საბავშვო პარკები სახიფათოა ბავშვებისთვის! - კვირის პალიტრა

საბავშვო პარკები სახიფათოა ბავშვებისთვის!

თბილისის რამდენიმე სკვერში რომ გაისეირნოთ, გუნების გამოკეთების ნაცვლად, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ და თავი ჰიჩკოკის ფილმების გმირიც კი გეგონოთ - უმრავლეს საბავშვო სკვერში დამტვრეული და დაჩეხილ-დანაკუწებული საქანელები დაგხვდებათ... პატარებიც შექმნილ გარემოსთან შეგუებას ცდილობენ და საქანელაზე გართობის ნაცვლად, ჯაჭვზე შემორჩენილ პლასტმასის ნაჭრებს ეკიდებიან.

დამტვრეულ სათამაშოებთან ერთად, სკვერებში სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია და სილაში ბოთლები თუ ცელოფანის პარკებია მიმოფანტული. ბუნებრივია, მოუწესრიგებელი და მოუვლელი პარკები მშობლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. ჩვენც რამდენიმე მათგანს გავესაუბრეთ:

ნათია მგელაძე: "ორი პატარა მყავს და კორპუსის ახლოს, სკვერში ხშირად გამომყავს, მაგრამ ბოლო დროს პარკები იმდენად დანაგვიანდა, მიჭირს გარკვევა, ბავშვისთვის ოთხ კედელში გამოკეტვა ჯობია, თუ დანაგვიანებულ სილაში თამაში... საქანელები, ჩამოსასრიალებელი, აიწონა-დაიწონა - ყველა სათამაშო დამტვრეულია და ყურადღებას არავინ აქცევს. ყველაფერთან ერთად  პლასტმასის განადგურებული სათამაშოები საშიშ ნივთებად იქცა, რადგან კუთხეები ბასრი აქვს და შეიძლება ბავშვს თვალში მოხვდეს. ვინ აგებს ამაზე პასუხს?!"

თინა ბენიძე: "თბილისში ისედაც დაბინძურებული ჰაერია და ჩვენთვის ერთადერთი შვება სკვერია, რომელიც სახლთან ახლოს არის და ამის გამო ყოველდღე ბავშვის შორ მანძილზე წაყვანაც არ მიწევს. ადრე აქ ჩემი შვილი კარგად ერთობოდა, ყველაფერი მოწესრიგებული და სუფთა იყო, მაგრამ ახლა საქანელაზეც კი ვერ ვსვამ - დამტვრეული და ჭუჭყიანია. ქალაქში ბავშვისთვის გასართობი ადგილი ხომ უნდა იყოს, თუ  ყველაფერში ფული უნდა გადავიხადოთ?! თანაც ამ სკვერის ახლოს სკოლა და ბაღია, აქ უამრავი ბავშვი იყრის თავს და იქნებ შეგვიქმნან სუფთა გარემო?!"

საქანელებს ბავშვებიც ითხოვენ:

ნიაკო ხოსიტაშვილი, 10 წლის: "გაკვეთილების შემდეგ, მეგობრები სკვერში მოვდივართ, მაგრამ ხშირად ფეხზე დგომა ან ქვაზე ჩამოჯდომა გვიწევს, რადგან თითქმის ყველა სკამი დამტვრეულია. ცოტა ხნის წინ, ერთ სკამს ცეცხლი წაუკიდეს... სკვერში ლუდის ბოთლებიც ბევრჯერ გვინახავს, უფროსი ბიჭები სვამენ და აქვე ყრიან".

ნინი ნაზღაიძე, 6 წლის: "მე ჩამოსასრიალებელი მიყვარს, მაგრამ ცოტა ხნის წინ ისიც დამტვრეული დამხვდა. ზაფხულში ჩემმა მეგობარმა ფეხი ბოთლის ნამსხვრევს დააბიჯა და საავადმყოფოში წაიყვანეს. ამის მერე დედა სკვერში მოსვლას მიკრძალავდა, მაგრამ მე და ჩემი ტოლები აქ ვხვდებით ერთმანეთს, სხვაგან სად უნდა წავიდეთ?!"

ვინ არის სკვერების მოვლა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელი და რა გეგმა აქვს ამ მიმართულებით თბილისის ხელმძღვანელობას, ამის გარკვევა დავით ნარმანიას უწყებაში ვცადეთ. თბილისის მერიის პრესსამსახურის განმარტებით, დაახლოებით თვე-ნახევრის წინ სკვერების მოვლა "თბილსერვისს"დაევალა. გვითხრეს, რომ უწყება სკვერებს ყოველდღიურად ასუფთავებს, დამტვრეულ სათამაშოებს და გასართობებს კი გამგეობა ეტაპობრივად გამოცვლის...

რუსუდან შელია