"იქ, სადაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ, ფულის კეთება დაიწყეს" - კვირის პალიტრა

"იქ, სადაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ, ფულის კეთება დაიწყეს"

"ცინიზმია იმის თქმა, რომ იპოდრომთან უკვე გაზრდილ ხეს მოვჭრი და სადღაც გუდაურში ჩხირებს ჩავარჭობ. ეს არის კომპენსაცია?"

იპოდრომთან, თამარაშვილის ქუჩაზე, #13 კორპუსის წინ ისევ გაიჩეხა მრავალწლიანი წიწვოვანი ხეები. 13 ხის მოჭრისა და ოთხის დაზიანების საფუძველი გახდა თბილისის მერიის გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახურის უფროსის, ბიძინა გიორგობიანის მიერ კომპანია "არქი ჯგუფის" სახელზე გაცემული ნებართვა, სადაც წერია, რომ დეველოპერს 29 ხის მოჭრის უფლება აქვს.

მას შემდეგ, რაც ხეების ჭრაზე ხმაური ატყდა, გიორგობიანმა ჯერ საკუთარი დადგენილება გააუქმა, შემდეგ კი განაცხადა, ეს დადგენილება საჭირო ყოფილა, რადგან ამის გარეშე კომპანია„"არქი ჯგუფი" განაშენიანების რეგულაციის გეგმის განხილვაზე საკრებულოს თანხმობას ვერ მიიღებდა, ამიტომაც წინსწრებით მივეცი თანხმობა და მას შემდეგ, რაც საკრებულო გეგმას დაუმტკიცებდა,„"არქი ჯგუფი" ხეების მოჭრას შეძლებდაო(?!). საკრებულოში საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი და თამარაშვილის ქ. #13-ის საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები გიორგობიანის განცხადებას ალოგიკურს უწოდებენ. აცხადებენ, რომ მან ვანდალიზმის ნებართვა გასცა.

გიორგი შილაკაძე, საინიციატივო ჯგუფის წევრი: - ხის მჭრელმაც და ნებართვის გამცემმაც კარგად იცოდნენ, რომ ხმაური ატყდებოდა და ცდილობდნენ, იმდენი ხის მოჭრა მოესწროთ, რამდენიც მშენებლებს სჭირდებოდათ. 29 ხე იმისთვის ჩაწერეს, რომ გიორგობიანს ეთქვა, რამდენიმე ხე გადავარჩინეო. ნახეთ, რა პროექტის განხორციელებას ითხოვენ დეველოპერები ამ ტერიტორიაზე: ასაშენებელი ცხრა კორპუსიდან ერთ-ერთი 38-სართულიანია და აქ სუნთქვა კი არა, გავლაც შეუძლებელი იქნება.

ალექსანდრე ელისაშვილი, საკრებულოს დეპუტატი: - სამწუხაროდ, საკრებულომ მხოლოდ მოისმინა ბიძინა გიორგობიანის დანაშაული. არადა,კაცი, რომელიც პასუხისმგებელია ქალაქის გამწვანებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე (რისთვისაც მას ხელფასს უხდიან), საკრებულოს სხდომაზე დეველოპერული კომპანიის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელივით ლაპარაკობდა.

აცხადებდა, ეს კომპანიები ხეების მოჭრის გარეშე განაშენიანების რეგულირების გეგმას ვერ დაამუშავებენო.

გამწვანებისა და ეკოლოგიის სამსახური დეველოპერს საკრებულოში გეგმის განხილვამდე რომ აძლევს ხეების მოჭრის უფლებას და სამშენებლო არეალს უთავისუფლებს, ან არაპროფესიონალია, ან მიამიტი, ან კიდევ - უანგაროდ არ მოქმედებს. ამიტომაცვეჭვობ, მას ხეების მოჭრის განკარგულება უანგაროდ არ გაუცია.

ამ ტერიტორიას რეკრეაციული ზონის სტატუსი სააკაშვილი-უგულავას პერიოდში მოუხსნეს და მიწის ნაწილი, სადაც ამჯერად ხეები მოჭრეს, გია უდესიანის საკუთრება გახდა. ბოლო წლებში უდესიანმა სცადა ტერიტორიის გაყიდვა, ბევრი დეველოპერიც დაინტერესდა, მაგრამ მერე ყველამ ხელები გაასავსავა, რადგან მიხვდნენ, რომ აქ უზარმაზარი ხეების მოჭრაზე ამბავი ატყდებოდა. გამოჩნდა ერთადერთი შემსყიდველი, ცინიკურსახელიანი კომპანია "გრინ სიტი" ("მწვანე ქალაქი") და მან საერთო ენა გამონახა გიორგობიანთან.

