ასე ვკლავდით მდინარეს... - ვერეს ხეობა საჭირისუფლოდ რომ არ გაგვიხდეს... - კვირის პალიტრა

ასე ვკლავდით მდინარეს... - ვერეს ხეობა საჭირისუფლოდ რომ არ გაგვიხდეს...

მახსოვს, ბავშვობაში მამამ საბავშვო ქალაქ "მზიურიდან" საბურთალოზე ვერეს ხეობით გადამიყვანა. მივდიოდით და უკან ვერეს ჩხრიალი მოგვყვებოდა. ახლა კი აქ შემთხვევით მოვხვდი და ბავშვობისა და გაზაფხულის დილის ხათრით "მზიურს" ფეხით დავუყევი. სუნთქვა შემიგუბდა, - აღარ ისმოდა ჩხრიალი, არც ის ვერე იყო, რომელიც  მახსოვდა... ნაგვის გროვებს შორის ყრუდ მოედინებოდა და შავ, პირდაღებულ გვირაბში იკარგებოდა.

მარკესის "ჩემი ცხოვრების მდინარე" გამახსენდა. ის ასე იწყება: "ბავშვობაში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზეზით ვისურვებდი: რათა კიდევ ერთხელ ვიმოგზაურო მაგდალენაზე. მდინარის გემით წელიწადში ორჯერ ვმგზავრობდი... ყოველი მგზავრობისას გაცილებით უკეთ ვეცნობოდი ცხოვრებას, ვიდრე სკოლაში... გემბანზე ვისხედით და ნაპირებს ვაკვირდებოდით. ჩრდილში გაწოლილ ალიგატორებს, ხის ტოტებს რომ ჰგავდნენ, ხახები ფართოდ დაეფჩინათ, თითქოს ელოდნენ, რომ მსხვერპლი თავისთავად ჩაუვარდებოდათ პირში. ვამჩნევდით ჩვენი ხმაურით დამფრთხალ უამრავ ყანჩას; წყალსავსე ჭაობებში მსხდარ გარეულ იხვებს; თევზთა გუნდებს... მთელი მგზავრობის განმავლობაში რიჟრაჟზე გვაღვიძებდა მაიმუნების ყაყანი და გრძელკუდა თუთიყუშების გნიასი...

ამჟამად მაგდალენა მკვდარი მდინარეა. მისი წყალი მოწამლულია, ხოლო ცხოველები ამოწყვიტეს. მთავრობის მიერ გარემოს დაცვის შესახებ დაწყებული მსჯელობა სხვა არაფერია, თუ არა ყურადღების გაფანტვის უღირსი ხერხი... მაგდალენას ნაპირებზე მცხოვრები ადამიანები მდინარის წყალს არ სვამენ და არც სხვა საჭიროებისთვის იყენებენ. ისინი მაგდალენას თევზსაც არ ხმარობენ საკვებად, რადგან ეს იგივეა, მაპატიეთ ამ გამოთქმისთვის, რაც სკორეს ჭამა..."

აი, ასე მთავრდება მაგდალენას ცხოვრება... მარკესში! ახლა, როცა ვერეს ხიდზე ვდგავარ, ვხედავ: ვინმემ თუ რაიმე არ იღონა, ვერეს ცხოვრობაც ასე დამთავრდება.  მართალია, ვერეზე გემებს არასოდეს უვლიათ, მაგრამ თითქმის გამქრალი მდინარის ხიდიდან, თითქოს ვხედავ, მის ნაპირზე სათევზაოდ ჩამომსხდარ ძველ თბილისელებს, რომლებიც წყალში თავის ცხოვრებას ჩასცქერიან. ისინი  დღესაც არსებობენ და ვერეზე საუბრისას თვალს მომდგარ ცრემლს იწმენდენ... ასეა - ვერეც საჭირისუფლო გახდა - წყალი მხოლოდ სიცოცხლის წყარო კი არ არის, ცოცხალი ორგანიზმია და თუ გინდა, მოკლავ კიდეც!

მომავალში შეიძლება მტკვარზეც თქვან, გაქრობის პირას არისო - ჩვენთვის ხომ არაფერია გასაკვირი და არც ეს გაგვიკვირდება!

და მაინც... ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა იქცეს ვერე მაგდალენად!

ასე ვკლავდით მდინარეს...

1927 წლიდან მის ხეობაში ზოოპარკი გააშენეს (120 ჰექტარზე!) და ცხოველთა ექსკრემენტების ნარეცხს ვერესაკენ უქნეს თავი!

1935 წელს ჩელუსკინელების პროსპექტის გასაყვანად მიწიდან ამოღებული მასაც ვერეში ჩაყარეს.

1957 წელს ძველი ხიდიც ვერეში გადაუშვეს.

1950-70-იანი წლებიდან ვერეს ხეობაში აბრეშუმის კომბინატი ააშენეს, რომლის მხოლოდ ერთი სამღებრო საამქროდან მდინარეში 800 კუბმ საღებავი ჩადიოდა.

80-იანი წლებიდან ვერეს ბახტრიონის ქუჩაზე აშენებული საცხოვრებელი კორპუსების მთელი კანალიზაცია მიუერთეს...

2009 წლიდან თამარაშვილის ქუჩისა და ვარაზისხევის დამაკავშირებელი მაგისტრალი გაიხსნა, რამაც ხეობის მწვანე საფარი კატასტროფულად გაანადგურა, ამასთანავე წყალს დამატებითი ჯებირები გაუკეთდა. აქვე მდინარეს ბახტრიონის კორპუსებიდან გადაყრილი ნაგავი ჩააქვს. წყლის ნაპირებზე დარჩენილი ნაგვის გროვები უმძიმეს შთაბეჭდილებას ტოვებს.