"დღე ტუალეტი", ღამე საწყობი! - კვირის პალიტრა

"დღე ტუალეტი", ღამე საწყობი!

ჩვენს ქალაქში თითქოს რაღაც სასიკეთოდ იცვლება, მაგრამ არა ჩვენი ბაზარი, - გარე მოვაჭრეებს, რომლებიც პირდაპირ ასფალტზე, ნაგავში ყიდიან დამჭკნარ, მზისგან მოხარშულ და წყლის გამუდმებული "შეშხაპუნებით" გაბერილ ბოსტნეულს, ცხოველისა თუ ფრინველის ხორცს, შედარებით სიიაფის  გამო მუშტარი ყოველთვის ჰყავს...

თუკი გასაყიდი დარჩება რაიმე, ბაზრების ტერიტორიაზე პროდუქტის შენახვა ნებისმიერ ადგილზე შეიძლება...

ბოლო დროს აქ პროდუქტის თუ სხვადასხვა წვრილმანის შენახვის ახალი "პუნქტები" გაჩნდა - ბიოტუალეტები, სადაც პროდუქტებს მაშინ ინახავენ, როცა ბაზრიდან უკანასკნელი კლიენტი წავა. ოღონდ არა იმიტომ, რომ ვინმესი ეშინიათ, არამედ იმიტომ, რომ ვაჭრობა მთავრდება...

დილით კი ამ ტუალეტებს მოვაჭრეები მეპატრონეებისაგან დატოვებული გასაღებებით აღებენ და უნიტაზის გარშემო შემოწყობილი პროდუქტით სავსე ყუთები სავაჭროდ გამოაქვთ... ამ პროცესის მოწმე დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე თავად გახლდით. მოვაჭრე ქალბატონმა დახლი აკეცა და ბიოტუალეტში შეალაგა ყუთები და გასაღებიც გულმოდგინედ ჩაიდო ჯიბეში.

ასე რომ, "მორჩა ბაზარი" ჩვენს ცივილიზებულობაზე... მაგრამ კითხვას - "რა გვეშველება", პასუხი მაინც არ აქვს!