- საკრებულომ სცადა ამ ფაქტის იურიდიული შეფასება?

- საკრებულომ "გაატარა" გიორგობიანის სამსახურებრივი გულგრილობა.

6 აპრილს, დავით ნარმანია საკრებულოში რომ მობრძანდა, მასთან დასალაპარაკებლად ხუთი წუთი მომცეს. ვთხოვე, თამარაშვილის ქუჩის მოსახლეობა ხეების მოჭრას აპროტესტებს, ფიქრობენ, რომ მეტი ხე მოიჭრება, იქნებ აიღოთ პასუხისმგებლობა, როგორც მერმა, რომ ეს არ მოხდეს-მეთქი. 27 აპრილს ხეები კვლავ მოჭრეს, ნარმანიამ კი გაოცებულმა განაცხადა, რატომ უნდა ვუსაყვედურო გიორგობიანსო?

იმიტომ, რომ ეს არის  უპასუხისმგებლობა და თანამდებობის ბოროტად გამოყენება. თუ ამდენს ვერ ხვდება მერი, რომელიც მილიონი ხის დარგვას გვპირდებოდა, საქმე მართლაც ძალიან ცუდად გვაქვს...

გიორგობიანის ამ განკარგულების გარეშე "არქი ჯგუფი" თუ "გრინ სიტი" ხეებს ვერ მოჭრიდნენ. ამასთან, მოსახლეობას ხმაური რომ არ აეტეხა, 30-ივე ხე მოიჭრებოდა. გიორგობიანმა  ბოროტად გამოიყენა თანამდებობა და კერძო კომპანიის სასარგებლოდ გაჩეხა მწვანე ზონა. ხალხს ატყუებენ, თითქოს მიწები სამშენებლო ნებართვით არის გაყიდული და მერიას საკანონმდებლო ვალდებულება აქვს, მშენებლებს ხელი შეუწყოს. მიწის ნაკვეთის ყიდვა იმას არ ნიშნავს, რომ იქ აუცილებლად კორპუსი უნდა ამოიზარდოს. თუ არქიტექტურის სამსახური ნებართვას არ გასცემს, მშენებლობის უფლება საიდან გაჩნდება?

- მერიაში აცხადებენ, რომ იპოდრომთან ხეების მოჭრის სანაცვლოდ "არქი ჯგუფი" სხვაგან, მაგალითად, ნუცუბიძის ფერდობზე რგავს ნერგებს.

- ცინიზმია იმის თქმა, რომ იპოდრომთან უკვე გაზრდილ ხეს მოვჭრი და სადღაც გუდაურში ჩხირებს ჩავარჭობ. ეს არის კომპენსაცია?

- საკრებულოსა და მერის არჩევამდე ითქვა, რომ ყველა სადავო მშენებლობაზე გაცემულ თანხმობას ხელახლა განიხილავდნენ.

- "ქართულ ოცნებას" უმრავლესობა ჰყავს საკრებულოშიც, მერიაშიც, პარლამენტშიც, მათი ერთობლივი შეთანხმებით უნდა შეიცვალოს ან გაუქმდეს ძველი, სადავო ან მავნებელი განკარგულებები. თუ მთავარ პოლიტიკურ ძალას ამის სურვილი აქვს, აღასრულებს კიდეც, მაგრამ ეს რომ გაკეთდეს, ბევრი ფულს ვეღარ იშოვის.

"ნაციონალების" დატოვებული მახინჯი კანონები მშვენივრად მოირგო ახალმა ხელისუფლებამ.

ყოველ შეხვედრაზე ვთხოვდით ბიძინა გიორგობიანს, მის სამსახურს მწვანე არეალების ინვენტარიზაცია ჩაეტარებინა და დაგვედგინა სკვერების, პარკების წითელი ხაზები, რათა ეს საკითხი სპეკულირების საშუალება აღარ ყოფილიყო. გვპირდებოდა, მაგრამ იქ, სადაც წესრიგი უნდა დაემყარებინათ, ფულის კეთება დაიწყეს.

P.S. გიორგობიანის განკარგულებას სამართლებრივად სწავლობს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". კვლევის დასრულებამდე იურიდიულ შეფასებებს ერიდებიან. დუმილს ამჯობინებს გიორგობიანიც.