ბიჭები მომავლიდან... - კვირის პალიტრა

ბიჭები მომავლიდან...

კაცი იმედით ცოცხლობს, ქვეყანა - შვილებით. ცუდად ვართ, მაგრამ ცუდად ხშირად ვიყავით. თუნდაც გასული საუკუნის დასაწყისში, როცა ქართველობას ისიც ვერ გაეგო, ვისი გორისა იყო, მაგრამ მოვიდნენ ქვეყნის საუკეთესო შვილები და ქვეყანა ფეხზე დააყენეს, ცნობიერება დაუბრუნეს.

ასე იქნება ახლაც, ჩვენს სულიერ ყიამეთში აუცილებლად გაჩნდება სინათლე და - სახელები, რომლებიც ერის სულიერ დაფაზე დაიწერება. გვერწმუნეთ, - მომავლიდან ბიჭები მოდიან და რა ბიჭები - ერთი ცხრას კი არა, ცხრაასს სჯაბნის. აი, თუნდაც ლევან ფიოლია:

- ლევან, გვითხრეს, ოქსფორდის უნივერსიტეტის კონკურსში გაგიმარჯვია და 900 კაცში პირველი გასულხარ, მართალია?

- ოქსფორდის უნივერსიტეტს წარმომადგენლობა თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს გახსნილი, მათ შორის საქართველოშიც, - კავკასიის აკადემიური ცენტრი. ამ ცენტრმა გამოაცხადა, რომ ოქსფორდი მსოფლიოში ინგლისური ენის საუკეთესო მცოდნე სტუდენტს იწვევდა. 1000 კაცი ვმონაწილეობდით. წლის ბოლოს მითხრეს, გაიმარჯვეო და გადაწყდა ოქსფორდში ჩემი წასვლაც. მერე გზის ფულის ნაწილი ოქსფორდმა გადამიხადა, ნაწილიც - "გუდვილმა". იქ არავის ვიცნობდი. უბრალოდ, მივედი, მოვუყევი ყველაფერი და, - დაგეხმარებითო.

მერე გავფრინდი ლონდონში. მივედი ოქსფორდში, იცით, რამ გამაკვირვა? იმხელა საუნივერსიტეტო ქალაქში ისეთი სიჩუმე დამხვდა, როგორიც ჩვენთან, ტაძრებში...

- და შეგეშინდა...

- არ შემშინებია. ამ გზას ჩემ მაგივრად ვერავინ გაივლიდა. ორი თვე უნდა ვყოფილიყავი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ 900 კაცს გავჯიბრებოდი. თანაც იმ 900 კაცის სახელი და გვარი უნივერსიტეტის შესასვლელში, ტაბლოზე ეწერა და ყოველდღე ვხედავდი, როგორ აკლდებოდა ხალხი... ბოლოს, სამნი დავრჩით, კიდევ ერთი კონკურსი გავიარეთ და პირისპირ მე და ერთი არაბი აღმოვჩნდით. აი, მაშინ კი შემეშინდა...

- რისი?

- იმისი, რომ ის არაბი ოქსფორდის უნივერსიტეტის კონკურსის ორგზის გამარჯვებული იყო. მეორეც, დარბაზში იმ 900 კონკურენტიდან 600 კაცი იჯდა (ასეთ დროს დარბაზში ყოფნაც პრიორიტეტია) და ჩვენი დებატები მათ თვალწინ უნდა გამართულიყო... ყველაფერი გადავლახე. არაბსაც ვძლიე. ახლა ოქსფორდის კლუბის წევრი ვარ. კლუბის წევრობის ბეჭედიც ახლახან გამომიგზავნეს...

- რა უპირატესობას განიჭებს ეს ბეჭედი?

- პირველ რიგში იმას, რომ როგორც კლუბის წევრმა შემიძლია ოქსფორდში რეკომენდაცია გავუწიო ქართველ სტუდენტებს და თანაც, ფასდაკლებით სწავლაში. ჩვენთვის ასეთ უნივერსიტეტებში სწავლა ჰაერივით აუცილებელია. მეორეც, ახლა შემიძლია ოქსფორდში რომელიმე ფაკულტეტი ამოვირჩიო და 150.000 გირვანქა სტერლინგის ფასდაკლებით ვისწავლო. უკვე ამოვირჩიე - მენეჯმენტი. სექტემბერში გავემგზავრები.

- მერე დაბრუნდები?

- ერთ რამეს გეტყვით: ეს გამარჯვება ოქსფორდში იმ 600-მა კაცმა, დარბაზში რომ იჯდა, ერთად მომილოცა. მაგრამ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ მარტო ვიყავი - მათ შორის ქართველი არ იყო. სიმარტოვემ წამიღო. მოკლედ, ასე მარტო ყოფნა არსად მინდა. ამიტომ აუცილებლად დავბრუნდები. მით უფრო, რომ დაბრუნება უკვე ვიცი, რაც არის - მე და ჩემი ძმა 6 წელიწადი ვცხოვრობდით ესპანეთში და მშობლებმა სულ კისრისტეხით გამოგვაქანეს, რადგან ძმებიც კი ვეღარ ველაპარაკებოდით ქართულად ერთმანეთს, შეეშინდათ, არ გადაგვარდნენო...