სად და როდის დამონტაჟდა პირველი შუქნიშანი თბილისში - კვირის პალიტრა

სად და როდის დამონტაჟდა პირველი შუქნიშანი თბილისში

წითელი, ყვითელი, მწვანე - ავტორები ფერების შერჩევაზე დიდხანს ფიქრობდნენ

თბილისში პირველი შუქნიშანი 1932 წელს დამონტაჟდა. უცნობია როგორც მისი შემომტანის, ისევე დამმონტაჟებლის ვინაობა. სამფერიანი კლასიკური შუქნიშანი, რომელიც მექანიკურად იმართებოდა, ორ გზაჯვარედინზე - ალექსანდრე ჭავჭავაძე-რუსთაველის გადაკვეთაზე (ოპერის თეატრთან) და თამარ მეფე-დავით აღმაშენებლის გამზირების გადაკვეთაზე დამონტაჟდა. ამ ტერიტორიებზე განთავსებული ჯიხურებიდან შუქნიშანს მილიციელები მართავდნენ. მათი მუშაობის პრინციპი მარტივი იყო: გზაჯვარედინზე მწვანეს“იმ მხარეს ანთებდნენ, სადაც ბევრი ავტომობილი მოიყრიდა თავს. ეს შუქნიშნები ჩვეულებრივი, 100-ვატიანი ნათურებით შუქდებოდა. 90-იანი წლების შემდეგ საბჭოთა წარმოების ნათურები თანამედროვე დიოდებმა ჩაანაცვლა.

დემურ კვირიკაშვილი, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის საგზაო მოძრაობის ორგანიზების განყოფილების უფროსი: - ძველი შუქნიშნები ახლანდელის მსგავსი იყო. უბრალოდ, არსებობს სხვადასხვა ზომის შუქნიშანი, მაგალითად, 150, 200 და 300-მილიმეტრიანი დიამეტრის მანათობელი ლინზები. ზომებს რამდენიმე ფაქტორი განსაზღვრავს, მაგალითად, მაგისტრალებზე, სადაც დაშვებულია მაღალი სიჩქარით მოძრაობა, 300-მილიმეტრიანი დიამეტრის ლინზებია დამონტაჟებული, რათა მძღოლმა კარგად დაინახოს. თბილისში დამონტაჟებულ პირველ შუქნიშანს 200-მილიმეტრიანი დიამეტრის ლინზები ჰქონდა.

- რამდენი წელი იმუშავა პირველმა შუქნიშნებმა?

- მსგავსი ელექტრონული ხელსაწყოების ექსპლუატაციის ვადა ხუთი წელია, ალბათ ამდენ ხანს იმუშავა.

- რა გზა გაიარა ამ მოწყობილობამ "ჭკვიან შუქნიშნებამდე"?

- 1960 წლამდე ყველა შუქნიშანი ხისტ რეჟიმზე მუშაობდა - მკაცრად იყო გათვლილი ფერებისთვის განკუთვნილი დრო წამებში. 60-იან წლებში აშშ-ში, შემდეგ კი ინგლისში დაიწყეს ავტომატიზებული სისტემის გამოყენება... მომავალი წლის ბოლოს დედაქალაქის ქუჩებში ყველგან "ჭკვიანი შუქნიშნები" დამონტაჟდება, რაც საცობების რაოდენობას 15-დან 20%-მდე შეამცირებს. თანამედროვე შუქნიშნებით კონტროლდება საგზაო მოძრაობის წესები, აგრეთვე მათზე განთავსებული დეტექტორები, ვიდეოკამერები დღე-ღამის განმავლობაში არსებულ სიტუაციას აფიქსირებს. სხვადასხვა შემთხვევისას, შს სამინისტრო ხშირად ითხოვს ამ ჩანაწერებს.

- ძველ შუქნიშნებს რას უშვრებით?

- თუ მეტალის არის, ჯართში ბარდება, პლასტმასისა ნადგურდება. იმ შემთხვევაში, თუ ვარგისია, საქართველოს სხვა ქალაქებში ვანაწილებთ. მაგალითად, წელს ქუთაისმა 50 შუქნიშანი წაიღო.

- საიდან ჩამოგაქვთ შუქნიშნები?

- გვამარაგებს ტენდერში გამარჯვებული მექსიკური ფირმა. ძველი შუქნიშნები ინგლისიდან ჩამოჰქონდათ. ბოძები რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში მზადდება. სულ ათი სახის შუქნიშანი არსებობს: საგზაო, სარკინიგზო, საზღვაო და ა.შ. ბევრ ქვეყანაში ტრამვაისა და ავტობუსს სპეციალური შუქნიშნები აქვს. 5 აგვისტოს მსოფლიო შუქნიშნის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

- თუ არსებობს ქვეყანა, სადაც დღეს შუქნიშანი არ არის?

- დიახ, ქუვეითი. ამ ქვეყანაში არც ერთი გზა ერთმანეთს არ კვეთს. შუქნიშნის დანიშნულება კი ის არის, რომ რიგ-რიგობით გაატაროს ტრანსპორტი გზის მონაკვეთზე ან გზაჯვარედინზე.

ნაითის გამოგონება

შუქნიშანი ავტომანქანის შექმნამდე გამოიგონეს. შუქნიშნის ტიპის პირველი მოწყობილობა ჯონ პიკ ნაითმა გამოიგონა და ის ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის მახლობლად დაამონტაჟეს 1886 წლის 10 დეკემბერს. ნაითი სარკინიგზო სემაფორების სპეციალისტი გახლდათ; მის მიერ შექმნილ შუქნიშანს სემაფორის ორი ფრთა ჰქონდა და ხელით იმართებოდა. პირველი ელექტრული შუქნიშანი ამერიკელმა ლესტერ ვაირმა შექმნა. 1914 წლის 5 აგვისტოს კი აშშ-ის ქალაქ კლივლენდში, 105-ე ქუჩისა და ევკლიდეს ავენიუს გადაკვეთაზე, ჯეიმს ჰოგის მიერ შემუშავებული 4 ელექტრული შუქნიშანი დაამონტაჟეს. შუქნიშანს ორი - მწვანე და წითელი ნათურები ჰქონდა. 1920 წლიდან მესამე - ყვითელიც დაემატა. ავტორებს ფერების შერჩევაზე დიდხანს უფიქრიათ... წითელი, ყვითელი და მწვანე, შორ მანძილზე ყველაზე კარგად გასარჩევი ფერებია. თანამედროვე შუქნიშნის წინამორბედს მხოლოდ წითელი და მწვანე ფერები ჰქონდა, ყვითლის ფუნქციას კი პოლიციელი ასრულებდა - როდესაც წითელი შუქი ქრებოდა, სასტვენით აძლევდა მძღოლებს სიგნალს, რომ გზის გასაგრძელებლად მომზადებულიყვნენ...

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრატვ-ზე