თვალი გაახილეთ, ბატონებო! - კვირის პალიტრა

თვალი გაახილეთ, ბატონებო!

თბილისის ცენტრალურ ქუჩებზე, დიდი ხანია, ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილი გაჩერებები ავტომობილების პარკინგის ზონად იქცა. ვინმეს კი არ დაუკანონებია ეს, მძღოლები საკუთარი ინიციატივით აჩერებენ მანქანებს უადგილოდ და მათ ამისთვის არავინ სჯის. ამაში დავრწმუნდი, როდესაც ცინცაძის (ძველი საბურთალოს) ქუჩაზე, სუპერმარკეტ "სმარტის" მიმდებარე გაჩერებას ვაკვირდებოდი.

აქ საათობით დგას მანქანები და თანაც არა იმ მოქალაქეებისა, ვინც სუპერმარკეტში შეირბინა და ავტომობილი რამდენიმე წუთით გააჩერა. გაჩერებაზე დგომა თითქმის შეუძლებელია. არც ავტობუსის მძღოლს ეძლევა მონიშნულ ზოლში გაჩერების საშუალება, რადგან აღარც ეს ზოლი არსებობს, წაშლილია და მისი სავარაუდო მონაკვეთიც - დაკავებული. ამ ავტომობილების მძღოლებს ვინმე რომ აჯარიმებდეს, აქ ხომ არ გააჩერებდნენ მანქანებს? ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ მათ ან ზეპირად დაუკანონეს პარკინგი, ან მართლწესრიგის დარღვევა გასდით. ამ დროს ხალხი იძულებულია, ავტომობილის სავალ ნაწილზე დადგეს და ისე დაელოდოს ტრანსპორტს, ან შემდეგ გაჩერებამდე ფეხით იაროს, თუ, რა თქმა უნდა, იქ მაინც დახვდება თავისუფალი ადგილი.

უცნაურია, რომ შესაბამისი სამსახურები ვერ ამჩნევენ ფოტოზე აღბეჭდილის მსგავს დარღვევებს. ალბათ, ვერც შეამჩნევენ, ვიდრე რაღაც უბედურება არ დატრიალდება და ვინმე არ აღმოჩნდება ავტომობილის საბურავებქვეშ. ასეთივე სურათია თამარაშვილის ქუჩაზე, ვაკეში.