კლეოპატრა - ალერსიანი კნუტი - კვირის პალიტრა

კლეოპატრა - ალერსიანი კნუტი

თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი ჰყავს - თეთრი ლომი, რომელსაც კლეოპატრა ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბოკვერია, იგი ცხოველთა მეფის ტახტის ერთადერთი მფლობელია მთელ საქართველოში, სადაც ლომები რამდენიმე საუკუნის წინ გადაშენდნენ.

16 წლის ირინა აფხაიძეს სიხარულისგან სუნთქვა შეეკვრა, როდესაც კლეოპატრას ზურგზე ხელი გადაუსვა. ბოკვერმაც ერთი მადიანად გაიზმორა, ძირს გაიშხლართა და კატასავით აკრუტუნდა. "ოცნება ავიხდინე, ლომს ჩავეხუტე... რა კარგია, რომ თბილისელ მხეცებს მეფე ეყოლებათ. ახლა ისე მიხარია, ალბათ მთელი ღამე არ დამეძინება. მის სანახავად ხშირად ვივლი ზოოპარკში", - თვალებგაბრწყინებული ამბობდა ირინა და ლომისთვის შეუფერებლად თვინიერ კლეოპატრას ეფერებოდა.

თბილისის ზოოპარკში 90-იან წლებში ლომი ბინადრობდა, მაგრამ მაშინ, როცა საქართველოში მხეცებისთვის კი არა, ადამიანებისთვისაც ძლივს იშოვებოდა საკვები. 1992 წელს თბილისში მყოფ ერთ-ერთ უცხოელ ჟურნალისტს დაჩიავებული მეფე-ლომი რომ უნახავს, ამის შესახებ დაუწერია კიდეც. ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჰუმანიტარული დახმარებაც გამოუგზავნია ლომის გადასარჩენად, მაგრამ ლომს ამის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია...

დღეს სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია. კლეოპატრას ყველა თავს ევლება.

ზურაბ გურიელიძე, თბილისის ზოოპარკის დირექტორი: - დიდი ხანია ვცდილობთ ლომის ჩამოყვანას თბილისის ზოოპარკში, მაგრამ აქამდე სულ ხელი გვეშლებოდა. საბედნიეროდ, შემოთავაზებული ვარიანტებიდან არც ერთი იყო მაინცდამაინც სახარბიელო ეგზემპლარი, რომ გული დაგვწყვეტოდა, თან ყველა  ზრდასრული იყო. სჯობს ახალგაზრდა, "კნუტი" ლომი მოიყვანო, რადგან მისი შეგუება ახალ გარემოსთან გაცილებით იოლია. უცებ გამოჩნდა 7 თვის კლეოპატრა. ეს არის უიშვიათესი ჯიში, რომელზეც ყველა ზოოპარკი ოცნებობს, რადგან ბუნებაშიც ძალიან ცოტა დარჩა ამ მოდგმიდან. თეთრი ლომი XX საუკუნის 60-70-იან წლებში აღმოაჩინეს. მანამდე მის შესახებ მხოლოდ ლეგენდები დადიოდა. ამბობდნენ, რომ სამხრეთ აფრიკაში ბინადრობდნენ თეთრი ლომები, რომელიც თვალით თითქმის არავის ენახა. ერთხელაც მაძიებლები ორ თეთრ ბოკვერს წააწყდნენ. ამის შემდეგ ამ პოპულაციის ბედი ტრაგიკულად წარიმართა, კოლექციონერ მონადირეთა სურვილმა, შინ ჰქონოდათ მოკლული თეთრი ლომის თავი, ეს სახეობა გადაშენების პირას მიიყვანა. ახლა თეთრ ლომებს სპეციალურ საშენებსა და ზოოპარკებში თუ ნახავთ, სადაც ამრავლებენ და შემდეგ აბრუნებენ ბუნებაში.

- ბევრ ზოოპარკს ჰყავს თეთრი ლომი?

