"მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება" - კვირის პალიტრა

"მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება"

"...ეს ვიღაცისთვის ციფრებია, ჩემთვის კი - უმძიმესი ოჯახური ტრაგედია."

გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა ძვირდება, რამაც საზოგადოება ააღელვა. რა ხელშეკრულება დაიდო მერიასა და კერძო კომპანიას შორის წინა ხელისუფლების მმართველობისას და რატომ ფერხდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, "კვირის პალიტრის" კითხვებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ჯაბა სამუშიამ უპასუხა:

- უგულავამ და მისმა ჯგუფმა სამარშრუტო ტაქსების კომპანიასთან კაბალური ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, მერიასა თუ საკრებულოს მგზავრობის ღირებულების ცვლილებაზე გავლენის მოხდენის ბერკეტი არ გააჩნია. კომპანიას კი მხოლოდ ის ევალება, რომ ტარიფის გაზრდის შემთხვევაში, მერიას საკუთარი გადაწყვეტილება ერთი თვით ადრე შეატყობინოს. თბილისის ახალი ხელმძღვანელობა თუ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების პირობების შეცვლას გადაწყვეტს, სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს... ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულების გაზრდა არ იგეგმება.

- მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებას თუ გეგმავთ?

- ავტობუსების პარკის განახლებისთვის თანხის გამოყოფას ფინანსური ინსტიტუტებისგან ველოდებით. ამ სფეროში ცნობილი ბრენდი მზად არის+, თბილისში ავტობუსების შემოყვანასთან ერთად, ადგილზე საწარმოც შექმნას, რომელიც ავტობუსების გამართულ მოძრაობაზე იზრუნებს. ამასთან, სამარშრუტო ხაზების კორექტირებაც აუცილებელია. ნარმანიას მძიმე მემკვიდრეობა ერგო, რაც ყველა დონეზე, მათ შორის საკადრო პოლიტიკაზეც აისახა. ვფიქრობ, მერიაში რამდენიმე პირის ადგილი არ არის.

- მაშ რატომ ინარჩუნებენ თანამდებობებს?

- შესაძლოა, საკრებულოს მერიაში კონკრეტული კადრი არ მოსწონდეს, მაგრამ ეს საკონკურსო კომისიის გადასაწყვეტია. დავით ნარმანია პრობლემების აღმოსაფხვრელად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს.

- ხუთ თვეზე მეტია ორთაჭალის შესასვლელთან, ასმეტრიან მონაკვეთზე გზას აგებენ და სამუშაო დღემდე არ დასრულებულა.

- წინა ხელისუფლების მმართველობისას კომპანიები გზის საფარს ყოველგვარი გარანტიების გარეშე აგებდნენ. ჩვენ კი ხელშეკრულებაში ჩავდეთ პირობა, რომ კომპანია ვალდებულია გზის საფრის ექსპლუატაცია სამი წლის განმავლობაში უზრუნველყოს.

რაც შეეხება ორთაჭალის მონაკვეთს, იქ ხიდიც სავალალო მდგომარეობაშია.

- საკრებულოში მერის მისვლის საკითხიც გაჭიანურდა...

- წინა მოწვევის საკრებულოს წევრი ვიყავი და ოთხი წლის განმავლობაში გიგი უგულავა საკრებულოში მხოლოდ ერთხელ ვნახე. ნარმანიას კი უკვე ოთხჯერ დაესწრო საკრებულოში განხილვებს. თბილისის მერი საკრებულოში აპრილის პირველ ნახევარში გვეწვევა. მომხრე ვარ, დედაქალაქის ხელმძღვანელმა ყველა მწვავე კითხვას უპასუხოს.

- მწვავე კითხვები თქვენს მიმართაც გაჩნდა, ერთ დღეში სამი ბინა მართლა შეიძინეთ?

- სამი ბინა კი არ შევიძინე, მშენებარე კორპუსში 130 კვმ საცხოვრებელ ფართობზე ხელშეკრულება გავაფორმე, რომლის ღირებულებაც 10 წლის განმავლობაში კრედიტით უნდა დავფარო.

დოკუმენტებში ყველგან მესაკუთრედ შესაბამისი კომპანიაა მითითებული. მხოლოდ ხელშეკრულების გაფორმებაზეა ლაპარაკი, ყიდვა კი უკვე დასრულებულ პროცესს ნიშნავს. ეძებეს და ბოლოს მხოლოდ ჩემი ვალი იპოვეს. სამწუხაროდ, ჩემს ოჯახსაც შეეხნენ და მედავებოდნენ, სამი შვილი გყავთ და ოთხ შვილზე რატომ ლაპარაკობთო. საქმე ის არის, რომ ერთი შვილი გარდაცვლილი მყავს. ხშირად წამომცდენია ოთხი შვილი... ასე რომ, ვიღაცისთვის ეს ციფრებია, ჩემთვის კი - უმძიმესი ოჯახური ტრაგედია.

რუსუდან შელია