"ახლა მთელი ქალაქის თუთიყუშები ჩვენი გამოსახსნელი გახდება" - კვირის პალიტრა

"ახლა მთელი ქალაქის თუთიყუშები ჩვენი გამოსახსნელი გახდება"

"აბა, რა მექნა, გადახტომისას გალაკტიონზე ვფიქრობდი"

უცხოელებისა მხოლოდ ის შემშურებია, რომ სიცოცხლის ფასი იციან. არაერთხელ მინახავს დოკუმენტურ ფილმებში: სადმე ჯუნგლებში ჩიტი ხეზე ვაგლახად რომ ჩამოეკონწიალოს, მაშველი მიფრინდება შვეულმფრენით და ჩამოხსნის. მაგრამ ახლა ესეც აღარ მშურს, - ამას წინათ საზღვარგარეთიდან დაბრუნებულმა მეგობარმა დამირეკა, -  ხუთი აეროპორტის გამოცვლის შემდეგ, როგორც იქნა, შუაღამისას შინ მივაღწიე და კარი ვერ გავაღე. მობილური ტელეფონი მქონდა იმედად და კიდევ ცრემლები, რომ გული არ გამხეთქოდა. ჩანთები დავაწყვე, დავჯექი, ჯერ ტირილით გული მოვიოხე, მერე მობილური ამოვიღე და 011-ზე დავრეკე. მეათე სართულზე სახურავიდან ჩამოძვრნენ და კარი გამიღეს.

- მერე-მეთქი, - თანაგრძნობით ვკითხე.

- მერე ფულს ვაძლევდი და, - რას ამბობთ, ქალბატონო. ფული რომ ავიღოთ, შენც დაგიჭერენ, ჩვენც დაგვიჭერენ და ტრიფონიასაც. აბა, კარგად იყავითო  და წავიდნენ.

მოკლედ, გადავწყვიტე, ჩემი მეგობრის მხსნელებთან მივსულიყავი და მათ უფროსს, ბატონ ნოდარ ჭუმბაძეს გავსაუბრებოდი:

- ბატონო ნოდარ, მართლა ასეთი კარგი ბიჭები გყავთ?

- ნამდვილად. შენი გულისთვის ბეწვის ხიდზე დაუფიქრებლად გაივლიან და არც მადლობას გათქმევინებენ.

- მაინც უნდა გითხრათ მადლობა. თურმე ბევრი გადაგირჩენიათ...

- ეს სამსახური  2006 წელს  დაარსდა. სულ 800 კაცი ვართ. ღმერთმა ნუ დაგაჭირვოთ ჩვენი თავი, მაგრამ თუ დაგჭირდეთ, ნებისმიერ ხიფათში თქვენ გვერდით ვართ.

- წყალში გადამხტარიც გადაგირჩენიათ?

- ო, ეგ არ გვითხრა! მარტო ამ ზაფხულს თბილისის წყლებში დახრჩობას 400 კაცი გადავარჩინეთ, აქედან 30 - მტკვრიდან ამოვიყვანეთ.

- რას ამბობენ, რატომ ვხტებითო?

- მაგას დაბეჯითებით ვერ გეტყვით,  ზოგს ცხოვრებაზე აქვს ხელი ჩაქნეული, ზოგს - ქმარზე, ზოგსაც შეყვარებულზე. მაგალითად, ამ ზაფხულს 18 წლის ბიჭი ამოვიყვანეთ, შეყვარებულს უთქვამს, - არ მიყვარხარო. ვკითხეთ, - კი მაგრამ, მერე მაინცდამაინც წყალში უნდა გადამხტარიყავიო? - რა ვქნა, მაგ დროს გალაკტიონზე ვფიქრობდიო... ერთ ქალბატონს ქმარი სხვა ქალთან უნახავს და იმიტომ გადამხტარა წყალში. რომ ამოვიყვანეთ, მერე შემოირტყა თავში ხელი - არ ჯობდა, ქმარი მომეკლაო? განსაკუთრებით ხშირი შემთხვევებია მტკვარზე, ლუდის ბართან. ჩვენ გავრბივართ, ამოგვყავს, მთავარია მივუსწროთ... ბევრი "გავანაწყენეთ" კიდეც, - რა უნდა ამ სამაშველო სამსახურს, წყალში გადავარდნას რომ არ გვაცლიანო...

ზოგჯერ ისეთ რამეზე გამოგვიძახებენ, ჯერ ვბრაზდებით, მერე კი ვხალისობთ. აბა, რა იქნება, კარს  ვერ ვაღებო, რომ დაგირეკავენ. მიხვალ, სახელურს ჩამოსწევ და ბინაში შეხვალ. ბინის პატრონი კი ისეთი მთვრალია, გიკვირს, - ფეხზე ვერ დგება და ტელეფონზე როგორ დარეკაო.

ერთი შემთხვევა გვქონდა: შინ დაბრუნებულ ქმარს ცოლმა კარი არ გაუღო - ჩამეკეტაო. რას გაუღებდა - სხვა კაცი ჰყავდა! ეტყობა, იმედი ჰქონდა, სულ კარს უკან ხომ არ იდგებაო. მაგრამ მან ჩვენ გამოგვიძახა - ჩემს ცოლს კარი ჩაეკეტაო. თოკებით რომ ჩავეშვით ბინაში და ვნახეთ, რაც ხდებოდა, ჩვენს ტანსაცმელში გამოვაწყვეთ "სტუმარი" და გავუშვით - აბა, ერთმანეთს ხომ არ დავახოცვინებდით...

- ძალიან საინტერესო ხალხი გყოლიათ ხიფათიდან გამოხსნილი.

- ხალხიც და ყვავიც... კატები, ძაღლები, თუთიყუშები. ვინ იცის, რამდენი თუთიყუშის ხიდან ჩამოყვანაზე გვიწვალია. გამოგვიძახებენ,  გვიშველეთ, გაგვიფრინდაო და რა უნდა ვქნათ... მაგრამ ახლა სხვას აღარაფერს მოვყვები, რადგან ხმები გაგვივარდება და მთელი ქალაქის თუთიყუშები ჩვენი გამოსახსნელი გახდება...

ნანა რამიშვილი