთა იდეოლოგიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და 1980-იანი წლებიდან ტრამვაის ქსელის ხელოვნურად შეკვეცის ტენდენციაც აშკარა გახდა. მიზეზად ლიანდაგების შესანახად აუცილებელი სოლიდური თანხის არარსებობა დასახელდა. გაცვეთილი რელსებისა და ვაგონების გასაახლებლად საკმარისი თანხის მოძიება ვერც დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო­ და ტრამვაის ქსელი შევარდნაძის მთავრობამაც გვარიანად შეავიწროვა. 

რუსუდან შელია
დავითი
14 ნოემბერი 2015 23:33
ყველას აქვს არჩევანის უფლება და თავს არავის ვახვევ ჩემ აზრს, მაგრამ ხომ არ სჯობს ხალხო ტრამვაის ნაცვლად ტროლეიბუსის აღდგენა მოითხოვოთ შემდეგი ობიექტური მიზეზების გამო:
ტრამვაი უფრო მოუქნელი, რთულად სამართავი და გაცილებით უფრო სახიფათო მძიმეწონიანი ტრანსპორტია, ვიდრე ტროლეიბუსი. მოგეხსენებათ უამრავი ადამიანი შეუწირია და სატრანსპორტო საშუალება დაუზიანებია ტრამვაის. გარდა ამისა ტრამვაი შუა გზაზე მოძრაობს რითიც ავტომობილების მოძრაობას ხელს უშლის, მისი გაჩერების დროს კი ავტომობილები ავტომატურად უნდა გაჩერდნენ და მის დაძვრამდე მოძრაობის გაგრძელების უფლება მძღოლებს არ აქვთ, რაც ასევე დამატებით საცობებს შექმნის და ამ ისედაც გადატვირთულ ქალაქში კიდევ ტრამვაის დამატება ვფიქრობ საერთოდ შეუძლებელს გახდის მოძრაობას. თვითონაც რომ არ დააზიანოს ტრამვაიმ არავინ, მისგან შუა გზაზე ჩამოსული მგზავრი სანამ გზის ნაპირზე გადავა შესაძლოა გამვლელ მანქანამ დააზიანოს ან შეიწიროს. გარდა ამისა ყველა ზემოთ ჩამოთვლილ გარემოებას თავიც რომ დავანებოთ, ეკონომიკურადაც გაუმართლებლად მიმაჩნია ტრამვაის აღდგენა რადგან მისი აღდგენა გაცილებით მეტი დაჯდება ვიდრე ტროლეიბუსის აღდგენა, რადგან ტრამვაის ჭირდება როგორც მის ზემოთ არსებული ელექტრო სადენი რომლითაც დენი მიეწოდება, ასევე რელსები და მათი მონტაჟი, რაც ასფალტის საფარის დაზიანების გარეშე ვერ მოხდება და ჩვენ ასფალტს დღეს კიდევ დაზიანება უნდა? :) ასევე მძღოლებს მოეხსენებათ რომ რელსები ავტომობილების საბურავებს აზიანებს, ხოლო ტრამვაის მოძრაობა კი ასფალტის საფარის ადვილად დაზიანებას იწვევს, რაც თავის მხრივ ხშირ შეკეთებას საჭიროებს.
TEO
10 მარტი 2015 08:58
გაშენონ ტრავაი აბა რაა . ბიუჯეტიდან გამოყონ ატჯერ მეტი ტანხა ვიდრე ტრანვაის მშენებლობას დასჯირდება . მერე პრემიებიც დაირიგონ და აშენდებიან ისევ. მშენებლობას რომ მორჩებიან ელექტრო კრიზისი შექმნან ისევ ხელოვნურად და "გამოუსედეგარი ლერსები აყარონ და ჯარტად ჩაააბარონ ატმაგი მოგება ექნებატ არაა? გაჯირვებულ ხალხსს კი უბილეტობის გამო სასამარტლოში უჩივლებენ . იციტ დავიგალეტ ხალხის ტანჯვიტ გაუმადგარი ვამპიღ მარტველებიტ . მარტო ტავიანტ მილოონებზე პიქრობენ ივაშვილივიტ . საქარტველოს ბიუჯეტსს ნუ შეეხებიტ დახმარებები და ლენსიები გაუზარდეტ ხალხსს ,ლტოლვილები დააკმაყოპილეტ და უმუშევარი ხალხი დაასაქმეტ და ტქვენივე მილიონებიტ ტუ გინდატ მსოპლიოს მეცხრე საოცრება ააშენეტ.
tvalsazrisi
09 მარტი 2015 23:27
უსამართლოდ ზურგშექცეულია ტრამვაი.
ხშირად დამიწერია აქა-იქ, რომ ტრამვაის გაუქმება იყო დანაშაული, მითუმეტეს, რომ ამას თან ახლდა აყრილი ლიანდაგებიდან მუქთა ფულის შოვნა პატარა წრის სასარგებლოდ.
ევროპაში დიდიხანია დიდ პატივშია ტრამვაი. განახლებული დიზაინის ვაგონები ისეთი მომხიბლავია, გჭირდება, თუ არ გჭირდება, ჩაჯდომა მოგინდება. :D
რაც მთავარია, ამით ხდება სამანქანო ტრანსპორტით გადატვირთული ც ე ნ ტ რ ე ბ ი ს განტვირთვა.
ეს იყო მთავარი მოტივი ტრამვაის აღდგენისა.
ცენტრის მიმართულებით მოძრაობს სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვა ნომრის ტრამვაი. ცენტრში მისვლის მსურველი ავტომანაქანას აჩერებს სადაგი ნომრის ტრამვაისთან, ჩაჯდება ტრამვაიში და მიემგზავრება ცენტრში. ასევე ბრუნდება უკან.
ქალაქიც განიტვირთება საცობებისგან და ჰაერიც არ ბინძურდება.
დღეს და ხვალ არა, მაგრამ პერსპექტივაში აუცილებლად უნდა აღდგეს ეს მშვენიერი ტრანსპორტი.





რედაქტორის რჩევით