- ჩემ მიერ მოძიებული ინფორმაციის თანახმად, დაახლოებით  70 თეთრი ლომი ცხოვრობს ამჟამად ზოოპარკებში. ჩვენი კლეოპატრა დაიბადა სამხრეთ აფრიკაში,  ცხოველთა სანაშენე ცენტრში. შემდეგ მოხვდა ტანზანიაში, ჩვენს თანამემამულე დათო ჟორჟოლაძესთან, რომელსაც საკუთარი, პატარა ზოოპარკი აქვს ბარესალამთან ახლოს და სხვადასხვა ზოოპარკს ამარაგებს ცხოველებით. კლეოპატრას ძმა ჰყავს, რომელიც სანტიაგოს ზოოპარკმა იყიდა. ტრანსპორტირების გარეშე თეთრი ლომის ფასი დაახლოებით 30 ათასი ევროა. ჩვენ გადავიხდით მხოლოდ ამ თანხის ნახევარს, თანაც დათო დაგვთანხმდა, რომ ეს ფულიც ნაწილ-ნაწილ მივაწოდოთ. კლეოპატრა ჯერჯერობით ფისოსავით ალერსიანია და ეს ალბათ კარგა ხანს გასტანს. საერთოდ კი მტაცებელთა ხასიათი ინდივიდუალურია...

- როგორ ფიქრობთ, კლეოპატრა ჩვენს ზოოპარკში ბოკვრებს გვაჩუქებს?

- საამისოდ სათანადო პირობები უნდა შევუქმნათ...

- კლეოპატრასთვის "კეისარი" ან "ანტონიუსი" ხომ არ შეგირჩევიათ ჯერ?

- მინდა, რომ რამდენიმე ძუ ლომი და ერთიც ხვადი გვყავდეს, როგორც საერთოდ ხდება ლომების პრაიდში ანუ ოჯახში. ძუ ლომები ჯგუფურად ცხოვრობენ და ჰყავთ ერთი ხვადი. ძალიან მინდა გვყავდეს როგორც თეთრი, ისე ჩვეულებრივი ლომების პრაიდი. სხვა საქმეა, რამდენად შევძლებთ ამას, მაგრამ არაფერს ვიშურებთ ოცნების ასახდენად.

- როგორც ვიცი, თბილისის ზოოპარკი კიდევ ერთი იშვიათი სახეობის, უსურიის ვეფხვის მფლობელია. სალი მგონი, უკვე დიდი გოგოა, მისთვის არ ჩამოგყავთ სასიძო?

- სალი ხდება სამი წლის და სიმწიფის გამო მისი "გათხოვების" საკითხი მალე აქტუალური გახდება. უსურიის ვეფხვიც გადაშენების ზღვარზეა, ამიტომაც ჭირს მისთვის სასიძოს შოვნა. გვეამაყება, რომ ისეთი იშვიათი სახეობები გვყავს, როგორებიცაა სალი და კლეოპატრა. მალე კიდევ ერთი ეგზოტიკური სახეობის ცხოველი - ტაპირი გვეყოლება.

თბილისის ზოოპარკი არასდროს ყოფილა საერთაშორისო რანგის ზოოპარკების სიაში, ამ სტატუსს ნელ-ნელა ვუახლოვდებით. როდესაც ფლობ გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს, ანუ ეხმარები მათ გადარჩენაში და ასევე აკმაყოფილებ სხვადასხვა კრიტერიუმს, სხვა სტატუსი გენიჭება. ამის დასტურია ისიც, რომ პორტოს ზოოპარკმა საჩუქრად გადმოგვცა შავი, ულამაზესი იაგუარი. საერთაშორისო ასოციაციაში შესასვლელად ჩვენ უკვე ოფიციალურადაც გავაკეთეთ განაცხადი.

კლეოპატრას მოყვანას ერთი საინტერესო მოვლენა დაემთხვა ზოოპარკში. ცხოველთა მეფის გამოჩენისას ორმა მაიმუნმა გალიის კარის გაღება მოახერხა და გაიქცნენ. ერთ-ერთი ზოოპარკის ტერიტორიაზევე დააკავეს, მეორემ კი შეძლო ხილიანის ქუჩაზე, ზოოპარკის ზედა მხარეს განთავსებულ "რუსთავი 2"-ის ოფისში შევარდნა. თვითმხილველები ხუმრობენ, მაიმუნი "ღია ეთერს" ითხოვდა და რადგან მისი სურვილი ტელევიზიაში სასაცილოდ არ ეყოთ, ერთ-ერთი ოპერატორი ამოიღო მიზანში, სკამიდან გადააგდო და მის კომპიუტერს მიუჯდაო.  თუმცა არ დასცალდა, მხარში დასაძინებელი ნემსი მოხვდა და მალევე კლავიატურაზე ამოუშვა ხვრინვა. მოკლედ, მისმა გამოჩენამ დიდი მხიარულება გამოიწვია.