"თბილისს ეკოკატასტროფა ემუქრება"
01-06-2015
"თბილისს ეკოკატასტროფა ემუქრება"
"ვფიქრობ, ხეებს ხელოვნურად ახმობენ, რათა მიწა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ"

დედაქალაქსა და მის შემოგარენში ხეები ხმება. განსაკუთრებით მძიმე დღეშია ლისისა­ და კუს ტბის, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიები, აღმაშენებლის ხეივანი, ვაშლიჯვრის, ნუცუბიძის ფერდობები...

ფრიდონ აბუთიძე ფოტომოყვარულია­ და კუს ტბაზე ხშირად  სეირნობს: - ბოლო დროს ნაგვის გროვებთან ერთად, უზარმაზარ გამხმარ ფიჭვებსაც ვნახულობ. ვფიქრობ, ხეებს ხელოვნურად ახმობენ, რათა მიწა კომერციული მიზნებისთვის გამოიყენონ. არაერთხელ მინახავს ჩამოჭრილი მიწა, საიდანაც ხის ფესვები ადამიანის ჩონჩხებივით მოჩანს.

გიორგი გაჩეჩილაძე,
"საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერი:
- საგანგაშო მდგომარეობაა. თბილისს ეკოკატასტროფა ემუქრება. ხეებს სოკოვანი დაავადება აქვს და ტალღასავით ედება სხვა მცენარეებს. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ლისის ტბაზე. დაავადება სწრაფი ტემპით ვრცელდება ვაკის პარკის ცენტრალურ ხეივანსა და ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზეც... ეს პრობლემა კომუნისტების დროიდან არსებობს. ხეები ხელოვნურად გააშენეს, მაგრამ
ხის ჯიშები ჩვენს კლიმატურ პირობებს­ ვერ შეეგუა, რადგან თბილისი ეკოლოგიურად დაბინძურებული ქალაქია... ავტომობილების გამონაბოლქვი ხეებზე ცუდად მოქმედებს­ და ადვილად ავადდებიან...

კარლო კიკორია, მცენარეთა ბიოლ­ოგიური დაცვის ცენტრის დირექტორი: - ნარგავები ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა და ნიადაგიდან საკვები უკვე ამოწურეს. მათ ხმობას უწყლობა­ და მოუვლელობაც განაპირობებს. გამონაბოლქვში არსებული ტყვიის ჭარბი შემცველობა ატმოსფეროში ხვდება და ნარგავებს აზიანებს. ვეჭვობთ, რომ ნიადაგიც და მცენარეებიც რადიოაქტიური ნივთიერებებით არის დაბინძურებული. ეს ჩერნობილის ავარიის შედეგებია, რამაც ხელი შეუწყო როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დაავადების გავრცელებას. თუ პრობლემას არ მიეხედა, თბილისი მწვანე საფარის გარეშე დარჩება.

ბიძინა გიორგობიანი, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების უფროსი:
- თბილისის გარშემო ფიჭვების ხმობა ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაიწყო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაშია შავი ფიჭვი. ხეებს რამდენიმე სახეობის მავნებელი ჰყავს. ჩვენ ამ პროცესის შეჩერება უკვე დავიწყეთ: 10 დღეში დასრულდება სატენდე­რო პროცედურები და გვეყოლება კონტრაქტორი, რომელიც 5400 ძირ გამხმარ ფიჭვს მონ­იშნავს. შემოდგომაზე, დარგვის სეზონიდან, მათ ნაცვლად რეზისტენტული ჯიშების ხეებს დავრგავთ, რომლებიც თბილისის­ კლიმატურ პირობებს კარგად ეგუებიან... დაავადებული ხეების გამოხშირვა და ახლით შეცვლა წლეულს დაიწყება, მაგრამ ეს პრობლემა ერთჯერადი აქციით ვერ მოგვარდება. თბილისის გარშემო განაშენიანება ლამის ასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ასე უცებ, ერთ სეზონზე, პრობლემას ვერ მოვაგვარებთ...

- ამბობენ, რომ ზოგჯერ განგებ აზიანებენ ხეებს, რათა მიწის ნაკვეთი კომერციული მიზნით გამოიყენონ...

- რამდენიმე შემთხვევა მართლაც გამოვლინდა, როდესაც არაკეთილსინდისიერმა მშენებლებმა ხეები შეგნებულად გაახმეს... შეიძლება ასეთები ახლაც არიან, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ მათზე ზედამხედველობის სამსახური "ნადირობს".

ლალი პაპასკირი
mavlinajaiani@gmaili.com
06 ივნისი 2015 00:10
უდლეველი რა კარგი კომენტარი დაგიცერიატ, გმერტმა გაგახარატ ასი პროცენტიტ მარტალი ხარტ.
უძლევი
05 ივნისი 2015 02:35
დღევანდელი ხელისუფლება ძველივით მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევა ბუნებისადმი. ისე იქცევიან თითქოს მოსწრებაზე არიან ვინ უფრო მეტს გამორჩება, გაანადგურებენ ხე-ტყეს, გაყიდიან მიწას, ფულს ჩაიდებენ ჯიბეში და კმაყოფილი სახეებით გადახედავენ გაოხრებულ სამშობლოს. თუ ქვეყნიდან გაქცევას აპირებთ და დღევანდელი დღით ცხოვრობთ, მაშინ თქვენი ადგილი ციხეში არის მთელი დარჩენილი ცხოვრება. ეს ცხოვრება არ არის მხოლოდ ადმიანის მუცლის გავსებისთვის შექმნილი მშიერმუცელა მონებო! ეს პლანეტა არ არის მხოლოდ ადამიანების საჯიჯგნად შექმნილი მშიერმუცელა მონებო! ბნელო და ბოროტო არაადამიანებო, შეიგნეთ: თქვენი შვილები შიმშილით და ავადმყოფობებით თქვენს თვალწინ დაიწყებენ კვდომას, ახალ-ახალი დაავადებების ტალღები წაიყვანენ გაღმა თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. ვეღარავინ, ვერანაირი ფული და ძალაუფლება ვეღარ გიშველით, აღარც საზღვარგარეთ გექნებათ წასასვლელი, რადგან იქ უარესი ეკოლოგიური კატასტროფა დატრიალდება, იქ ხალხი ერთმანეთის შეჭმას დაიწყებს. გაუფრთხილდით ბუნებას და ისწავლეთ მისი დაცვა, ისწავლეთ ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრება თორემ ერთს დაამცხიკებს ეს პლანეტა და დედაბუდიანად ამოვწყდებით ყველა, მდიდარიც და ღარიბიც.

რედაქტორის რჩევით